ას-202-195-2012 19 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა საჯარო რეესტრში ბ. მ-ის სახელზე რეგისტრირებული – თბილისში, შ-ას ქუჩა #45, ბინა #17-ის 5/12 წილზე ნ. მ-ის მესაკუთრედ ცნობა და ბ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მას და ნადეჟდა კვანტალიანს შორის 1997 წლის 06 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და იგი წარმოადგენს სადავო ქონების კეთილსინდისიერ შემძენს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, 1997 წლის 06 დეკემბერის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ნ. მ-ე აღიარებულია არაკეთილსინდისიერ შემძენად, რის გამოც აღნიშნული ხელშეკრულება გაბათილდა, ამდენად, ბ. მ-ემ მოსარჩელის პოზიცია სამართლებრივად უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილება და ნ. მ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სამოქალაქო სააპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები, ვინაიდან უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის სარჩელის საგანს წარმოადგენდა კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებების შეტანა, ხოლო განსახილველი დავის საგანს კი, წარმოადგენს სადავო ბინის 5/12 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელე ბინის კეთილსინდისიერი შემძენი იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იგივე სარჩელზე. სარჩელი იგივეა, თუ იგივეა სასარჩელო მოთხოვნა, სარჩელის საფუძველი და იგი აღძრულია იმავე მხარეებს შორის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. მ-ის მიერ ბ. მ-ის მიმართ 2011 წლის 23 თებერვალს აღძრული სარჩელის დავის საგანს წარმოადგენდა თბილისში, შ-ას ქუჩა N45–17–შიმდებარე ბინის 5/12 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ე წარმოადგენდა ბინის კეთილსინდისიერ შემძენს.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. მ-ის სარჩელი ნ. მ-ის მიმართ და ბ. მ-ე ცნობილ იქნა თბილისში, შ-ას ქუჩა N45–17–ში მდებარე ბინის 5/12 ნაწილის მესაკუთრედ, ხოლო 1997 წლის 06 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბინა გადაეცა ნ. მ-ეს, ბათილად იქნა ცნობილი ბ. მ-ისათვის მიკუთვნებული ქონების გადაცემის ნაწილში (ტომი 1–ლი, ს.ფ. 96–100). აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, ნ. მ-ის შესაგებელი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ იგი წარმოადგენდა სადავო ბინის კეთილსინდისიერ შემძენს, ხოლო ბ. მ-ის უფლების დამდგენი გადაწყვეტილება ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.(ტომი 1–ლი, ს.ფ. 96–97). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 03 ივნისის განჩინებით მისი უცველელად დატოვების შედეგად (ტომი 1–ლი, ს.ფ. 101–102).
ასევე დადგენილია, რომ, როგორც უკვე განხილულ და გადაწყვეტილ, ასევე მიმდინარე დავაში ერთი და იგივე მხარეები იდენტური საპროცესო სტატუსით მონაწილეობდნენ, ერთი და იმავე დავის საგნითა და საფუძვლით, კერძოდ, ორივე შემთხვევაში განხილვის საგანია თბილისში, შ-ას ქუჩა N45–17–ში მდებარე ბინის 5/12 ნაწილთან დაკავშირებული ნ. მ-ისა და ბ. მ-ის უფლებები, რომლებიც ორივე შემთხვევაში გამომდინარეობს ნ. მ-ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიღებული უფლებისგან (მოპასუხის შესაგებელი, საქმე N 2/6913–06) და ბ. მ-ისათვის სამკვიდროს სახით მიღებულ უფლებისგან. (მოსარჩელის მოთხოვნა, საქმე N 2/6913–06). ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას მასზე, რომ ზემოთ დასახელებულ დავებში დავის საგანი განსხვავებული იყო, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.