Facebook Twitter
saqme #as-571-539-2011 25 maisi, 2011 weli

№ას-205-198-2012 6 აპრილი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. გ-ა, თ. გ-ა, ო. ქა-ა, მ. ფ-ა, მ. პ-ი, პ. პ-ი, ი. ზ-ა, ნ. მ.-ი და სხვათა მიმართ

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,ს. გ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ას, თ. გ-ას, ო. ქა-ას, მ. ფ-ას, მ. პ-ის, პ. პ-ის, ი. ზ-ას, ნ. მ.-ისა და სხვათა მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ს. გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ს. გ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე 2002 წლის 11 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 20 სექტემბერს განცხადებით მიმართა გ. ო-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 იანვრის განჩინებით გ. ო-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სს ,,ს. გ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,ს.-გ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და თბილისში, აეროდრომის დასახლების მე-11 ქ. №3-ში მდებარე შენობიდან გამოსახლებულ იქნენ: ლ. გ-ა, თ. გ-ა, ო. ქა-ა, ს. ქა-ა, მ. ქა-ა, მ. ფ-ა, მ. პ-ი, პ. პ-ი, ლ. გ-ა, ს. გ-ა, მ. ლიპარტია, ს. ლიპარტია, ს. თ-ა, ლ. თ-ა, შ. თ-ა, მ. გ-ა, ნ. მ.-ი, მ. მ.-ი, გ. მ.-ი, მ. მ.-ი, ნ. თ-ი, მ. ნ-ა-ი, ი. ზ-ა, მ. ზ-ა, ნ. კ-ე, ნ. ლ-ა, ა. რ-ე, ფ. ხ-ი, რ. ხ-ი, ჯ. გ-ე, ა. გ-ე. ლ. გ-ას, ო. ქა-ას, ლ. ფ-ას, ლ. გ-ას, მ. გ-ასა და მ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფიlდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2009 წლის 11 მაისიდან გ. ო-ი არის თბილისში, მესამე მასივში, აეროდრომის დასახლების ქუჩა 11-ში, მე-3 კორპუსში მდებარე 34-ე ბინის მესაკუთრე, ანუ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ვინდიცირებული ფართის ნაწილის მესაკუთრე. ამდენად, გ. ო-ი განცხადებით ითხოვს, როგორც შესაბამისი ფართიდან ვინდიცირების ნაწილში სს „,ს. გ-ის“ უფლებამონაცვლე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 მარტის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2002 წლის 11 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია სს „ს. გ-ა“, ხოლო მოვალე მ. პ-ი, პ.პ-ი, მ. ფ-ა და სხვები, ამჟამად, აღსრულებულია და საქმე გადაგზავნილია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში“. გამომდინარე იქიდან, რომ დასტურდება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი, არ არსებობს უფლებამონაცვლის სააღსრულებო ფურცლის გაცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან, თუ გ.ო-ს, როგორც უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეს, პრეტენზია გააჩნია უძრავი ქონების ამჟამინდელი მფლობელების წინააღმდეგ, უფლება აქვს, დამოუკიდებელი სარჩელით მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთო წესის დაცვით. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ ამჟამად უკვე გასულია აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა (სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლი). ამასთან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, ეს ვადა გასულიც რომ არ იყოს, დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი და არ არსებობს მასზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ო-მა იმ დასაბუთებით, რომ სააღსრულებო წარმოება არასწორად არის შეწყვეტილი და რეალურად გამოსახლებულა არ განხორციელებულა, შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, გასცეს სააღსრულებო ფურცელი, რადგან მის გარეშე იძულებით გამოსახლება ვერ ხერხდება. რაც შეეხება, ახალი სარჩელის წარდგენას, აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინებით წარმოება შეწყდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ო-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 11 მაისიდან გ. ო-ი არის თბილისში, მესამე მასივში, აეროდრომის დასახლების ქუჩა 11-ში, მე-3 კორპუსში მდებარე 34-ე ბინის მესაკუთრე, ანუ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით ვინდიცირებული ფართის ნაწილის მესაკუთრე. საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2011 წლის 30 მარტის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ 2002 წლის 11 მარტს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია სს „ს. გ-ა“, ხოლო მოვალე მ. პ-ი, პ.პ-ი, მ. ფ-ა და სხვები - ამჟამად, აღსრულებულია და საქმე გადაგზავნილია სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს არქივში“.

კერძო საჩივრის ავტორი არაკანონიერად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 იანვრის განჩინებას და მიუთითებს, რომ სასამართლო ვალდებული იყო, მის სახელზე გაეცა სააღსრულებო ფურცელი, რადგან გ.ო-ი წარმოადგენდა სს „ს. გ-ის“ უფლებამონაცვლეს თბილისში, მესამე მასივში, აეროდრომის დასახლების ქუჩა 11-ში, მე-3 კორპუსში მდებარე 34-ე ბინის საკუთრების ნაწილში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების სტადიაზეც. საპროცესო უფლებამონაცვლეობა გულისხმობს საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების ერთი სუბიექტიდან მეორეზე გადასვლას, უფლებამონაცვლის მიერ წინამორბედი სუბიექტის (მოსარჩელის, მოპასუხის, ასევე მესამე პირის) საპროცესო მდგომარეობის დაკავებას.

სააღ­სრუ­ლე­ბო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. მოცემული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ, თუ დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი, მასზე ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის წინაპირობები არ არსებობს, რადგან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ აღსრულებულა და რომლის იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის 10 - წლიანი ვადა გასული არ არის. სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში, რაც შეიძლება გამოიხატოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის, იძულებით აღსრულების მოთხოვნით და ა.შ. ხანდაზმულობის ვადის გასვლა უფლებამოსილ პირს უკარგავს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის უფლებას. კანონმდებელმა ამ საკითხის მიმართ დააწესა ხანდაზმულობის სპეციალური ვადა 10 წელი და, ამ ვადის გასვლის გამო, გადაწყვეტილებას იურიდიული ძალა ეკარგება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს უარი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე საფუძვლიანია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 მარტის განჩინებით სასამართლომ გ.ო-ი სს „ს. გ-ის“ უფლებამონაცვლედ მიიჩნია, ხოლო მისი სარჩელის საფუძველზე წარმოებული სამოქალაქო საქმე შეწყვიტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული განჩინების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, თუმცა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. აღნიშნული ნორმის ანალიზით, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე სარჩელზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს მოპასუხეების მიმართ ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე სარჩელის შეტანის უფლება აქვს, როგორც პროცესუალურსამართლებრივად, (რადგან დადგენილია გადაწყვეტილების აღსრულების ფაქტი და გასულია გადაწყვეტილების აღსრულების ათწლიანი ვადა), ასევე მატერიალურსამართლებრივადაც, კერძოდ:

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის აღიარებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როდესაც შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ვინდიკაციური სარჩელის არსი საკუთრების აბსოლუტური ბუნებიდან მომდინარეობს, რაც გულისხმობს მესაკუთრის თავისუფლებას, ნებისმიერ დროს დაეუფლოს კუთვნილ ნივთს ან ისარგებლოს ამ ნივთით, მათ შორის, მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

ამდენად, მესაკუთრეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს მის საკუთრებაში არსებული ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. კონკრეტულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს, რომ მესაკუთრე გ.ო-ის უფლება შელახულია. შელახვის განმეორებითი ფაქტი, თუნდაც ერთხელ უკვე სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილი, რომელსაც რეალური შედეგი არ მოჰყოლია (არ აღსრულებულა) დაცულია მანამ, სანამ მოსარჩელე მესაკუთრეს სადავო საგნის - უძრავ ნივთზე კანონით გარანტირებული საკუთრების უფლების მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესი გააჩნია. შესაბამისად, გ.ო-ის უფლება სასამართლო წესით დარღვეული უფლების დაცვაზე, შეუზღუდავია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ო-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 4 იანვრის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ო-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 იანვრის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.