ას-207-200-2012 5 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. დ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ს. ბ-ი, მ. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. დ-ამ და მ. ტ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს. ბ-ისა და მ. გ-ას წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის - დუშეთის მუნიციპალიტეტში 2011 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ასა და მ. ტ-ის სარჩელი მოპასუხეების: ს. ბ-ისა და მ. გ-ას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. დ-ამ და მ. ტ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა დაა შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ 150 ლარისა) დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტების ე. დ-ას და მ. ტ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ე. დ-ასა და მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ აპელანტებს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2011 წლის 30 დეკემბერს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 9 იანვარი, ხოლო აპელანტებმა სასამართლოს მიმართეს მხოლოდ 2012 წლის 11 იანვარს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ვითარება _ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, იძლეოდა საფუძველს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. დ-ამ, მოითხოვა მისი გაუქმება და ხარვეზის შევსებულად ჩათვლა იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ახალი წლების შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 3 იანვრიდან და, შესაბამისად, ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც ცხადყოფდა, რომ მის მიერ ხარვეზი გამოასწორებული იყო. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ე. დ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა დ,ა შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (არანაკლებ 150 ლარისა) დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით აპელანტების ე. დ-ას და მ. ტ-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
საქმის მასალების თანახმად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს, კერძოდ, მათ წარმომადგენელ გურამ კალატოზიშვილს, ჩაბარდა 2011 წლის 30 დეკემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე გ. კალატოზიშვილის ხელმოწერით (იხ. ტ.2, ს.ფ. 16). აღნიშნული გარემოება კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2012 წლის 9 იანვარს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ. მათ ხარვეზი გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 11 იანვარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ მან ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო ახალი წლების შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 3 იანვრიდან და, შესაბამისად, ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, რაც ცხადყოფდა, რომ მის მიერ ხარვეზი გამოასწორებული იყო. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით აპელანტს ხაზგასმით დაევალა, მისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. ამდენად, აპელანტს სათანადოდ განემარტა მისი საპროცესო ვალდებულებანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ ე. დ-ასა და მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. დ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.