ას-212-205-2012 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-სა“ და ს. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეთათვის, მის სასარგებლოდ, სოლიდარულად – 15924 ლარის გადახდა იმ საფუძვლით, რომ 2010 წლის აგვისტოში შპს „ა-ის“ დირექტორისა და ამავე შპს-ს პარტნიორ ს. ბ-ის დავალებით შეიძინა 15924 ლარის ღირებულების მცენარეთა დაცვის საშუალებები (პრეპარატები), რითაც დაამუშავა ს. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან სოლიდარულად გადაუხადონ პრეპარატების ღირებულება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. ბ-ს გ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 8524.20 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-მა, მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო ინსტანციაში თვით აპელანტის (მოპასუხის) – ს. ბ-ის წარმომადგენლებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) გ. ნ-ის მიერ 2010 წლის აგვისტოში შპს ,,ლუ-აგან’’ შეძენილი მცენარეთა დაცვის პრეპარატები, 15 924.20 ლარის ღირებულების, მოხმარდა ს. ბ-ის მიერ იჯარით აღებულ 100 ჰა მიწის ნაკვეთში დათესილ სიმინდს.
მითითებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე (მოსარჩელის ახსნა–განმარტება, მოწმეთა ჩვენებები, პრეპარატების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, მხარეთა ხელმოწერით დადასტურებული აქტი), სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის აგვისტოში გ. ნ-სა და ს. ბ-ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო დავალების ხელშეკრულება, რომლითაც ს. ბ-მა გ. ნ-ს დაავალა მისი 100 ჰა საიჯარო ნაკვეთში სიმინდის ნათესის პრეპარატებით დამუშავება. რის შემდეგ გ. ნ-მა, ს. ბ-ის დავალებით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ლუ-აგან’’ შეიძინა 15924.20 ლარის ღირებულების მცენარეთა დაცვის პრეპარატები, რომლებიც ალექსი კიკილაშვილმა და რევაზ ლომთათიძემ ორ ნაწილად მიიტანეს ს. ბ-ის საიჯარო მიწის ნაკვეთში და მთლიანად შეწამლეს იგი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. ნ-ს, მითითებული პრეპარატების ღირებულების ასანაზღაურებლად, ს. ბ-ისაგან მიღებული ჰქონდა 7400 ლარის ღირებულების 16600 კგ. სიმინდი (ამ ნაწილში გ. ნ-ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და იგი შევიდა კანონიერ ძალაში).
სასამართლოს მითითებით, დღესდღეობით მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენდა მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად შესრულება. კერძოდ, აპელანტის მითითებით, მან გ. ნარინდშვილს გადასცა როგორც 7400 ლარის ღირებულების 16600 კგ. სიმინდი (რასაც მოსარჩელე სადავოდ არ ხდის), ასევე, 11250 ლარის ღირებულების 25000 კგ სიმინდიც, რაც ცხადყოფდა ,ს. ბ-ის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ს. ბ-მა გ. ნ-ს ასევე გადასცა 11250 ლარის ღირებულების 25000 კგ სიმინდი, აკისრია მოპასუხე მხარეს (აპელანტს), რომელიც აღნიშნულ გარემოებას სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვერ ადასტურებს. რაც შეეხება თავად მხარის (მოპასუხის) ახსნა-განმარტებას, პალატამ იგი სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად არ მიიჩნია, რადგან იგი არ დასტურდებოდაა სხვა რაიმე მტკიცებულებით.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 709-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ს. ბ-მა გ. ნარინდშვილს დაავალა საიჯარო მიწის ნკვეთის მცენარეთა დაცვის პრეპარატებით დამუშავება, რომლის ღირებულება მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა მოსავლის აღების შემდეგ, ანუ მხარეებს შორის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე გ. ნ-მა შეასრულა ს. ბ-ის დავალება, მან შპს,,ლუ-გან’’ შეძენილი 15924.20 ლარის ღირებულების მცენარეთა დაცვის პრეპარატებით მთლიანად დაამუშავა ს. ბ-ის 100 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 717.1-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში გ. ნ-ს, გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად, ს. ბ-ისაგან მიღებული ჰქონდა 7400 ლარის ღირებულების 16600 კგ. სიმინდი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან დავალების ხელშეკრულების საფუძველზე გ. ნ-მა შპს ,,ლუ-გან’’ შეიძინა 15924.20 ლარის ღირებულების მცენარეთა დაცვის პრეპარატები, რომლის ღირებულების ასანაზღაურებლად, მოპასუხისგან მიღებული ჰქონდა 7400 ლარის ღირებულების 16600 კგ. სიმინდი, მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაკისრებოდა 8524.20 ლარის ანაზღაურება (15924.20–7400).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, სასამართლო არ დაინტერესებულა გამოერკვია ს. ბ-სა და გ. ნ-ს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობდა თუ არა მესამე პირი, რომელსაც გააჩნდა უფლებამოსილება, რომ მიეღო ს. ბ-ის მიერ გ. ნ-ისათვის გადაცემული 44 ტონა სიმინდის ნაწილი. ამდენად, მითითებული განჩინებით, მაშინ, როდესაც ს. ბ-ს გადახდილი აქვს მოსარჩელისათვის ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება, ფაქტობრივად უსაფუძვლოდ მდიდრდება გ. ნ-ი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების არაკანონიერებაზე მიუთითებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 მარტის განჩინებით ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (427 ლარი) 70% –298.9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ს. ბ-ს (პირადი №2...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ნუგზარ კანდელაკის მიერ №4916954 სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 28 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (427 ლარი) 70% –298.9 ლარი.
3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.