Facebook Twitter

ას-216-208-2012 30 აპრილი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შპს ,,ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ი-ი“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ი-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. რ-ის“ მიმართ და მოითხოვა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 1 ოქტომბერს, ერთი მხრივ, შპს „ს. რ-ასა“ და, მეორე მხრივ, შპს „ი-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება შს/10-309 საქონლის შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ი-მა“ შპს „ს. რ-ას“ მიაწოდა დიზელის სამონტაჟო ავტომატრისა, რის სანაცვლოდაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა დღგ-ს გარეშე 609 000 შვეიცარული ფრანკი. მოსარჩელის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიუხედავად, შპს „ს. რ-ა“ დღემდე თავს არიდებს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2010 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რკინიგზისათვის ამავე ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე დიზელის სამონტაჟო ავტომატრისას ბურღით მიწოდებაზე. ვინაიდან, მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონლის ტექნიკური მაჩვენებლები განსხვავდებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის საგნის პარამეტრებისაგან, 2011 წლის 14 იანვარს კომისიამ გამოცადა ავტომატრისა, რის შესახებაც შედგა ქმანი. მიწოდებული საქონლის კომისიის მიერ ორჯერ გამოცდის მიუხედავად, ვიანიდან ვერ მოხერხდა ავტომატრისის ტექნიკური პასპორტის შედარება მოთხოვნილ პარამეტრებთან, მოპასუხემ 2011 წლის 21 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა საექსპერტო დასკვნის მომზადება - შპს „ი-ის“ მიერ მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა თუ არა ხელშეკრულებით გათვალისიწნებულ პირობებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. 2011 წლის 21 თებერვლის ექსპერტის დასკვნით გაირკვა, რომ მიწოდებული ავტომატრისა თავისი ტექნიკური შესაძლებლობით აკმაყოფილებდა ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს შპს „ს. რ-ისათვის“ საქონელი უნდა მიეწოდებინა 2010 წლის 31 დეკემბერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული თანხის 0,1%. საქონლის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2011 წლის 24 თებერვალს. შესაბამისად, 2011 წლის 1 იანვრიდან 23 თებერვლამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 55 დღეს, ხოლო დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 62 521.77 ლარს, რაც გაიქვითა მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი ღირებულების ანგარიშში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ს. რ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57 156.3 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელსა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება საქონლის მიწოდებაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მიეწოდებინა მოსარჩელისათვის ერთი ცალი ფასების ცხრილით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე დიზელის სამონტაჟო ავტომატრისა, ბურღით (ორმოს ამომთხრელი მექანიზმი) მარკით აგდ-1. ხელშეკრულების საერთო ღირებულება დღგ-ს გარეშე განისაზღვრა 609000 შვეიცარული ფრანკით. ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ეროვნული ვალუტით_ლარით. საქონელი უნდა მიეწოდებინათ არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა. მიწოდების ადგილად განისაზღვრა: ელექტროსამონტაჟო სამმართველო, მისამართი: ქ. სამტრედია, ვ-ას ქუჩა №25-ა. მხარეთა შეთანხმებით საქონელი მიწოდებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად. ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოზე შეთანხმებას, კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

მიწოდებული საქონლის საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 341 376.09 ლარით, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა 1 278 854.32 ლარი, ხოლო 62521.77 ლარი მოპასუხემ მოსარჩელეს დაუკავა პირგასამტეხლოს ანგარიშში. მოპასუხემ პირგასამტეხლო გაიანგარიშა 55 დღეზე 2011 წლის 1 იანვრიდან 23 თებერვლამდე, 2010 წლის 31 დეკემბერს ამოიწურა საქონლის მიწოდების ვადა, ხოლო 2011 წლის 24 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მოსარჩელემ მოპასუხეს ფაქტობრივად საქონელი, ნაცვლად არა უგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა, მიაწოდა 2011 წლის 4 იანვარს, 2011 წლის 14 იანვარს მოპასუხის მიერ შექმნილი კომისიის მიერ ჩატარდა ავტომატრისას გამოცდა, რის შესახებაც შედგა ქმანი, ვინაიდან ვერ მოხეხრდა ავტომატრისის ტექნიკური პასპორტის შედარება მოთხოვნილ პარამეტრებთან, მოპასუხემ 2011 წლის 21 იანვარს მიმართა სსიპ_ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ტექნიკური მახასითებლებისადმი შესაბამისობის დასადგენად. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 2011 წლის 21 თებერვალს გასცა დასკვნა, დასკვნის საფუძველზე მხარეებს შორის 2011 წლის 24 თებერვალს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა უნაკლო საქონელი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი თავად მოპასუხის ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, კერძოდ, სსიპ_ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2011 წლის 21 თებერვალს გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომატრისა „აგდ-1“ თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით მთლიანად აკმაყოფილებს ხელშეკრულებაში მითითებულ პირობებს, იგი ტექნიკურად გამართულია და ვარგისია ექსპლუატაციისათვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის უნაკლო საქონლის მიწოდების ფაქტი დასტურდება მოპასუხის მხრიდან ისეთი მოქმედებების განუხორციელებლობით, როგორიცაა: ხელშეკრულების მოშლა, ნივთის ნაკლის გამოსწორების ან ფასის შემცირების მოთხოვნა, პირიქით, მოპასუხემ მიიღო მოსარჩელისაგან საქონელი, აუნაზღაურა მისი ღირებულების ნაწილი და შედავება განახორციელა მხოლოდ საქონლის მიწოდების ვადის დარღვევისათვის, რის გამოც პირგასამტეხლოს ანგარიშში დაუკავა თანხა. მოსარჩელემ მოპასუხეს საქონელი მიაწოდა 2011 წლის 4 იანვარს, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის მხოლოდ 4 დღით და არა 55 დღით დაგვიანებით. მართალია, ხელშეკრულების თანახმად, საქონელი მიწოდებულად ჩაითვლებოდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მაგრამ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტი დროულად ვერ გაფორმდა, არა მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდების ვადის 55 დღით დარღვევის გამო, არამედ მოპასუხის მხრიდან საქონლის ვარგისიანობის შემოწმებაზე გარკვეული დროის საჭიროების გამო.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა მოპასუხეს საქონელი, ხოლო მოპასუხემ არ აანაზღაურა მიწოდებული საქონლის ღირებულება ოთხი დღის პირგასამტეხლოს (5365.5 ლარის) გამოკლებით, რაც შეადგენდა 57156.3 ლარს.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ საქონლის მიწოდების ვადა დაარღვია მხოლოდ 4 დღით და არა 55 დღით, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილი იყო, დაეკავებინა მოსარჩელისათვის გადასახდელი საზღაურიდან თანხა მხოლოდ 4 დღის და არა დამატებით 51 დღის პირგასამტეხლოს ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 14 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“ შემდეგი დასაბუთებით: განსახილველ შემთხვევაში შს/10-303 ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის საგანზე, რომ მოსარჩელე რკინიგზას მიაწოდებდა ფასების ცხრილით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე დიზელის სამონტაჟო ავტომატრისას, ბურღით (მარკით აგდ-1ა). საქონლის მიწოდება უნდა მომხდარიყო 2011 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებაზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2011 წლის 24 თებერვალს, ანუ, 55 დღის დაგვიანებით. ამდენად, შპს ,,ი-მა’’ ვალდებულება შეასრულა 55 დღის დაგვიანებით, რის გამოც, ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარეს არა 4, არამედ 55 ვადაგადაციებულ დღეზე დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%. დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა გაიქვითა მიწოდებული საქონლის ასანაზღაურებელი ღირებულების ანგარიშში და მოსარჩელეს, ნაცვლად 1 341 376.09 ლარისა, აუნაზღაურდა 57 156.3 ლარით ნაკლები. ამდენად, ვალდებულების 55 დღის დაგვიანებით შესრულების გამო, შპს ,,ი-ს’’ სწორად გაექვითა პირგასამტეხლოს თანხა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. კასატორი სადავოდ მიიჩნევს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 6 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2897.82 ლარის 70% _ 2028.47 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

შპს „ს. რ-ას“ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 2012 წლის 6 თებერვალს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 2897.82 ლარის 70% _ 2028.47 ლარი ( 2012 წლის 6 თებერვალი, საგადასახადო დავალება №50 ) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.