ას-218-210-2012 5 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – სესხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის – 21000 აშშ დოლარის, პროცენტის – 4900 აშშ დოალრისა და პირგასამტეხლოს – 2011 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 0,3%-ის დაკისრება.
ლ. ბ-მა თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოითხოვა ი. გუმვბერიძემ ლ. ბ-ს გადასცეს სესხის თანხა - 3000 აშშ დოლარი, შეწყდეს სესხზე პროცენტის დარიცხვა და ასევე, ლ. ბ-ისათვის სესხის გადახდის გრაფიკის დადგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ი. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ლ. ბ-ს ი. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 21 000 აშშ დოლარი, სარგებელი (2011 წლის მარტიდან 2011 წლის ივლისის ჩათვლით) 4 900 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2011 წლის 29 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე 21 000 აშშ დოლარის 0,015% დღეში 3,15 აშშ დოლარი, ლ. ბ-ს ი. გ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 516,45 ლარის გადახდა, აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, მ-ის შესახვევი 27, ფართი 35.01 კვ.მ, საკადასტრო კოდი ..., ი. გ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 794,55 ლარი, ლ. ბ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა 57,05 ლარი, ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით ნ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა იმ საფუძვლით, რომ მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო ავადმყოფობით, თუმცა ვერ შეძლო აღნიშნულთან დაკავშირებით ეცნობებინა სასამართლოსათვის და არც ტელეფონზე დარეკვის საშუალება გააჩნდა, შესაბამისად, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც აცნობა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. სასამართლოში მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლოს შეუძლია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამატებითი გამოკვლევის გარეშე, მიიჩნიოს დამტკიცებულად, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნა 2011 წლის 14 დეკემბერს 11 საათსა და 30 წუთზე, რის შესახებაც აპელანტ ლ. ბ-ს ეცნობა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ტელეფონის საშუალებით (ტ.2, ს.ფ. 35, ტელეფონის ნომერი მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში), მაგრამ დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე იგი არ გამოცხადდა და წარმოადგინა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს ხდომის გადადების მოთხოვნით ავადმყოფობის გამო.
საქამის მასალებით ირკვევა ასევე, რომ 2011 წლის 14 დეკემბრის საოქმო განჩინებით აპელანტ ლ. ბ-ის წერილობითი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა გადაიდო 2012 წლის 11 იანვარს 14 საათზე, რის შესახებაც აპელანტ ლ. ბ-ის ოჯახის წევრს დას ლ. ს-ს ეცნობა საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ტელეფონის საშუალებით (ტ.2, ს.ფ. 57), თუმცა დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც რაიმე განცხადება გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ წარმოუდგენია, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ლ. ბ-ი თავის გამოუცხადებლობის მიზეზად უთითებს ავადმყოფობას, რის დასადასტურებლადაც წარმოდგენილი აქვს ექიმი-ნერვოპათოლოგის მ. შ-ის მიერ 2012 წლის 9 იანვარს გაცემული საავადმყოფო ფურცელი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა აღნიშნულ მტკიცებულებას და ლ. ბ-ის გამოუცხადებლობისა და ამის შესახებ სასამართლოსათვის შეუტყობინებლობის საპატიო მიზეზად არ ჩათვალა, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება, კერძოდ, ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებსაც შეეძლოთ მხარისათვის ხელი შეეშალათ. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი კი, ხსენებული ნორმის დანაწესს არ შეესაბამება, ვინაიდან მითითებულ დოკუმენტს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი არ აწერს ხელს. ამასთან, აპელანტს ავადმყოფობის შესახებ თავის დროზე, ანუ სხდომამდე არ უცნობებია სასამართლოსათვის, რისი ვალდებულებაც მას ჰქონდა სსსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით და შეეძლო კიდეც აღნიშნულის გაკეთება, ვინაიდან იგი ამბულატორიულ მკურნალობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 9 იანვრიდან, სააპელაციო სასამართლოს სხდომა კი დანიშნული იყო ამავე წლის 11 იანვარს. ამდენად, კერძო საჩივარში მითითებული მოტივი მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიოობის შესახებ, არ ექვემდებარება გაზიარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.