Facebook Twitter
#as-110-389-08

ას-219-211-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ა, ნ. ლ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ სესხის თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (სარჩელში), სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი მ. ი-ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ი-ს ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხისათვის სარგებელი 3750 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო 7637.50 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე 2011 წლის 22 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლო ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0.05%-ის ოდენობით, რაც ერთ დღეზე 25 აშშ დოლარს შეადგენდა, ვალდებულების მ. ი-ის მიერ ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში დადგინდა მ. ი-ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე, ქ.თბილისში, ვ-ას გამზ. №30ა რეალიზაცია. მ. ი-ის სააპელაციო საჩივარი 2009 წლის 13 თებერვლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გააჩივრა მ. ი-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაიო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 1819.35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადსტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2012 წლის 14 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალა 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გასდახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინება 2012 წლის 19 მარტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით, ეცნობა კასატორის წარმომადგენელს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1819,35 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. ამავე სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩჲნების ჩაბარებიდან 5 დღით და დაევალა 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელს ლ. ბ-ას (იხ. მინდობილობა, ტომი 2, ს.ფ. 88-89) ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (...) სატელეფონო შეტყობინებით 2012 წლის 19 მარტს. რაც ითვლება სასამართლო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 73.1 მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 26 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.