ას-223-215-2012 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ. კ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ. კ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის, მის სასარგებლოდ, 24 სთ-ზე მეტი მომსახურების გაწევისათვის 3 168,73 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დავას არ იწვევდა ის გარემოება, რომ სწორედ გაკოტრებული შპს „ბ. კ-ის“ მიერ მოხდა სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელება 2009 წლის ნოემბერში, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო ვაგონების დროული დაცლა, რის გამოც მათი 24 საათზე მეტი მოცდენისათვის ეკისრებოდა თანხის გადახდის ვალდებულება 3 168,73 ლარის ოდენობით.
საქმეში წრმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.07.2010 წლის განჩინების შესაბამისად, დასრულდა მოვალე შპს ”ბ. კ-ის” მიმართ (ს/კ ...) გაკოტრების საქმის წარმოება. შპს ”ბ. კ-ის” სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით შემძენს - შპს ”ქ. წ-ის კ-იას” შპს ”ბ. კ-ის” 100%-იანი წილის მფლობელად დასარეგისტრირებლად მიეცა განჩინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადა. დადგინდა, რომ აღნიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში) მომხდარიყო შპს ”ბ. კ-ი”-ს რეგისტრაციის გაუქმება (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) (ტ.I, ს.ფ. 76-82).
ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეეტრიდან პალატამ გამოარკვია, რომ - შპს ”ქ. წ-ის კ-ია” დარეგისტრირდა შპს ”ბ. კ-ის” 100%-იანი წილის მფლობელად (ტ.I, ს.ფ. 89,90), შესაბამისად, არ მოხდარა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეეტრიდან შპს ”ბ. კ-ს” ამოშლა.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული იყო იმავე საწარმოს სახელწოდებით, რომლის მიმართაც დასრულდა გაკოტრების საქმის წარმოება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38.13. მუხლის შესაბამისად, მის ვალებზე შპს “ბ. კ-ი” არ იყო პასუხისმგებელი და მასზე საწარმო გადავიდა ვალებისაგან თავისუფალი სახით. შპს “ბ. კ-ი”, რომლის დამფუძნებელსაც წარმოადგენს შპს “ქ. წ-ის კ-ია”, არ წარმოადგენდა გაკოტრებული შპს “ბ. კ-ის” უფლებამონაცვლეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ბ. კ-ი“ არ იყო პასუხისმგებელი და მასზე საწარმო გადავიდა ვალებისაგან თავისუფალი სახით, ვინაიდან, კასატორის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვებოდა წერილობითი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ახალი საწარმო შპს „ბ. კ-ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა გაკოტრების შემდგომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №72 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 3 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.