Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-227-219-2012 5 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ც. დ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ე (მოპსაუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. დ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. დ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 83 000 აშშ დოლარისა და დაკრძალვის ხარჯების – 10 000 ლარის გადახდის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ც. დ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. დ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ც. დ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. დ-ეს მოსარჩელე ც. დ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ამხანაგობა „დიღომი 2005-ის“ სალაროს შემოსავლის ორდერებით, დ. დ-ას აქვს გადახდილი 2006 წლის 26 ივნისს – 24 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი 43 900 ლარი, 1 ივლისს – 22 700 აშშ დოლარის ეკვივალენტი 40860 ლარი, 3 ივლისს –14 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი 25 665 ლარი და 2007 წლის 29 იანვარს – 16 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

2011 წლის 2 მარტის მონაცემებით სადავო ქონება რეგისტრირებული იყო დ. დ-ასა და ი. დ-ის სახელზე.

2010 წლის 30 მარტს გარდაცვლილი დ. დ-ას სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო ც. დ-ამ.

სადავო არ არის, რომ გარდაცვლილი დ. დ-ას სამკვიდრო ქონების ½ ნაწილი მიიღო მოპასუხე ი. დ-ემ.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ც. დ-ას საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების შესაბამისად, ც. დ-ამ 2006 წლის 11 ივლისს გაიტანა 18,066 ლარი, 2006 წლის 3 ივლისს – 26, 442.67 აშშ დოლარი, 2006 წლის 26 ივნისს– 17,779.12 აშშ დოლარი, ხოლო 2006 წლის 3 ივლისს – 20,109.10 აშშ დოლარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი 2009 წლის 29 იანვრის ხელწერილი დედნის სახით, ამასთან, არც დედნის წარუდგენლობის საპატიო მიზეზია დასაბუთებული. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სადავო წერილობითი მტკიცებულების (ხელწერილის) ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის წერილობითი დოკუმენტი მამკვიდრებელთან სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელესა და გარდაცვლილ დ. დ-ას შორის სასეხო ურთიერთობის არსებობა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის დაკრძალვისა და შესაბამისი ხარჯების გაწევის ფაქტი. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ გარდაცვლილი დები – დ. და ნ. დ-ები დაკრძალა მოსარჩელე ც. დ-ამ, რასაც არც მოპასუხე უარყოფს.

ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება არც მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ დაკრძალვისათვის საჭირო თანხა მოსარჩელემ მიიღო გარდაცვლილი დების ქონებიდან. აღნიშნულს მტკიცების ტვირთი კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, თავად მოპასუხეს ეკისრება.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პალატამ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე, 624-ე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება ც. დ-ასა და გარდაცვლილ დ. დ-ას შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა, რის გამოც, სარჩელი დ. დ-ას მემკვიდრე ი. დ-ის მიმართ მამკვიდრებლის მიმართ არსებული ვალის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ მისივე ანგარიშებიდან თანხების გატანის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებით სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთების თაობაზე და აღნიშნა, რომ ც. დ-ა სარჩელის ფაქტობრივ საფუძველად მიუთითებს 83000 აშშ დოლარის გარდაცვლილი დ. დ-ასათვის სესხად გადაცემის ფაქტობრივ გარემოებას, ხოლო წარმოდგენილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებს უთითებს დ. დ-ას სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონების ერთობლივად შეძენის დასადასტურებლად, რაც, პალატის მოსაზრებით, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, თავისთავად, ვერ ადასტურების მოსარჩელესა და დ. დ-ას შორის სასესხო ურთიერთობის არსებობას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის დაკრძალვის ხარჯების დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია მოსარჩელის მიერ გარდაცვლილი დების დაკრძალვის ფაქტობრივი გარემოება, უნდა განისაზღვროს იმ სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურებისა და მათი ანაზღაურების მინიმუმი, გონივრული ოდენობა, რაც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია მიცვალებულის დასაკრძალად.

უდავოა, რომ საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, უმეტეს შემთხვევაში რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი ხარჯების ზუსტი განსაზღვრა, რომელიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და აღნიშნული სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის (მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარჯი გაწეულ იქნა ორი გარდაცვლილის დაკრძალვისათვის, პალატის მოსაზრებით, თითოელზე გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით – 5000 ლარით, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დების დაკრძალვისათვის გაწეული საერთო ხარჯის ოდენობად მიჩნეულ უნდა იქნეს 10 000 ლარი, საიდანაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ½-ის – 5000 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. დ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლი და ამით არ მისცა შესაძლებლობა, სასამართლოში წარედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ სარჩელის საფუძვლიანობას.

კასატორს მტკიცებულებად ჰქონდა წარმოდგენილი ხელწერილი, რომელიც ადასტურებდა დავალების არსებობას. საბანკო ამონაწერებით დასტურდებოდა ბანკიდან თანხის გამოტანის დრო და სამშენებლო კომპანიაში თანხის შეტანის დროის იდენტურობა.

აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა კასატორის სასარჩელო მოთხოვნა.

კასატორმა ექვსთვიანი ვადა სახსრების უქონლობის გამო გაუშვა.

სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სარჩელი შესაგებლის არარსებობის მოტივით, რადგან შესაგებელი შეტანილია წარმომადგენლის მიერ, რომელსაც ამის სპეციალური რწმუნება არ გააჩნდა.

სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რომელ ნორმაზე დაყრდნობით იქნა უარყოფილი მოსარჩელის მოთხოვნები, რაც არასწორია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით ც. დ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ც. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. დ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.