ას-228-220-2012 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი
მესამე პირი – სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ბ-ის წინააღმდეგ, მესამე პირი –სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება, და მოითხოვა 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ა. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად მამის, ლ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შემდეგი საფუძვლებით: სარჩელის თანახმად, 2007 წელს ლ. ბ-მა იქორწინა ლ. ბ-ზე და მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ა. ბ-ი. თანაცხოვრების პერიოდში ლ. ბ-მა გაიჩინა მეგობარი მამაკაცი, რის გამოც წარმოიშვა კომფლიქტი და ოჯახი დაინგრა. ლ. ბ-ი შვილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად დედასთან. ბავშვის დედის ოჯახი არის რეგისტრირებული ერთიან სოციალურ ბაზაში და იმყოფება გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე. დედის სახლში არ არის ცხოვრებისთვის საჭირო ელემენტალური პირობები, არ აქვთ სველი წერტილები, გათბობის საშუალება, ოჯახში სუფევს ანტისანიტარია. ამასთან ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მოპასუხის და, ლელა იასეშვილი არის დაავადებული ტუბერკულიოზით. მოპასუხის ოჯახში არ არის ისეთი გარემო, სადაც ბავშვი დაკმაყოფილებული იქნება საკვებით, ტანსაცმელით, პირადი ჰიგიენით, თბილი და მზრუნველი გარემოთი. გარდა ამისა, ლ. ბ-ი არ აძლევს მოსარჩელეს საშუალებას ჰქონდეს ურთიერთობა საკუთარ შვილთან. ბავშვის მამის, ლ. ბ-ის ოჯახში კი, არის ცხოვრებისთვის გაცილებით უკეთესი პირობები, ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება ყველაფრით, საკუთარი ოთახით, სათამოშოებითა და თბილი ოჯახური გარემოთი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბავშვი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობებით. ოჯახის ყველა წევრი დიდი ზრუნველობით ეკიდება მის აღზრდას. მართალია მოპასუხეს არ გააჩნია სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალი, მაგრამ მას მატერიალურად ეხმარება მამა, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და დედა, რომელიც მუშაობს სხვადასხვა სამუშაოებზე. ბავშვი არის მცირეწლოვანი და სჭირდება დედის განსაკუთრებული მზრუნველობა. ის მიჯაჭვულია დედაზე და მისი დაშორება ცუდად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. მოსარჩელე, ბავშვის მამა არის ინვალიდი და თვითონ არის სხვაზე დამოკიდებული. მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ბავშვის მოვლა-პატრონობა. მეტიც, მას არაფერი გააჩნია და ყველაფერი ეკუთვნით მის მშობლებსა და ძმას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მეუღლეების დაშორების შემდეგ დავა წარიმართა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბავშვის მამას დაეკისრა ალიმენტის გადახდა, რომელიც მას ჯერ არ გადაუხდია. სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ბავშვის ნახვის დღეები, რითაც მოსარჩელეს არ უსარგებლია და, შესაბამისად, მცდარია იმაზე მითითება, რომ მოპასუხე არ აძლევს მოსარჩელეს ბავშვის ნახვის საშუალებას.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა, წარმოადგინა სოციალური მუშაკების დასკვნები და თავის ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასურველია მშობლებმა გააცნობიერონ თავიანთი უფლება-მოვალეობები შვილის მიმართ, მოხდეს ოჯახის გამთლიანება და პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა, რაც სასიკითოდ იმოქმედებს ბავშვზე. მესამე პირის განცხადებით მამის, ლ. ბ-ის ოჯახში არის შედარებით კარგი საყოფაცხოვრებო პირობები, ვიდრე დედის ლ. ბ-ის ოჯახში, მიუხედავად ამისა ბავშვი ორივე ოჯახში, როგორც დედის ისე მამის ოჯახში უზრუნველყოფილი იქნება ნორმალური ცხოვრებისთვისა და განვითარების საჭირო აუცილებელი პირობებით.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადაგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. ბ-ი და ლ. ბ-ი დაოჯახდნენ 2007 წელს და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი – 2008 წლის 01 იანვარს დაბადებული ა. ბ-ი.
ლ. ბ-მა შვილთან – ა. ბ-თან ერთად მეუღლის – ლ. ბ-ის ოჯახი დატოვა 2010 წელს, რის შემდეგაც ცხოვრობს მშობლების სახლში – სიღნაღის რაიონის სოფელ მ-ში.
საქმეზე დაკითხული მოწმეების განმარტებებით დადგინდა, რომ ლ. ბ-ის საცხოვრებელი პირობები ბავშვის აღზრდისათვის დამაკმაყოფილებელ გარემოს ქმნის.
სააპელაციო სასამართლომ სოციალური მუშაკის დასკვნა, იმის შესახებ, რომ ლ. ბ-ის ოჯახი ვერ უზრუნველყოფს ბავშვს პირადი ჰიგიენით, არ გაიზიარა, მის საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაციიდან გამომდინარე. კერძოდ, სოციალური მუშაკის მითითებით, ერთი მხრივ, ლ. ბ-ი ხასიათდება, როგორც დადებითი და მოწესრიგებული პიროვნება განვითარებული მზრუნველობითი უნარ–ჩვევებით, ხოლო მეორეს მხრივ, მისი სახლი არის მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანი (ტომი 1–ლი, ს.ფ. 69–76). ბავშვის დედის მახასიათებლების გათვალისწინებით მის მიერ შვილისათვის შექმნილი გარემოს შეფასება, როგორც არაჰიგიენურისა, პალატის მოსაზრებით, არ უნდა მიჩნეულიყო დასაბუთებულად.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებისა და სოციალური მუშაკის მიერ გადმოცემული ინფორმაციის ურთიერთშეჯერებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ ლ. ბ-ის საცხოვრებელ ადგილზე არსებული პირობები მისაღები იყო ბავშვის ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების მიზნებისათვის. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები კი, აპელანტის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი. გამომდინარე იქედან, რომ პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართებულობასთან დაკავშირებით ეფუძნებოდა სწორედ ლ. ბ-ის საცხოვრებელი ადგილის უარყოფით მახასიათებლებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისი მტკიცებაც, საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, აპელანტის მხრიდან უნდა ყოფილიყო განხორციელებული, აპელანტის მტკიცება კი, შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებითა და მითითებით სოციალური მუშაკის დასკვნაზე, რომლის ცალკეული დებულებების მიუღებლობის მიზეზებზეც უკვე აღინიშნა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ლ. ბ-ს უნდა ემტკიცებინა ლ. ბ-ის პიროვნული თვისებების ნეგატიურ მხარეებთან დაკავშირებული გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ მძიმე ეკონომიური პირობები კი არ წარმოადგენდა ბავშვისათვის არასასურველი გარემოს არსებობის კრიტერიუმს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მცირეწლოვან ა. ბ-ს გააჩნდა მიჯაჭვულობა დედასთან, მისი ფსიქიკისა და სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასურველი იყო მისი საცხოვრებელი ადგილსამყოფელი ყოფილიყო დედასთან.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესი, თუ როგორ მორალურ გარემოში ცხოვრობს იგი. სასამართლომ დაარღვია „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
კასატორი ლ. ბ-ი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, როგორც ინვალიდი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.