ას-233-225-2012 5 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ლ-ა, ლი. ლ-ა, ნ. ა-ა, თ. ა-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაბრუნება, მოსარჩელეთა მიერ გადახდილი შესრულების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ლ. ლ-ას, ლი. ლ-ას, ნ. ა-ას და თ. ა-ას სარჩელი მოპასუხე ამხანაგობა ,,ყ-ის ქუჩა #17”-ის დამფუძნებლების შპს ,,მ-ი”-ს და დ.მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხეებს შპს ,,მ-ი”-ს და დ.მ-ს მოსარჩელე ლ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 40 500 (ორმოციათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა და პირგასამტეხლოს 4050 (ოთხიათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა;
3. მოპასუხეებს შპს ,,მ-ი”-ს და დ. მ-ლს მოსარჩელე ლი. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 40 500 (ორმოციათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა და პირგასამტეხლოს 4050 (ოთხიათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა;
4. მოპასუხეებს შპს ,,მ-ი”-ს და დ.მ-ს მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 39 500 (ოცდაცხრამეტიათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა და პირგასამტეხლოს 829.50 (რვაასოცდააცხრა) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა;
5. მოპასუხეებს შპს ,,მ-ი”-ს და დ.მ-ს მოსარჩელე ნ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრათ 39 500 (ოცდაცხრამეტიათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა და პირგასამტეხლოს 829.50 (რვაასოცდააცხრა) აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდა;
6. მოპასუხეებს შპს ,,მ-ი”-ს და დ.მ-ს მოსარჩელე ლ. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2249 ლარის ოდენობით და და საადვოკატო მომსახურების ხარაჯების ანაზღაურება 2482 ლარის ოდენობით;
7. მოპასუხეებს შპს ,,მ-”-ს და დ. მ-ს მოსარჩელე ლი. ლ-ას სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2249 ლარის ოდენობით და საადვოკატო მომსახურების ხარაჯების ანაზღაურება 2482 ლაარის ოდენობით;
8. მოპასუხეებს შპს ,,მ-”-ს და დ.მ-ს მოსარჩელე ნ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2032 ლარის ოდენობი და და საადვოკატო მომსახურების ხარაჯების ანაზღაურება 2000 ლაარის ოდენობით;
9. მოპასუხეებს შპს ,,მ-”-ს და დ.მ-ს მოსარჩელე თ. ა-ას სასარგებლოდ დაეკისრათ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2032 ლარის ოდენობით და საადვოკატო მომსახურების ხარაჯების ანაზღაურება 2000 ლაარის ოდენობით.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-ისა“და ამხანაგობა „ყ-ის ქუჩა №17“-ის დამფუძნებელ დ.მ-ის წარმომადგენელმა ნ. შ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 7000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა, ასევე, დაევალათ მიეთითებინათ, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი უსწორობა და კონკრეტულად რას წარმოადგენდა აპელანტების მოთხოვნა, ამასთან, საპელაციო საჩივრის დამასაბუთებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინებით შპს „მ-ისა“ და და ამხანაგობა „ყ-ის ქუჩა №17“-ის დამფუძნებელ დ.მ-ის წარმომადგენელ ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.მ-ისა და შპს „მ-ის“ წარმომადგენელმა ნ. შ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა მასთან სტუმრად მყოფ დეიდას, რომელიც თავისი ოჯახის წევრად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით მას გზავნილი არ ჩაჰბარებია. გზავნილი რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა დეიდამ და შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება მას ვადადარღვევით არ წარუდგენია სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ დავით მაყაშვილისა და შპს „მ-ის“ წარმომადგენელ ნ. შ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში 7000 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტის (დედნის სახით) სასამართლოში წარმოდგენა, ასევე, დაევალათ მიეთითებინათ, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან სამართლებრივი უსწორობა და კონკრეტულად რას წარმოადგენდა აპელანტების მოთხოვნა, ამასთან, საპელაციო საჩივრის დამასაბუთებელ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე მითითება.
აღნიშნული განჩინებითვე აპელანტებს განემარტათ, რომ თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინების ასლი ნ. შ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 9 დეკემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აპელანტის დეიდის _ მ.კ-ის ხელმოწერით (იხ. ტომი 2, ს.ფ. 9).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, ხარვეზის შესავსებად, სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 დეკემბერს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ნ. შ-ეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და მან ხარვეზის გამოწორების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით სასამართლოს მიმართა 2011 წლის 20 დეკემბერს, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ როგორც სააპელაციო საჩივარი, ასევე შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა მასთან სტუმრად მყოფ დეიდას, რომელიც თავისი ოჯახის წევრად ვერ ჩაითვლება, შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით მას გზავნილი არ ჩაჰბარებია. გზავნილი რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა დეიდამ და, შესაბამისად, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადება მას ვადადარღვევით არ წარუდგენია სასამართლოში.
აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, იმ პირებს, რომლებიც ჩამოთვლილია სსკ-ის 74-ე მუხლში, კერძოდ, მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ წესის დაცვით ჩაბარებული უწყება ჩაბარებულად ითვლება. ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის სახელით საფოსტო გზავნილი ჩაიბარა და ჩაბარებაზე ხელი მოაწერა მისმა დეიდამ, ასეთ ვითარებაში, ივარაუდება, რომ უწყება დასაბარებელ პირს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი დასაბარებელ პირს ეკისრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობით, დ. მ-სა და შპს „მ-ის“ წარმომადგენელმა ნ. შ-ემ დაკარგა მისთვის მინიჭებული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ.მ-სა და შპს „მ-ის“ წარმომადგენელ ნ. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 დეკემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.