ას-250-242-2012 2 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. შ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სწავლის საფასურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. შ-ის მიმართ 2008-2009 წლების სწავლის საფასურის – 1500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
თ. შ-ე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2008 წელს უნივერსიტეტსა და თ.შ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სტუდენტმა იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, ადმინისტრაციის ბრძანებები და საგანმანათლებო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე გადაეხადა სწავლის საფასური 1500 ლარის ოდენობით. მოპასუხემ დაარღვია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-12 პუნქტი, 44-ე მუხლის პირველი პუნქტი, წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი, რის გამოც მას უინივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 26 თებერვალს №3-63 ბრძანებით შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. 2008 წლიდან 2009 წლის 26 თებერვლამდე თ. შ-ე სამართლებრივად ითვლებოდა სტუდენტად, შესაბამისად, მასზე, როგორც სტუდენტზე, ირიცხებოდა სწავლის საფასური.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმიწფო უნივერსიტეტის სარჩელი უსაფუძვლოა, თ. შ-ეს არ გაუვლია შესაბამისი სასწავლო პროგრამა, მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შემდეგ არ მისულა უნივერსიტეტში და არც ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი, შესაბამისად, მას რაიმე ვალდებულება, მათ შორის სწავლის საფასურის გადახდისა, არ აუღია. სტატუსის შეწყვეტის ბრძანებაში წერია, რომ სტატუსი შეუწყდა თ. შ-ეს მისივე განცხადების საფუძველზე, მოპასუხეს კი ამგვარი განცხადებით უნივერსიტეტისათვის არ მიუმართავს. 2008 წლის 29 ოქტომბრის №221 ხელშეკრულება გაყალბებულია, რადგანაც მასზე არსებული ხელმოწერა მოსარჩელეს არ ეკუთვნის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 15 დეკემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ თ. შ-ემ 2008 წლის 1 იანვრის განცხადებით მოითხოვა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის მისაღებ გამოცდაზე დაშვება. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ა.ლ-ის 2008 წლის 4 მარტის №3-370 ბრძანებით თ. შ-ე 2007-2008 სასწავლო წელს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების შედეგების საფუძველზე, ფაკულტეტებისა და სამაგისტრო სპეციალობების მიხედვით ჩაირიცხა საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობაზე, მაგრამ მასთან არ გაფორმებულა ხელშეკრულება, იგი არ გამოცხადებულა უნივერსიტეტში და არ დასწრებია არც ერთ ლექციას. უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 26 თებერვლის №3-63 ბრძანების მიხედვით, თ. შ-ეს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. 2011 წლის 28 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დ.ლეკვეიშვილმა თ.შ-ეს გაუგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების – 1500 ლარის დაფარვის მოთხოვნით. მოპასუხეს არ გადაუხდია სწავლის საფასური. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არ ჩამოყალიბებულა სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა და, შესაბამისად, არ წარმოშობილა ვალდებულება სწავლის საფასურის გადახდის თაობაზე. პალატის მოსაზრებით, მოცემული დავის მატერიალური საფუძველი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებული სამართლებრივი დანაწესები და თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „სწავლის საფასურის გადახდის წესებია“. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქაქრთველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ14“ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ, არანაირი გარიგება უფლებამოსილ პირს – უნივერსიტეტის რექტორსა და თ. შ-ეს შორის სწავლის მიღებისა და, შესაბამისად, საფასურის გადახდის თაობაზე არ შემდგარა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდგომ დგება წერილობითი გარიგება – ხელშეკრულება, სტუდენტსა და რექტორს შორის, სადაც გაწერილია ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-ვალდებულებები. სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების, 361-ე მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს თანხა, რადგანაც მხარე მითითებულ გარემოებას ვერ ადასტურებს მტკიცებულებით, კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით, რომლის კანონშესაბამისი წესით დადება უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანანმდებობის პირის ვალდებულებაა. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შესრულდა თუ არა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას ვალდებულება, ამის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების იმ პირობების გონივრული გააზრებით, რაზეც მხარეები სამართლებრივი ურთიერთობისას შეთანხმდნენ. კონკრეტულ შემთხვევაში, სწორედ წერილობითი ხელშეკრულებაა ის კანონშესაბამისი მტკიცებულება, სადაც უნდა ასახულიყო მხარეთა ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, ასევე მათი უფლებები, მათ შორის კი, უმთავრესი, სწავლის საფასურის ოდენობა, მისი გადახდის წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მისი შეწყვეტის საფუძვლები და ა.შ. გამომდინარე იქედან, რომ არანაირი ხელშეკრულება მხარეთა შორის არ დადებულა, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ მომხდარა შეთანხმება გარიგების არსებით პირობებზე, გარდა ამისა, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტით საფასურის გადახდა დადგენილია სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. გამომდინარე აღნიშნულიდან, სტუდენტი მხოლოდ მაშინაა ვალდებული, გადაიხადოს სწავლის საფასური, თუ მას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან, ისწავლოს ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს უნივერსიტეტში არანაირი სასწავლო კურსი არ გაუვლია, სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელის დაკმაყოფილებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რადგანაც აპელანტმა ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა ვალდებულების არსებობის ფაქტი, პალატამ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად და ყოველმხრივ არ გამოუკვლევია, რითაც დაარღვია საპროცესო ნორმები, სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა ის გარემოება, რომ მოპასუხე 2008 წლიდან 2010 წლის 26 თებერვლამდე სამართლებრივად არ ითვლებოდა სტუდენტად და ჩათვალა, რომ ვინაიდან არ არსებობდა ხელშეკრულება, სტუდენტს თანხები არ უნდა დაკისრებოდა. რეალურად, მოპასუხემ ჩააბარა გამოცდები და იგი უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით ჩაირიცხა უნივერსიტეტში, შესაბამისად, მასზე, როგორც სტუდენტზე, გავრცელდა სტუდნეტის უფლებები და მოვალეობები. უნივერსიტეტში დადგენილი წესების თანახმად, სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობის ან/და თვითნებურად სწავლის მიტოვების შემთხვევაში, თუ ის სათანადო განცხადებით არ მომართავს სტატუსის შეწყვეტაზე, მას უნარჩუნდება სტუდენტის სტატუსი შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად. 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგარამ მას სწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტები მიუთითებს, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით. მოცემული ურთიერთობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან. მოპასუხის დავალიანების თანხა შეადგენს 1500 ლარს. 2009 წლის 26 თებერვლის ბრძანებით სტუდენტს პირადი განცხადების საფუძველზე შეუწყდა სტატუსი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა სტატუსის შეწყვეტიდან უნდა აითვალოს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დასადგენად. არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე გამოუცხადებლობის ან, თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო, სტუდენტი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან. პირი მოიპოვებს რა სტუდენტის სტატუსს, უფლება აქვს, ისწავლოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში და, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება, შეუძლია სწავლა განაგრძოს მომდევნო სემესტრებში. ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგოდ ქვემდგომი სასამართლოების მოსაზრება ემყარება იმ არგუმენტს, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ის ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. ამგვარი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში დღემდე მოქმედ სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 2 თებერვალს №209 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტს (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 2 თებერვალს №209 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.