ას-251-243-2012 23 აპრილი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „მ-ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 მარტის განჩინებით ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული მ.მ-ის მოთხოვნა – უკანონო მსჯავრდების გამო მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ უარი ეთქვა სს „მ-ში“ ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენაზე უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ქარხნის დირექტორის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანებით აღდგენილი იყო თანამდებობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ის მხოლოდ ოფიციალურად აღადგინეს თანამდებობაზე, მაგრამ რეალურად სამუშაო არავის შეუთავაზებია, არ გამოუყვიათ სამუშაო ადგილი. აქედან გამომდინარე, ბათილად უნდა გამოცხადდეს დირექტორ ბ.გარდავას 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანება სამუშაოზე აღდგენის შესახებ და რეალურად უნდა განხორციელდეს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა.
წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო მოპასუხე სს „მ-მა“ და მიუთითა, რომ 2007 წლის 17 მაისის განაჩენით მ.მ-ეზე შერაცხულ დანაშაული, არაფრით არ უკავშირდება სს „მ-ს“. სამუშაოზე ფორმალურად აღდგენის საკითხი სინამდვილეს არ შეესაბამება და წარმოდგენილი არ არის მისი დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. სადავო ბრძანების შემდეგ, მოსარჩელესთან დადებული იყო შრომითი ხელშეკრულება, რომლის ვადის გასვლის შემდგომ იგი გათავისუფლდა სამსახურიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2011 წლის 2 სექტემბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ დასაბუთებით, რომ 2011 წლის 2 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე და თვითნებურად დატოვა დარბაზი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის დანაწესების მიხედვით, გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.
2011 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.მ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 28 ივლისს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. მ-ემ სს „მ-ის“ წინააღმდეგ, სამსახურში დანიშვნის შესახებ ბრძანების გაუქმების, სამსახურში რეალურად აღდგენისა და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის მოთხოვნით. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2011 წლის 2 სექტემბერს - 13.00 საათისათვის. მხარეები სხდომის დღის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, მ. მ-ეს სასამართლო უწყება ჩაჰბარდა 2011 წლის 22 აგვისტოს, ხოლო მოპასუხე სს „მ-ის“ წარმომადგენელ შ. კ-ას - 19 აგვისტოს. დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდნენ მხარეები მოსარჩელე მ. მ-ე და მოპასუხე სს „მ-ის“ წარმომადგენელი შ. კ-ა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მონაწილეობაზე მ. მ-ემ უარი განაცხადა და დატოვა სხდომათა დარბაზი. საქმის მასალებიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივ გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისა და წარმართვისას სასამართლოს კანონი არ დაურღვევია. სასამართლომ სხდომაზე გამოცხადებულ მოსარჩელეს განუმარტა თავისი უფლებები, მისცა ამ უფლებათა რეალიზების საშუალება, ასევე გააფრთხილა იმ მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგის შესახებ, თუ კი მოსარჩელე უარს იტყოდა საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მხარემ არ მიიღო საქმის განხილვაში მონაწილეობა და დატოვა სხდომის დარბაზი.
სააპელაციო პალატამ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ავალდებულებს სასამართლოს, განუმარტოს მხარეებს თავიანთი უფლებების შესახებ, მათ შორის იმის შესახებაც, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიუღებლობა ან სხდომის მიტოვება მიჩნეული იქნება როგორც გამოუცხადებლობა და გამოტანილი იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მ.მ-ე გამოცხადდა სხდომაზე, დაიწყო მონაწილეობა საქმის განხილვაში, მაგრამ შუამდგომლობათა განხილვის ეტაპზე, იმიტომ, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა – დატოვა სხდომა. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სასამართლომ განუმარტა მხარეს აღნიშნული ქმედების მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი, რომ პროცესში მონაწილეობის მიუღებლობისას გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ სრულიად კანონშესაბამისია სასამართლოს ქმედება, რომლითაც მან დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა. შესაბამისად, სწორია სასამართლოს განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის საჩივარი და უცვლელად იქნა დატოვებული გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ემ, შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის „ბ“ პუნქტით დაუშვებელი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო სასამართლოს მიერ კასატორის მოთხოვნა მოსამართლე – ი.აბშილავას აცილების შესახებ იყო დასაბუთებული, რომლის დაუკმაყოფილებლობამ უკანონოდ გამოიწვია დაუძლეველი ძალა, პროცესი დაეტოვებინა, რაზედაც წინასწარ აცნობა სასამართლოს ანუ პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილებები და განჩინება, რომელთა უცვლელად დატოვება არის უსაფუძვლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის კანონიერება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.