ას-266-257-2012 26 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირება 250 ლარამდე და დამატებითი ხარჯებისგან განთავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი მ. მ-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 09 იანვრის განჩინებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შეიცვალა და გ. გ-ეს მ. მ-ის სასარგებლოდ, შვილის – 1995 წლის 22 აპრილს დაბადებული მ. გ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისრა 300 ლარის გადახდა. გ. გ-ე განთავისუფლდა მ. გ-ის სწავლის საფასურის 2000 ლარის გადახდისგან. მ. მ-ს გ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 65 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეთა შორის არსებობდა მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა სასამართლოს მიერ 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით და, რომლის მიხედვითაც, გ. გ-ე 2008 წლის 15 დეკემბრიდან, გადაუხდიდა შვილს მ. გ-ეს დაბადებულს 1995 წლის 22 აპრილს, ალიმენტს, ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით და სკოლაში სწავლის საფასურის ნახევარს 2000 ლარს.
შპს “ს. ფ-ის” მიერ 2010 წლის 9 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, გ. გ-ის ხელფასის ოდენობა შედგენს 650 ლარს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია მისი უმუშევრობის თაოაბზე, ვინაიდან სააპელაციო შესაგებელზე თანდართული ბრძანებით, იგი გათავისუფლდა შპს „გეო ინვესტში“ დაკავებული თანამდებობიდან, მაშინ, როდესაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა მოპასუხის შპს “ს. ფ-ში” მუშაობის ფაქტი.
25.11.2009 წელს გ. გ-ესა და “ნიუ ბროკერ გრუპის” დირექტორს შორის შეთანხმების საფუძველზე შეწყდა 2008 წლის 2 ივნისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება ქ. თბილისში, პ-ის შესახვევი №26 მდებარე 125 კვ.მ ფართზე. სააპლაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, აღნიშნულ უძრავი ნივთის გაქირავების შედეგად გ. გ-ის მიერ 350 ლარის შემოსავლის მიღების თაობაზე. მითითებული პოზიციის საპირისპიროდ, ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, პ-ის შესახვევი №2-ში მდებარე 125 კვ.მ ფართის მესაკუთრეს 2011 წლის 13 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენენ ტ. და ნ. გ-ეები. აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ აღნიშნული პირები მოწინააღმდეგე მხარის ოჯახის წევრები არიან, რომელთაც უძრავი ქონება გაქირავებული აქვთ და ქირას კვლავ გ. გ-ე ღებულობს, აპელანტის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის №3 ქორწინების მოწმობის თანახმად, გ. გ-ე 2009 წლის 8 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. ს-თან, რომელთანაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, 2011 წლის 1 მაისს დაბადებული გი. გ-ე.
მ. გ-ე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აღარ სწავლობს კერძო სკოლაში და შესაბამისად, მხარეები, აღარ იხდიან მ. გ-ის სწავლის გადასახადს 2000– 2000 ლარის ოდენობით. მ. გ-ე სწავლობს თბილისის 126–ე საჯარო სკოლაში.
არასრულწლოვან მ. გ-ეს დასმული აქვს დიაგნოზი ხერხემლის გულმკერდის, წელის არასტაბილური მესამე ხარისხის სქოლიოზი, რის გამოც საჭიროებს სამკურნალო ტანვარჯიშისა და მასაჟების განმეორებით კურსებს.
ალიმენტის ოდენობაზე მხარეთა შორის მორიგების დროისთვის, მ. გ-ის დიაგნოზს წარმოადგენდა სქოლიოზი მეორე ხარისხის, რთული მიოპიური ასტიგმატიზმი. საჭიროებდა სისტემატურ გამოკვლევებს და მკურნალობის კურსს ოფთალმიჯსა და ბალნეოლოგიურ დისპანსერში.
გ. გ-ე ცხოვრობს წყნეთში, ფ-ის შესახევევი №16–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და თავად იხდის კომუნალურ გადასახადებს.
გ. გ-ეს აქვს აღებული კრედიტი ბანკიდან, რომელსაც ფარავს დადგენილი გრაფიკით თვეში საშუალოდ 200 აშშ დოლარის ოდენობით.
გ. გ-ემ 2011 წლის 13 აგვისტოს გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული ავტომანაქანა ტოიოტა ლენდ კრუიზერი 7800 აშშ დოლარად, 2011 წლის 24 აგვისტოს მანვე შეიძინა ავტომანქანა მერსედეს–ბენცი E 220.
გ. გ-ემ შეიძინა უძრავი ქონება 1910 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე კასპის რაიონის სოფ საკორინთლოში, 2009 წლის 10 ივლისს.
მ. მ-ი მუშაობს სამშობიარო სახლში ექიმ–პედიატრად.
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა მორიგების შემდეგ, მ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, კერძოდ, აღენიშნება მე–3 ხარისხის სქოლიოზი ნაცვლად მე–2 ხარისხისა, თუმცა დადასტურებული არ არის მდგომარეობის ცვლილების გამო, მისთვის დანიშნული პროცედურების საფასურის ზრდა. აღნიშნული გარემოება სასამართლომ დაადგინა წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობებში არსებული ჩანაწერით დანიშნულებისა და რეკომენდაციების თაობაზე. სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მ. გ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მიოპიური ასტიგმატიზმის პროგრესირების კუთხით, ვინაიდან ამგვარი ცვლილების შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული საჭიროების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დაყენებულ იქნეს მოთხოვნა დამატებით ხარჯებში მონაწილეობის თაობაზე.
არასრულწლოვან მ. გ-ის კერძო სკოლიდან გადაყვანით, ორივე მხარეს შეეცვალა ეკონომიური მდგომარეობა, დაეზოგათ 2000–2000 ლარი. ამასთან, მ. მ-ის მატერიალური მდგომარეობის სხვა რაიმე ცვლილება (დანახარჯის გაზრდა, შემოსავლის შემცირება) დადასტურებული არ არის.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. გ-ის მდგომარეობა, მხარეთა მორიგების შემდეგ შეცვლილია. იგი არ ღებულობს დამატებით შემოსავალს უძრავი ქონების გაქირავების შედეგად. ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. თავად მოპასუხის მიერ სადავოდაა ქცეული გ. გ-ის მიერ, უძრავი ქონების სასყიდლიანი გასხვისების ფაქტი. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით (სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), აპელანტის საშუალო შემოსავალი შეადგენს 1000 ლარს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის შემცირებული ოდენობა – 300 ლარი, არასრულწლოვანის რჩენის მშობელთა თანაბარი ვალდებულებების არსებობის პირობებში, შესაბამისობაში იყო როგორც არასრულწლოვანის ინტერესებთან, ასევე მხარეთა ქონებრივ მდგომარეობასთან.
სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვალდ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1198-ე, 1214-ე, და 1230-ე მუხლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტორბივი გარემოება მასზე, რომ ქ. თბილისში, პ-ის შესახვევის №26-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი აღარ ეკუთვნის გ. გ-ეს და შესაბამისად, მას აღნიშნული ბინის გაქირავებით შემოსავალი აღარ გააჩნია.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ მხარეთა ახსნა-განმარტებების დროს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა საფუძველი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღებისა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი მ. მ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.