Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-268-259-2012 5 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს. ხ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ტ. რ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ნივთის გაუმჯობესების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ხ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ტ. რ-ას მიმართ და მოითხოვა ნივთის გაუმჯობესების ღირებულების – 18 452,70 ლარის, ს. ხ-ას მიერ გადახდილი კომუნალური დავალიანებისა და მრიცხველების გამოცვლის ხარჯის – 2000 ლარის, ასევე ბინის შეძენისთვის გადახდილი 7000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს. ხ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ტ. რ-ას ს. ხ-ას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 7000 ლარი, ს. ხ-ას მოთხოვნა კომუნალური ხარჯების – 2000 ლარისა და გადახდილი ბინის ღირებულების – 7000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ხ-ამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ს. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. თბილისში, ლ-ის ქუჩა №5-ში მდებარე №4 ბინა რეგისტრირებული იყო ტ. რ-ას საკუთრებად.

2010 წლის აგვისტოს ბოლოს ს. ხ-ა გამოსახლდა ტ. რ-ას კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ს. ხ-ას მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა შეუძლებელი იყო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე და 105-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის მიხედვით, ტ. რ-ას სახელზე რიცხულ ბინაში ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, მართალია, შეადგენს 18 452.70 ლარს, თუმცა მოცემული დასკვნით არ დგინდება, ობიექტზე რა პერიოდში შესრულდა სარემონტო სამუშაოები. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ უცნობია სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე არსებული საცხოვრებელი ბინის მდგომარეობა, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაშიც, ექსპერტი ვერ შეძლებს, დაადგინოს გაუმჯობესების კონკრეტული სახე და ღირებულება.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის თანახმად, დაადგინა, რომ ს. ხ-ა ფლობდა ტ. რ-ას კუთვნილ უძრავ ნივთს და გასწია ხარჯები მის გაუმჯობესებაზე. ამდენად, უდავოა, რომ ტ. რ-ა გამდიდრდა იმ გაუმჯობესებებით, რომლებიც ს. ხ-ამ უძრავ ნივთზე გასწია. რაც შეეხება ხარჯების კონკრეტულ ოდენობას, საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვეოდა, რომ ტ. რ-ას სახელზე რიცხულ ბინაში ჩატარებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 18 452.70 ლარს.

ამასთან, საქმის განმხილველმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული აუდიტორული დასკვნა შეეხებოდა არა ს. ხ-ას მიერ განხორციელებული გაუმჯობესებების ღირებულებას, არამედ ზოგადად მოცემულ ნივთზე გაწეულ სამუშაოთა ღირებულებას, ამიტომ ამ დასკვნის სრულად გაზიარება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, საქმეში არ იყო წარდგენილი რაიმე სხვა შეფასება ან ექსპერტის დასკვნა გაუმჯობესების ხარჯების ოდენობის განსაზღვრის შესახებ. სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ხსენებული საკითხის გასარკვევად ექსპერტიზის დანიშვნაც, ვინაიდან უცნობი იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე საცხოვრებელი ბინის მდგომარეობა, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გონივრული და სამართლიანია მოპასუხისათვის 7000 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 164-ე, 427-ე, 429-ე და 431-ე მუხლებით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ს. ხ-ამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე 1995 წლიდან გამოსახლებამდე კეთილსინდისიერად ფლობდა ისაკ რ-ის ბინას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ტ. რ-ამ დქ ბინიდან გამოასახლა კასატორი. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 155-ე და 159-ე მუხლების შესაბამისად დადგენილია მოსარჩელის მიერ ბინის კეთილსინდისიერად ფლობის ფაქტი. აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით კასატორმა ჩათვალა, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 163-ე და 987-ე მუხლები.

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბინა გარემონტდა ს. ხ-ას ხარჯით.

არასწორია სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის არასრულად გაზიარება. სასამართლო დაუსაბუთებლად მიუთითა, რომ ექსპერტს არ შეეძლო, დაედგინა ბინის ადრინდელი მდგომარეობა და გაუმჯობესების ხარჯი, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნები.

სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი ბინის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ნაწილში, რაც შეადგენს 18452,7 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 მარტის განჩინებით ს. ხ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ს. ხ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ს. ხ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 622,63 ლარის 70% – 435,84 ლარი. ს. ხ-ას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 7 თეთრი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ს. ხ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 5 მარტს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 622,63 ლარის 70% – 435,84 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი 7 თეთრი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.