Facebook Twitter
საქმე №ას-285-274-2012 19 აპრილი, 2012 წელი

ას-285-274-2012 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. თ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა., დ. და გ. ო-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა., დ. და გ. ო-ების მიმართ დანაშაულით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის – 10 000-10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინებით ი. თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა აპელანტის წარმომადგენელ ხ. მ-ას 2012 წლის 20 იანვარს, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 7-დღიანი ვადის ათვლა იწყება 2012 წლის 21 იანვრიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2012 წლის 27 იანვარს.

სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აპელანტს გააჩნდა 2012 წლის 27 იანვრის ჩათვლით, თუმცა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2012 წლის 30 იანვარს, კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. თ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმება შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ი.თ-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა 2012 წლის 27 იანვარს ფოსტის მეშვეობით. გაგზავნის №001297760 ბარათზე აღინიშნა საქმის ნომერი 2/358, თუმცა დაიკარგა ქვითარი, სადაც მითითებულია გზავნილის გაგზავნის თარიღი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30921 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივარი ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებზე შეტანილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 7 დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა აპელანტ ი. თ-ს და საქმის მასალებში წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ გზავნილების ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათის თანახმად, ჩაბარდა 2012 წლის 20 იანვარს, რაც სადავოდ არ გამხდარა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 7-დღიანი ვადის ათვალა დაიწყო 2012 წლის 21 იანვარს და ამოიწურა 27 იანვრის 24 საათზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის მესამე ნაწილით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ი. თ-მა სააპელაციო საჩივარი საფოსტო განხყოფილებას ჩააბარა კანონით განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში, 2012 წლის 27 იანვარს, თუმცა სააპელაციო საჩივარს საქმეში კონვერტი არ დაერთო. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს თავად სააპელაციო საჩივარზე მცხეთის რაიონული სასამართლოს ბეჭედში არსებული მითითება, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა ერთ კონვერტთან ერთად, ასევე კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ ქვითრები, რომლითაც დასტურდება ი. თ-ის მიერ 2012 წლის 27 იანვარს მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის №2/358 საქმეზე გზავნილის გაგზავნის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით ი. თ-ის სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 თებერვლის განჩინება და და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.