Facebook Twitter

ას-302-290-2012 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - ო. ბ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ო. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის – 2010 წლის 14 იანვარს დაბადებული ე. ბ-ის ნახვის დღეების განსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ედუარდ ბ-ს არასრულწლოვანი შვილის 2010 წლის 14 იანვარს დაბადებული ე. ბ-ის ნახვის დღეებად განესაზღვრა პირველი ორი თვე შაბათი და კვირა დღე - 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, დედის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო ორი თვის შემდეგ შაბათი და კვირა დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ბავშვის წაყვანისა და დედასთან დაბრუნების უფლებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეებმა წერილობით განაცხადეს უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერით.

განსახილეველ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2011 წლის 15 დეკემბერს აღნიშნულ საქმეზე გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რის შემდეგ მხარეებმა, დასახელებული მუხლის თანახმად, მოითხოვეს გადაწყვეტილება დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას და უარს ამბობდნენ მის გასაჩივრებაზე, რის თაობაზეც ჩამოერთვათ ხელწერილი (იხ. ს.ფ-66), შესაბამისად, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით.

საპროცესო კანონმდებლობით, ნებისმიერი უფლების რეალაზაცია დამოკიდებულია თვით მხარის ნებაზე. აღნიშნული დებულება გამომდინარეობს სამოქალაქო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპიდან-დისპოზიციურობის პრინციპი (სსკ-ის მე-3 მუხლი), რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი როგორც მატერიალური, ისე საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინცპიდან გამომდინარეობს მხარეთა საპროცესო უფლება გაასაჩივრონ სასამართლო გადაწყვეტილებები ან შეურიგდნენ ამ გადაწყვეტილებას, ცნონ იგი. განსახილველ შემთხვევაში, ა. ბ-მა განკარგა თავისი საპროცესო უფლება, უარი განაცხადა გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რითაც ფაქტობრივად ცნო იგი და მისი შედეგები, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის შესაბამისად, სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.