ას-315-299-2011 10 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ნ. კ-ე, რ. თ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ს-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ს-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ისა და რ. თ-ის მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, გ-ის ქ№111-ის №3 კორპუსში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული №33 ბინის გამოთხოვის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ნ. კ-ისა და რ. თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.კ-ემ და რ.თ-ემ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით მოცემული საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით კასატორთა წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა საქმის წარმოება, რ.თ-ის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება ნ. კ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა განახლდეს, ხოლო რ. თ-ის ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ რ. (რ.) თ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 13 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით კი, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი რ.თ-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე არა უგვიანეს ერთი წლისა.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულობის ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი.
იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ რ. (რ.) თ-ე გარდაიცვალა 2011 წლის 13 მარტს, პალატა თვლის, რომ მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 13 სექტემბერს, ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2011 წლის 4 აპრილიდან გასულია 1 წელი და 6 დღე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ სასამართლო მოხელის შესაბამისი წერილობითი მიმართვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაიგზავნა გარდაცვლილი რ.თ-ის ყოფილ მისამართზე და ჩაბარდა შვილს – ნ.კ-ეს 2011 წლის 15 აგვისტოს, თუმცა სავარაუდო უფლებამონაცვლეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, კასატორთა მოწინააღმდეგე მხარემ წარადგინა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივისა და ბიბლიოთეკის სამსახურის მთავარი სპეციალისტის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2011 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში 2011 წლის 13 მარტს გარდაცვლილი რ. თ-ის დანაშთი ქონების თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
მითითებული გარემოების გათვალისწინებით, რადგანაც უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოსათვის რ.თ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს და არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი რ. (რ.) თ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
რაც შეეხება ნ. კ-ის მოთხოვნის ნაწილში მოცემული საქმის წარმოებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა განახლდეს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოება განახლდება იმ გარემოებათა აცილების შემდეგ, რომლებმაც გამოიწვია წარმოების შეჩერება. წარმოების განახლების შემდეგ საქმის განხილვა ხდება საერთო წესით. დასახელებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განაახლებს შეჩერებული საქმის წარმოებას მას შემდეგ, რაც დაადგენს, რომ აღარ არსებობს ის გარემოება, რომელიც საქმის წარმოების შეჩერებას დაედო საფუძვლად.
ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი რ.თ-ის უფლებამონაცვლის დაუდგენლობის მოტივით მოცემული საკასაციო საჩივარი რ.თ-ის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, საკასაციო პალატის აზრით საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობას გამორიცხავს და ის უნდა განახლდეს საერთო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
განახლდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე, ლ. ს-ის სარჩელის გამო, ნ. კ-ისა და რ. (რ.) თ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო განუხილველად იქნას დატოვებული მოცემული საკასაციო საჩივარი რ. თ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.