ას-317-303-2012 5 აპრილი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ჯ. შ-ი“ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბათუმის გ. ქარხანა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორიგების აქტის გაუქმება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ბათუმის გ. ქარხანამ“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ჯ. შ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების აქტის გაუქმება, გაყიდული მანქანა-დანადგარებისა და საოფისე აღჭურვილობის ღირებულების, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების - 633 505 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე პირგასამტეხლოს სახით სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის - 1 661 261 აშშ დოლარის 0,1%-ის, სულ 880 330 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, 2009 წლის 1 ივლისს გამართულ აუქციონზე შეიძინა შპს „ბათუმის გ. ქარხნის“ საკუთრებაში არსებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე 16995 მ2 (საკადასტრო კოდი ...), 7855 მ2 (საკადასტრო კოდი ...) და 10603 მ2 (საკადასტრო კოდი ...) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა–ნაგებობები, 93 დასახელების მანქანა–დანადგარები და საოფისე აღჭურვილობა. აუქციონის პირობების თანახმად, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი განისაზღვრა 2 650 000 დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, საიდანაც შპს „ჯ. შ-ს“ 983 000 აშშ დოლარის (ბეს ჩათვლით) უნდა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხა – 1 667 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2010 წლის 1 იანვრამდე. ვადის ამოწურვამდე შპს „ჯ. შ-მა“ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებული N2 ოქმის ბათილად ცნობა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „ჯ. შ-მა“ იკისრა ვალდებულება მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე 2010 წლის 31 დეკემბრამდე აეშენებინა სავაჭრო ცენტრი, ასევე გადაეხადა ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი 1 661 261 აშშ დოლარი. თანხის 2010 წლის 31 დეკემბრამდე გადაუხდელობის შემთხვევაში მოპასუხეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0,1%. თანხის სრულად გადახდამდე შპს „ჯ. შ-ს“ ქონების განკარგვის უფლება არ ჰქონდა. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, ამასთან, გაასხვისა აუქციონზე შეძენილი ქონების ნაწილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს „ბათუმის გ. ქარხნის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა მხარეთაშორის 2009 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული მორიგების აქტი, რომელიც დამტკიცდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხე შპს „ჯ. შ-ს“ დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 633 505 ლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 880 330 აშშ დოლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს „ჯ. შ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 2009 წლის 1 ივლისს შპს „ბათუმის გ. ქარხანამ“ ჩაატარა აუქციონი მის საკუთრებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების გაყიდვის მიზნით. აუქციონში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა შპს „ჯ. შიპირადმა“, რომელმაც აუქციონზე ლოტი №2–ით შეიძინა შპს „ბათუმის გ. ქარხნის“ საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე, 16995 მ2 (საკადასტრო კოდი ...), 7855 მ2 (საკადასტრო კოდი ...) და 10603 მ2 (საკადასტრო 15 კოდი ...) არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული შენობა–ნაგებობანი, 93 დასახელების მანქანა–დანადგარები და საოფისე აღჭურვილობა. აუქციონის პირობების თანახმად, უძრავი ქონების გასაყიდი ფასი განისაზღვრა 2650 000 ლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, საიდანაც შპს „ჯ. შ-ს“ 983 000 აშშ დოლარი (ბეს ჩათვლით) უნდა გადაეხადა აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ნასყიდობის ფასის დარჩენილი თანხა – 1 667 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2010 წლის 1 იანვრამდე;
2. 2009 წლის 9 დეკემბერს, შპს „ჯ. შ-მა“ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, შპს „ბათუმის გ. ქარხნისა“ მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 1 ივლისის ჩატარებულ აუქციონში, ლოტ №2–ზე გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №2-ის ბათილად ცნობა და მოპასუხე, შპს „ბათუმის გ. ქარხნისათვის“ 988 739 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შპს „ჯ. შ-ის“ სასარგებლოდ დაკისრება;
3. 2009 წლის 29 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი, რომლითაც გამოვლინდა მხარეთა ნება, რომ შპს „ჯ. შ-ი“, სხვა ვლდებულებებთან ერთად, შპს „ბათუმის გ. ქარხნის“ ტერიტორიაზე , არაუგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა, ააშენებდა და ექსპლუატაციაში შეიყვანდა სავაჭრო ცენტრის შენობას, რაც მის მიერ არ შესრულებულა;
4. შპს „ჯ. შ-ს“ ბეს სახით გადახდილი აქვს 255 000 აშშ დოლარი;
5. შპს „ჯ. შ-მა“ აუქციონზე შეიძინა 6 შენობა–ნაგებობა – საბაზრო ღირებულებით 500 800 ლარი; დაუმთავრებელი საქვაბე, საბაზრო ღირებულებით 80 000 ლარი; მანქანა-დანადგარები და საოფისე აღჭურვილობა 93 ერთეული – საბაზრო ღირებულებით – 50 705 ლარი;
6. შპს „ჯ. შ-ს“ არ გადაუხდია 1 661 261 აშშ დოლარის ეკვივალენტი, რომელიც მას 2010 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა;
7. მორიგების აქტით განისაზღვრა, რომ თუ შპს „ჯ. შ-ი“ ვერ შეძლებდა ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის 1 661 261 აშშ დოლარის გადახდას, მაშინ „ჯ. შ-ს“ ყოველდღიურად დაერიცხებოდა საურავი, ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის 0,1%–ის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული მროიგების აქტი გარიგება იყო და არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „ჯ. შ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჯ. შ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომლებსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს „ჯ. შ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჯ. შ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს 2012 წლის 6 თებერვლის N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% - 5600 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.