ას-321-307-2012 19 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ს. ზ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ა-ე, მ. ტ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ა-ემ და მ. ტ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში ს. ზ-ისა და თ. ნ-ის მიმართ ს. ზ-ისათვის სესხის – 3600 ევროსა და 2700 აშშ დოლრის დაკისრების, სესხის უზრუნველსაყოფად ქ.გორში, ბ-ის 9ა/33-ში მდებარე თ. ნ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული ბინის რეალიზაციის, ასევე ნ. ა-ისათვის 3515 ლარის გადახდის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი 3600 ავროსა და 200 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. ზ-ს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 3600 ავროსა და 200 აშშ დოლარის გადახდა, რისი გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა თ. ნ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, ს. ზ-ს ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3515 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 3515 ლარის დაკისრების ნაწილში ს. ზ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ დაადგინა, რომ ს. ზ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე 2011 წლის 29 ნოემბრიდან გადაიდო 20 დეკემბრის 11.00 საათისათვის, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით. აღნიშნულის მიუხედავად, პროცესზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა და არც აღნიშნულის მიზეზი პალატას არ ეცნობა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე, 276-ე მუხლებით და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ს. ზ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტი პროცესზე ვერ გამოცხადდა 2011 წლის 20 დეკემბერს მსოფლიოსა და საქართველოში დიდთოვლების, ყინვების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა ტრანსპორტის გადაადგილების დიდი შეფერხება.
აღსაშნავია, რომ სასამართლოს სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ მორიგების პირობებზე, რაც სხდომის ოქმში გაურკვეველი მიზეზით არ დაფიქსირდა.
სააპელაციო პალატას უნდა გადაედო საქმის განხილვა სხვა დროისათვის და მიეცა საშუალება მხარეთათვის, ჩამოეყალიბებინათ მორიგების პირობები და მიეღწიათ შეთანხმებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ზ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო ეფუძნება ვარაუდს, რომ მხარეებმა დავის მიმართ იურიდიული ინტერესი დაკარგეს ან პროცესზე გამოცხადებასთან დაკავშირებული საპროცესო მოვალეობის არასაპატიოდ შეუსრულებლობით უპატივცემულობა გამოხატეს სასამართლოს მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ს. ზ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა 2011 წლის 29 ნოემბრიდან აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო ამავე წლის 20 დეკემბრის 11 საათისათვის. მხარეები ესწრებოდნენ 2011 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომას და საქმის განხილვის გადადების თაობაზე გაფრთხილებულ იქნენ ხელწერილით, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტ მხარეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია. მითითებული ნორმა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საპატიოდ თვლის ავადმყოფობის, ახლო ნათესავის გარდაცვალების ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ამასთან, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებულია, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოება, რასაც მისი არგუმენტები ეყრდნობა, კერძოდ, ს. ზ-ის განმარტებით, იგი 2011 წლის 20 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოში ვერ გამოცხადდა დიდთოვლობის გამო, თუმცა მითითებული ფაქტის არსებობა მხარემ ზემოხსენებული ნორმის დანაწესის დაცვით ვერ დაასაბუთა. ისეთი უამინდობის ფაქტის დასადგენად კი, რომელმაც ს. ზ-ს სასამართლოში გამოცხადებაში ობიექტურად ხელი შეუშალა, მხოლოდ მხარის განმარტება საკმარისი არ არის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ 2011 წლის 29 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმში არ დაფიქსირდა მხარეთა შორის არსებული მოლაპარაკება საქმის მორიგებით დასრულებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ს. ზ-ს მითითებულ ოქმზე კანონით დადგენილი წესით შენიშვნები არ წარუდგენია. რაც შეეხება მხარეთა მორიგებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხზე შეთანხმების მიღწევა დასაშვებია როგორც საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, ისე მისი დასრულების შემდეგაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს. ზ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.