Facebook Twitter

ას-325-310-2012 4 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ნ. ვ-ის, ნ. ვ-ის, თ. ვ-ისა და მ. ვ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. ვ-ის, ნ. ვ-ის, თ. ვ-ისა და მ. ვ-ის სარჩელის გამო, თ. წ-ის, რ. ს-ისა და მ. ა-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ვ-ის, ნ. ვ-ის, თ. ვ-ისა და მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თ. ვ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის წარმოდგენა, რომელიც ასახავდა საკასაციო საჩივრის შეტანის დროისათვის არსებულ მდგომარეობას და გ. გ-ის ადვოკატის მოწმობის ასლი.

2012 წლის 15 მარტს, დადგენილ ვადაში, სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა გ.გ-ემ, რომელმაც წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ასლი და ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

წარმოდგენილი მასალების შესწავლით უტყუარად დადგინდა, რომ ნ., ნ. და მ. ვ-ეები რეგისტრირებული არიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას. აღნიშნული კი მათი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველია. გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივარი მათ ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო თ. ვ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინების შესახებ მხარის წარმომადგენელ გ. გ-ეს (იხ. რწმუნებულება ტ.I, ს.ფ.32) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 22 მარტს, საქმეში არსებულ ნომერზე, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 23 მარტს და დასრულდა ამავე წლის 25 მარტს, მაგრამ ვინაიდან 25 მარტი იყო დასვენების დღე, საპროცესო ვადა დასრულებულად უნდა მივიჩნიოთ 2012 წლის 26 მარტს. აღნიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ თ. ვ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, რაც მის ნაწილში საკასაციო საჩივარის განუხლიველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ვ-ის, თ. ვ-ის, ნ. ვ-ისა და მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თ. ვ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.