Facebook Twitter
საქმე №ას-326-311-2012 26 აპრილი, 2012 წელი

ას-326-311-2012 26 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ის“ დირექტორი რ. ა-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს-ისა და შპს „მ-ის“ დირექტორ რ. ა-ის მიმართ მოპასუხეთა შორის 2004 წლის 13 ოქტომბერს შპს „ს-ას“ საწესდებო კაპიტალის მოსარჩელის კუთვნილი 50%-ის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

დ. ს-ემ ასევე სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „მ-ის“ დირექტორ რ. ა-ის წინააღმდეგ მის მიერ მოპასუხისათვის შპს „ს-ას“ 50%-იანი წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

მოცემული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით არც დ. და არც ნ. ს-ეების სარჩელები არ დაკმაყოფილდა, რაც დ. ს-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მოთხოვნაა წილის უსასყიდლოდ დათმობის (ჩუქების) ხელშეკრულების გაუქმება, ამასთან, წილის ღირებულება თავად აპელანტის (მოსარჩელის) მიერ შეფასებულია 1000 ლარად, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრით დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 1000 ლარით. ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ. ს-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 1000 ლარით. მართალია, სადავო წილის დათმობის ხელშეკრულებაში წილის ღირებულებად მითითებულია 1000 ლარი, თუმცა საქმის განხილვისას არა ერთხელ დადასტურდა და თავად მოპასუხემაც მიუთითა, რომ წილის რეალური ღირებულება ბევრად აღემატებოდა ხსენებულ თანხას. ამჟამად აღნიშნული წილი შეადგენს 200 000 ლარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება და განუხილველად დარჩება.

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით.

მითითებული ნორმა სავალდებულოა სააპელაციო ინსტანციისათვისაც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე, რომლითაც საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, ხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას მიუთითებს თავად აპელანტი, მაგრამ სასამართლო უფლებამოსილია, არ გაიზიაროს აღნიშნული ოდენობა, თუ ჩათვლის, რომ დავის საგნის საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება მხარის მიერ მითითებულ ფასს. შესაბამისად, მოცემული საკითხის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს რეალურად არსებული საბაზრო ფასებით.

განსახილველ შემთხვევაში დ. ს-ის სააპელაციო საჩივრის საგანია შპს „ს-ას“ წილთა 50%-ის უსასყიდლოდ დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაუქმება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებულ ხელშეკრულებაში სადავო წილი შეფასებულია 1000 ლარად, რის გამოც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაც სწორედ ამ ღირებულებით უნდა განისაზღვრის. საკასაციო პალატა სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ სადავო საჩივრის ფასი უნდა დადგინდეს ხსენებულ საკითხზე საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციის სრულად შეფასების შედეგად.

დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ საქმის მასალებში მოწინააღმდეგე მხარე შპს „მ-ის“ დირექტორი რ. ა-ე თავად ადასტურებს სადავო 50%-იანი წილის გაცილებით მეტ ღირებულებას, ვიდრე ეს სადავო ხელშეკრულებაშია ასახული. ამასთან, მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაფიქსირებულია რ. ა-ის განმარტება, რომ სადავო 50% წილის შპს „მ-ისათვის“ გადაფორმებისას შპს „ს-ას“ საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 574475 ლარს, რაც 2011 წლისათვის გაიზარდა 2 000 000 ლარამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექისს მე-40 მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ხელახლა უნდა შეამოწმოს დ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რა დროსაც სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა განსაზღვროს შპს „ს-ას“ 50%-იანის წილის საბაზრო ღირებულების საფუძველზე სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმე დ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.