ას-343-328-2012 19 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ა-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ბეს ორმაგად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ას მიმართ ბეს ორმაგად გადახდის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით საქმის წარმოება მ. ა-ის სარჩელის გამო ნ. კ-ას მიმართ შეწყდა, გაუქმდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნ. კ-ას კუთვნილ უძრავ ქონებას ყადაღა მოეხსნა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
2009 წლის 11 ივნისს მ. ა-ესა და ნ. კ-ას შორის გაფორმდა ბეს ხელშეკრულება ნასყიდობის საგნის საზღაურის გადახდის შესახებ განვადების გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა განიხილებოდა კერძო არბიტრაჟის მიერ ბეს მიმღების არჩევით.
შპს „მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა – კ-ომ“ განიხილა ნ. კ-ას პრეტენზია 2009 წლის 11 ივნისის ხელშეკრულებიდან გასვლისა და მ. ა-ის მიერ გადახდილი თანხის 253 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ჩათვლის შესახებ და მ. ა-ის შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ.
შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი - კ-ოს“ 2009 წლის 24 სექტემბერს გადაწყვეტილებით ნ. კ-ასა და მ. ა-ეს შორის დამტკიცდა მორიგება.
მორიგების პირობების მიხედვით, მ. ა-ე ვალდებული იყო, 2009 წლის 24 ოქტომბრამდე გადაეხადა ნ. კ-ასათვის 74 000 აშშ დოლარი და წარედგინა საქმის განმხილველი არბიტრაჟისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მ. ა-ეს უნდა დაეფარა სს „... ბანკის“ იპოთეკური სესხი 47 000 აშშ დოლარი, ამ თანხაზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. 2009 წლის 11 ივნისის მდგომარეობით სს „... ბანკისთვის“ გადასახდელი თანხის 47 000 აშშ დოლარის ზევით გადასახდელი თანხა გაიქვითებოდა 74 000 აშშ დოლარიდან. მ. ა-ის მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ, ნ. კ-ა ვალდებულებას იღებდა დაეფარა სს „...ბანკის“ იპოთეკური სესხი და საკუთრების უფლებით გადაეფორმებინა მ. ა-ის სახელზე ქ. თბილისში ი.ჭ-ის გამზ. N70-ში მდებარე მე–11 ბინა და ამავე მისამართზე არსებული მანსარდის სართული. იმ შემთხვევაში, თუ მ. ა-ე არ შეასრულებდა მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, არ წარმოადგენდა 74 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებას, მის მიერ ბეს სახით გადახდილი 253 000 აშშ დოლარი დარჩებოდა ნ. კ-ას, გაუქმებულად ჩაითვლებოდა 2009 წლის 11 ივნისის ხელშეკრულება და მ. ა-ე ვალდებული იქნებოდა გაეთავისუფლებინა ი.ჭ-ის გამზირ N70-ში მდებარე მე-11 ბინა და ამავე მისამართზე არსებული მანსარდის სართული.
2009 წლის 20 ნოემბერს შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – კ-ოს“ კრედიტორ ნ. კ-ს მოთხოვნით 2009 წლის 24 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მ. ა-ის მიერ აღძრული წინამდებარე სარჩელი ნ. კ-ას მიმართ ეფუძნება მხარეთა მორიგების შესახებ კანონიერ ძალაში შესული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მან ჯეროვნად შეასრულა მორიგების პირობა და ითხოვს მოპასუხისაგან თანხის დაბრუნებას, რომელიც მორიგების თანახმად რჩებოდა ნ. კ-ას მხოლოდ მ. ა-ის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 17 აპრილი) 33-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მ. ა-ემ და ნ. კ-ამ არბიტრაჟის მიერ დამტკიცებული მორიგებით ახლებურად მოაწესრიგეს თავიანთი ურთიერთობა. ამასთან, მორიგების აქტის არბიტრაჟის მიერ დამტკიცებით, აღნიშნულმა შეთანხმებამ შეიძინა იძულებით აღსასრულებლად საკმარისი ძალა და დაექვემდებარა იძულებით აღსრულებას არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო წარწერის საფუძველზე. ამ ეტაპზე ვერ იქნება გაზიარებული კონკრეტული არბიტრაჟის განსჯადობაზე საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის გამო 2009 წლის 20 ნოემბრის შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – კ-ოს“ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, ამასთან, არბიტრაჟს პრეტენზიით მიმართა ორივე მხარემ, მათივე თანხმობით დამტკიცდა მხარეთა მორიგება და ორივე მხარემ მოსთხოვა არბიტრაჟს სააღსრულებო ფურცლის გაცემა. ამდენად, მიუხედავად, ზოგადი საარბიტრაჟო დათქმისა, მხარეთა მოქმედებებით აღიარებულ იქნა არბიტრაჟის კომპეტენცია. აღნიშნული გარემოებების საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ 2009 წლის 20 ნოემბრის შპს „მუდმივმოქმედ არბიტრაჟ – „კ-ოს“ გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა აქვს მხარეთათვის და იგი უნდა აღსრულდეს.
„კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებით წყდება საქმის წარმოება და მხარეები ვეღარ განაცხადებენ იმავე მოთხოვნებს. მორიგების აქტით მხარეები ახლებურად აწესრიგებენ თავიანთ ურთიერთობას და შეუძლიათ, ერთმანეთს მხოლოდ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნები წაუყენონ. არბიტრაჟის გადაწყვეტილებით მორიგების აქტის დამტკიცებით, აღნიშნულმა შეთანხმებამ შეიძინა იძულებით აღსასრულებლად საკმარისი ძალა. შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შესაძლებელია მხარეებმა მიმართონ სააღსრულებო ორგანოებს. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულებისას, სააღსრულებო ორგანოები არკვევენ, არსებობს თუ არა იძულებითი აღსრულების დაწყების ფაქტობრივი საფუძველი. ამდენად, დაირღვა თუ არა მორიგების აქტით გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება, და არსებობს თუ არა იძულებითი აღსრულების წინაპირობა, გამოკვლეული უნდა იქნეს სააღსრულებო ორგანოს მიერ აღსასრულებლად წარდგენილი განჩინების შინაარსიდან. მხოლოდ ამ კუთხით აღმასრულებლის მოქმედებების არასწორად მიჩნევის შემთხვევაში აღიძვრება ადმინისტრაციული სარჩელი სააღსრულებო ორგანოს მიმართ.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნა განსახილველ შემთხვევაში ეფუძნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებული მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობას, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მ. ა-ის სარჩელი უწყებრივად სასამართლოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ პუნქტით, ამავე კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მ. ა-ის სარჩელზე წარმოება უნდა შეწყდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ა-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
არბიტრაჟში წარმოდგენილი მორიგების აქტით მხარეთა შორის დაიდო ახალი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების ახალი წესები, რითაც მ.ა-ემ იკისრა დამატებითი ვალდებულებები.
„არბიტრაჟის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების ახალ ფორმასა და შინაარსს. ამასთანავე, კანონის ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად დადგინდა ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომ მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებისას უნდა მიუთითონ იმ კონკრეტულ საარბიტრაჟო დაწესებულებაზე, სადაც მათ სურთ, რომ განხილულ იქნას მათ შორის წამოჭრილი სახელშეკრულებო დავა. შესაბამისად, ამავე კანონის თანახმად, მხარეებს შორის 2009 წლის 11 ივნისის საარბიტრაჟო შეთანხმება ძალადაკარგულია. ხსენებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავებს არბიტრაჟი ვეღარ განიხილავს საარბიტრაჟო შეთანხმების ახალ ნორმატიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობისა და ძალადაკარგულობის გამო. ამიტომ, მოცემული ვალდებულებით-სამართლებრივ დავა განხილულ უნდა იქნას სასარჩელო წესით საერთო სასამართლოს მიერ.
თუკი მ.ა-ის მიერ გადახდილი ბე საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დარჩა ნ.კ-ას საკუთრებაში, ამასთანავე, დაუბრუნდა უძრავი ქონებაც, ამ პირობებში გასარკვევია, თუ რამდენად მართებულია ბეს ორმაგად დაბრუნების მოთხოვნის სასამართლოში დაყენება. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესი. მ. ა-ეს მიაჩნია, რომ მან სამართლებრივად შეასრულა სახელშეკრულებო პირობები, ხოლო ამის საპირისპიროდ ნ.კ-ა თვლის, რომ მ.ა-ემ კონკრეტულ დღესა და ადგილას არ განახორციელა შესრულება, დაგვიანებით შესრულება კი შესრულებად ვერ ჩაითვლება. ამ ასპექტში მხარეთა შორის სადავო საკითხი არც ერთ უწყებას არ გადაუწყვეტია. კერძო არბიტრაჟის მიერ სააღსრულებო წარწერის გაკეთება და ამის ირგვლივ გადაწყვეტილების გამოტანა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მან მხარეებს შორის დასახელებული დავა ხელშეკრულების შესრულების ირგვლივ გადაწყვიტა. მით უმეტეს, რომ სააღსრულებო წარწერის გაკეთებისათვის გამოტანილ გადაწყვეტილებებში არბიტრაჟს ამ საკითხზე არსებითად არ უმსჯელია და საკუთარი გადაწყვეტილება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის გამართლებაზე არ დაუფუძნებია. მან მხოლოდ ფორმალურად დააკმაყოფილა ნ.კ-ას განცხადება სააღსრულებო წარწერის გამოწერის თაობაზე ისე, რომ არ უმსჯელია, მ.ა-ემ იურიდიულად შეასრულა თუ არა მოგების აქტით განსაზღვრული პირობები.
განსახილველ შემთხვევაში, მ.ა-ე დავობს მისი მხრიდან ბეს ხელშეკრულების (მორიგების) პირობების შესრულების ფაქტზე, მაგრამ ნ.კ-ამ განზრახ არ მიიღო შესრულება, რის გამოც მან დაკარგა უფლება ბეს სახით გადახდილ ფულად თანხაზე, შესაბამისად, მასვე ენიჭება უფლება დააყენოს მოთხოვნა ბეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობებზე. ანუ მას უფლება აქვს, მოითხოვოს მორიგების აქტის შესრულებულად აღიარება, რადგან ასეთ აღიარებაზე არბიტრაჟს არ უმსჯელია, ხოლო, მეორე მხრივ, მოითხოვოს ბეს ორმაგად დაბრუნება, ვინაიდან ამ ეტაპზე უძრავი ქონება გასულია მ.ა-ის საკუთრებიდან.
ბუნდოვანი რჩება სააღსრულებო ორგანოს უწყებრივი კომპეტენცია, ემსჯელა მ.ა-ის პრეტენზიებზე მორიგების აქტის შესრულების ირგვლივ.
ბეს ორმაგად დაბრუნება წარმოშობს ნ.კ-ას წინააღმდეგ ფულად ვალდებულებას, რაც, თავის მხრივ, სადავოდ ხდის ბეს ხელშეკრულების შესრულებას ნ.კ-ას მხრიდან. ამავდროულად, სადავო ხდება მორიგების პირობების შესრულებაც. მ.ა-ეს ამ მხრივ შედავების უფლების რეალიზაციის იურიდიული საშუალება მორიგების აქტის მოქმედების პერიოდში არ მისცემია. არბიტრაჟმა ცალმხრივად, არსებითი განხილვის გარეშე აღიარა მ.ა-ის მხრიდან შეუსრულებლობა, მაშასადამე, მ.ა-ის მხრიდან დარჩენილია იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, რომლითაც გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
ამასთანავე, მ.ა-ეს დარჩენილი აქვს უფლება, შეწყვეტილად აღიაროს ბეს ხელშეკრულება ნ.კ-ას მხრიდან მისი ბრალეულად შეუსრულებლობის გამო და მოითხოვოს ბეს ორმაგად დაბრუნება. ანდა ბეს ორმაგად დაბრუნების სარჩელით სასამართლომ აღიაროს ნ.კ-ას მხრიდან ბეს ხელშეკრულების ბრალეულად შეუსრულებლობა.
სარჩელი სასამართლოს ქვემდებარეა, გარდა ზემოთ დასახელებული მიზეზებისა, რადგან ბეს ხელშეკრულების ირგვლივ მხარეები არბიტრაჟში ვეღარ იდავებენ და ბეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მორიგების აქტის შესრულების ირგვლივ მ.ა-ეს სასარჩელო შედავება არ განუხორციელებია და მას ასეთი უფლება არ უნდა მოესპოს.
სასამართლო სასარჩელო წესით უფლებამოსილია, განიხილოს არა მარტო მოცემული დავა, არამედ სხვა დავებიც, რაც გამომდინარეობს მხარეთა შორის 2009 წლის 11 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების საკითხებიდან, ვინაიდან ამ ხელშეკრულების შესრულების ირგვლივ წარმოშობილი დავა, ამავე ხელშეკრულებაში გაკეთებული საარბიტრაჟო დათქმის ძალადაკარგულობის გამო, ახალი საარბიტრაჟო შეთანხმების გარეშე, კერძო არბიტრაჟმა აღარ შეიძლება განიხილოს. ასევე მოცემული დავის გადაწყვეტის საკითხი შეუძლებელია დაექვემდებაროს აღსრულების სახელმწიფო ორგანოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო არ განიხილავს ისეთ სადავო ურთიერთობას, რომელიც მისი რეგულირების სფეროს სცდება და გარკვეული უწყების კომპეტენციას განეკუთვნება. ასეთ საკითხზე აღძრულ სარჩელზე სასამართლო წარმოებას შეწყვეტს.
მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მ. ა-ე ითხოვდა ნ. კ-ასათვის უძრავი ნივთის შესაძენად გადახდილი ბეს სახით მიცემული თანხის ორმაგად დაბრუნებას.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხსენებული ბეს დაბრუნების მოთხოვნა ეფუძნება და გამომდინარეობს სხვა სამოქალაქო დავიდან, კერძოდ, 2009 წლის 11 ივნისს მ. ა-ესა და ნ. კ-ას შორის გაფორმდა ბეს ხელშეკრულება ნასყიდობის საგნის საზღაურის გადახდის შესახებ განვადების გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოშობილი დავა განიხილება კერძო არბიტრაჟის მიერ ბეს მიმღების არჩევით.
ნ. კ-ამ საარბიტრაჟო პრეტენზია წარადგინა 2009 წლის 11 ივნისის ხელშეკრულებიდან გასვლისა და მ. ა-ის მიერ გადახდილი 253 000 აშშ დოლარის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში ჩათვლის შესახებ, ხოლო მ. ა-ემ შეიტანა შეგებებული საარბიტრაჟო პრეტენზია აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ.
შპს „მუდმივმოქმედი არბიტრაჟი – კ-ოს“ 2009 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ასა და მ. ა-ეს შორის დამტკიცდა მორიგება. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმებას მიაღწიეს სადავო ბეს სახით გადახდილ თანხასთან დაკავშირებითაც – იმ შემთხვევაში, თუ მ. ა-ე არ შეასრულებდა მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას და 2009 წლის 24 ოქტომბრამდე არ წარმოადგენდა 74 000 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებას, მის მიერ ბეს სახით გადახდილი 253 000 აშშ დოლარი დარჩებოდა ნ. კ-ას, 2009 წლის 11 ივნისის ხელშეკრულება გაუქმდებოდა და მ. ა-ე გაათავისუფლებდა ი.ჭ-ის გამზირ N70-ში მდებარე №11 ბინასა და ამავე მისამართზე არსებულ მანსარდის სართულს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე ამოწერილია სააღსრულებო ფურცელი.
წარმოდგენილი სარჩელით მ. ა-ე ფაქტობრივად მოითხოვს მორიგების პირობის მის მიერ შესრულების ფაქტის შეფასებას. მხარის განმარტებით, 2009 წლის 24 სექტემბერს მას განზრახული ჰქონდა, შეთანხმებისამებრ, გადაეხადა ნ. კ-სათვის 74 000 აშშ დოლარი, თუმცა კრედიტორს მისთვის ცნობილ ვერც საცხოვრებელ ადგილას და ვერც ტელეფონის ნომერზე ვერ დაუკავშირდა. 2009 წლის 27 სექტემბერს კი, მ.ა-ემ ხსენებული თანხა შეიტანა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ მან მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად მიუთითა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებზე, რომლებითაც, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომელიც ნებაყოფლობით არ იქნა შესრულებული, აღსრულდება იძულებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ გაცემული სააღსრულებლო წარწერის საფუძველზე. სააღსრულებო წარწერის გაცემის შემდეგ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება აღსრულდება სააღსრულებო წარმოებისათვის სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხსენებული კანონის დანაწესი გულისხმობს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად არბიტრაჟის თავმჯდომარის მიერ სააღსრულებლო ფურცლის გაცემის შემდეგ ამ გადაწყვეტილების აღსრულებისას წამოჭრილი ყველა საკითხი დარეგულირდება სააღსრულებო წარმოებით და აღმასრულებლის ხელმძღვანელობით. აღსასრულებლად წარდგენილი გადაწყვეტილების შინაარსიდან სააღსრულებო ორგანო შეაფასებს, არსებობს თუ არა იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველი და დაირღვა თუ არა მორიგების აქტით გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებელი აწესებს სააღსრულებო პროცესის კანონიერების შემოწმების ბერკეტსაც, რადგან აღმასრულებლის მოქმედებების არასწორად მიჩნევის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით სააღსრულებო ორგანოს მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მ. ა-ის სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნა მართებულად შეაფასა და ჩათვალა, რომ მისი გადაწყვეტა არა სასამართლოს, არამედ სააღსრულებო ორგანოს კომპეტენციაში შედის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.