Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

ას-348-333-2012 19 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. გ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის მიმართ ქ.თბილისში, გ-ის ხ-ის №9-ში მდებარე მოსარჩელის მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების – 14760 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. გ-ს ე. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 14760 აშშ დოლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, გ-ის ხ-ის პ. ჩიხ №9-ში მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ. გ-ის სახელზე.

მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ საცხოვრებელი სახლი, რომლის ღირებულების ანაზღარებასაც ითხოვს მოსარჩელე მდებარეობს ქ.თბილისში, გ-ის ხ-ის პირვლი ჩიხ №9-ში მ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე და აშენებულია მოსარჩელე ე. ჩ-ის მიერ.

აუდიტის დასკვნის თანახმად, სადავო საცხოვრებელი სახლი 2010 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეფასებულია 14 760 აშშ დოლარად.

ამდენად, დადგენილია, რომ მოპასუხის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის) ღირებულება ე. ჩ-ის მიერ მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდგომ გაიზარდა 14 760 აშშ დოლარით (საცხოვრებელი სახლის ღირებულება).

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი და სამოქალაქო კოდექსის ნორმები უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ. ამდენად, მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად უთითებდა ასევე უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებსაც. ასევე საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულების 100 %-ის ანაზღაურება და არა საცხოვრებელი სახლის ღირებულების გარკვეული ნაწილის გადახდა, როგორც ამას „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ე. ჩ-ის სარჩელის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 976-991-ე მუხლების შესაბამისადაც (უსაფუძვლო გამდიდრება).

სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველი სარჩელი კონდიქციური ხასიათისაა. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს მისი სამართლებრივი საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორის ხარჯზე. მითითებული მუხლი ითვალიწინებს მიღებულის დაბრუნებას, რაც ნიშნავს, რომ, თუ გაუმჯობესება თავისი ბუნებით შესაძლებელს ხდის უშუალოდ მის დაბრუნებას, იგი უნდა გამოცალკევდეს და გადაეცეს პირს, ვის ხარჯზეც გამდიდრდნენ. ამავე კოდექსის 979-ე მუხლი ადგენს უკან დაბრუნების მოთხოვნის ზოგად ფარგლებს. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილით, თუ გაუმჯობესების გამოცალკევება შეუძლებელია, პირს უნდა დაუბრუნდეს მისი ის ღირებულება, რაც გაუმჯებესებისას ჰქონდა ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით. 979-ე მუხლის მე-3 ნაწილით, არ არსებობს ანაზღაურების მოვალეობა, თუ მიმღები საგნის მოხმარების, სხვისთვის გადაცემის, დაღუპვის, გაუარესების ან სხვა საფუძვლების გამო არც საგნით და არც მისი ღირებულებით არ გამდიდრებულა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ. გ-ის კუთვნილი სადავო უძრავი ქონების ღირებულება ე. ჩ-ის მიერ მასზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდგომ გაიზარდა 14 760 აშშ დოლარით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აღნიშნული ოდენობით თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. გ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა, რომ ე. ჩ-ის სარჩელი კონდიქციური ხასიათისაა და მ. გ-ი სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ე. ჩ-ის შვილი – გ. ტ-ე რეგისტრირებულია ქ.თბილისში, გ-ის ხ- №9-ში. გ.ტ-ის პირადობის მოწმობით დასტურდება, რომ იგი აღრიცხულია ქ.თბილისში, გ-ის ქუჩის (ხ-ის) პირველ ჩიხში.

სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხით, სადავო ნივთის შეფასება შეუძლებელია, რადგან სახლის პროექტი არ არსებობს. კასატორის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, საცხოვრებელი სახლი შეფასებულია 9840 აშშ დოლარად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის განჩინებით მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. გ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2012 წლის 20 იანვარს ლ. მ-ის მიერ გადახდილი 300 ლარისა და 2012 წლის 16 მარტს თ. გ-ის მიერ გადახდილი 920,53 ლარის, სულ – 1220,53 ლარის 70% – 854,37 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ მ. გ-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 2012 წლის 20 იანვარს №4804946 სალაროს შემოსავლის ორდერით ლ. მ-ის მიერ გადახდილი 300 ლარისა და 2012 წლის 16 მარტს თ. გ-ის მიერ №5 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 920,53 ლარის, სულ – 1220,53 ლარის 70% – 854,37 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.