Facebook Twitter

ბს-469-57-კ-05 21 ივლისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ფილიალის მიმართ და ითხოვა მოპასუხის 08.12.03წ. ¹58-კ ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით სამუშაოდან გათავისუფლდა შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც არასწორი იყო, რადგან მას არასაპატიო მიზეზით სამუშაო არ გაუცდენია და არც შინაგანაწესი დაურღვევია, ადმინისტრაციას არ ჩაუტარებია კრება მისი გათავისუფლების შესახებ, ადმინისტრაციამ გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად გაუგზავნა შრომის წიგნაკი, მაგრამ არ მოუხდენია მასთან საბოლოო ანგარიშსწორება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მ. ჯ-ეს მუშაობის პერიოდში ხშირად მოსდიოდა თანამშრომლებთან კონფლიქტი, მისი მხრიდან სამსახურის გაცდენამ სისტემატური ხასიათი მიიღო. მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა დისციპლინური სახდელის ზომები, კერძოდ, გამოეცხადა შენიშვნა და საყვედური. ფილიალის თანამშრომელთა განცხადების საფუძველზე მოწვეულ იქნა თანამშრომელთა კრება, რომელზეც განიხილეს თითოეული თანამშრომლის პრეტენზია მ. ჯ-ის მიმართ კონკრეტული ფაქტების მითითებით. თანამშრომელთა მოთხოვნას წარმოადგენდა ამ უკანასკნელის სამსახურიდან გათავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უარს აცხადებდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მათი ასეთი დამოკიდებულება გამოწვეული იყო 26 ნოემბერს მომხდარი ინციდენტით, კერძოდ, თანამშრომელთა მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფით, ელექტროენერგიის თვითნებური გათიშვითა და კომპიუტერული ტექნიკის გამორთვით, დირექტორის სამუშაო ოთახის აჭედვისა და საავადმყოფოს თანამშრომელთა უკან გაბრუნებით. აღნიშნული კრებას არ დაესწრო მ. ჯ-ე. გარდა ამისა, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც ადმინისტრაციას, შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ჰქონდა სამსახურიდან მისი გათავისუფლების უფლება.

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 17.02.04წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა 13.06.03წ. ¹22 და 01.07.03წ. ¹28 ბრძანებების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 27.05.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 17.02.04წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ჯ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა, 13.06.03წ. და 01.07.03წ. ბრძანებების არაკანონიერად აღიარების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა მ. შ-მა და მოსარჩელე მ. ჯ-ემ. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მ. ჯ-ე თავის მხრივ _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.11.04წ. განჩინებით სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და მ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.05.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.01.05წ განჩინებით მ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 17.02.04წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ჯ-ეს ფონდის ფილიალის უფროსის 13.06.03წ. და 01.07.03წ. ბრძანებები დისციპლინური სასჯელების _ შენიშვნისა და საყვედურის გამოყენების შესახებ 2003წ. დეკემბრამდე არ გაუსაჩივრებია. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შკკ-ის 204-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით დადგენილია ერთთვიანი ვადა. ამდენად, მ. ჯ-ის სარჩელი ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ჯ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა შკკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, დასაშვებია შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შინაგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობისათვის ან მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ჯ-ე სისტემატურად არღვევდა შრომის დისციპლინას, კერძოდ, მან დაარღვია ფონდის შრომის შინაგანაწესის 42-ე პუნქტი, რომლის თანახმად, თითოეული მუშაკი ვალდებულია ერთმანეთის მიმართ გამოამჟღავნოს ურთიერთპატივისცემა, მოთმინება, დაიცვას სამსახურებრივი წესრიგი. გარდა ამისა, მ. ჯ-ე სამსახურში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა 2003წ. 1 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რაც დადასტურებულია თვით მ. ჯ-ის მიერ. იგი 05.12.03წ. გამოცხადდა სამსახურში და უფასო შვებულება მოითხოვა, ხოლო შინაგანაწესის 25-ე, 27-ე და მე-40 პუნქტების თანახმად, მ. ჯ-ე ვალდებული იყო, დამორჩილებოდა უფროსის მითითებებს და სამსახურში შინაგანაწესის ნორმების შესაბამისად გამოცხადებულიყო, ხოლო მ. ჯ-ემ, მიუხედავად განცხადების უარყოფისა, მომდევნო დღეებში კვლავ მიმართა უფროსს უფასო შვებულებაში გაშვების მოთხოვნით. ამასთან, სამსახურში გამოცხადებისას არ მოუწერია ხელი გამოცხადების ჟურნალში და არ შეუსრულებია სამსახურებრივი მოვალეობა.

აღნიშნული განჩინება მ. ჯ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, სამსახურში აღდგენა და სამსახურში აღდგენამდე იძულებით განაცდური ხელფასის, თვეში 150 ლარის, სულ _ 3750 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ცალკეული გარემოებები არასწორად ცნო დადგენილად, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ფონდის ¹58-კ ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივ ადმინისტრაციულ აქტს, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას, სადავო ბრძანება არ შეიცავს წერილობით დასაბუთებას, რის გამოც კასატორის მოსაზრებით იგი კანონშეუსაბამოა. ბრძანების დაუსაბუთებლობის გამო პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა თავად მოიკვლიეს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, რითაც დაარღვიეს სასკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული სამართალწარმოების დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები. სასამართლოებმა სამსუხარიდან გათავისუფლების მიზეზად მიიჩნიეს ფილიალის შენობაში 26.11.03წ. მომხდარი ინციდენტი, კასატორი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში იმყოფებოდა შვებულებაში, რაც გამორიცხავს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესაძლებლობას. უმართებულოა სააპელაციო პალატის მიერ შინაგანაწესის 42-ე მუხლის მოშველიება, ვინაიდან ის აწესრიგებს სამუშაო დროის მომენტში მყოფი მუშაკების ურთიერთობებს. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას ამბროლაურის რ-ის პროკურორის 17.10.04წ. დადგენილებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ისეთი ფაქტი, რაც პროკურორის დადგენილებით არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან 26.11.03წ. ინცინდენტი არ წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს სააპელაციო პალატამ უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინებით იმსჯელა არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის საკითხზე. კასატორი თვლის, რომ სამსახურში გამოცხადება დასტურდება ფილიალის კანცელარიაში ჩაბარებული განცხადების ასლით, ამ პერიოდისათვის ხელფასის მიღებით, სამსახურში გამოუცხადებლობას არ ადასტურებს სარეგისტრაციო ჟურნალი, ვინაიდან იგი ფორმალურად არსებობდა.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ფილიალის უფროსის 13.06.03წ. ¹22 და 01.07.03წ. ¹28 ბრძანებები 2003წ. დეკემბრამდე მის მიერ არ გასაჩივრებულა. კასატორი აღნიშნავს, რომ ამ ბრძანებების გაუქმების მოთხოვნით 02.06.03წ. შეტანილი აქვს განცხადება ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში. განცხადების წარმოებაში მიღება დასტურდება მოპასუხის შესაგებლით. ვინაიდან სარჩელი განხილული არ ყოფილა, კასატორმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დასვა შუამდგომლობა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებასთან ერთად აღნიშნული ბრძანებების გაუქმების შესახებ.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმე განხილულ იქნა სსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციური ხასიათი, სასკ-ის მე-3, მე-19 მუხლების მოთხოვყნები გამორიცხავენ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სრული დისპოზიციურობის მოთხოვნას და უფლებამოსილს ხდის სასამართლოს გამოავლინოს ინიციატივა საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა შინაგანაწესის 42-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თითოეული მუშაკი ვალდებულია, ერთმანეთის მიმართ გამოავლინოს ურთიერთპატივისცემა, მოთმინება, სამსახურებრივი წესრიგის დაცვა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მუშაკებს შორის ურთიერთპატივისცემის, სამსახურებრივი ეტიკეტის და ზნეობრივი ნორმების დაცვის ვალდებულება არ მოიცავს მხოლოდ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულების პერიოდს, ამდენად, ის გარემოება, რომ 26.11.03წ. მომხდარი ინციდენტის დროს კასატორი შვებულებაში იმყოფებოდა არ წარმოადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების საფუძველს, მით უფრო, რომ ინციდენტი მოხდა სამუშაო ადგილას, სამუშაო საათებში.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ამბროლაურის რ-ის პროკურორის 17.11.04წ. დადგენილებას. აღნიშნული დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე შეწყდა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ხულიგნობა) ნიშნების არარსებობის გამო. სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ქმედებაში დანაშაულის ნიშნის არარსებობის გამო არ ადასტურებს იმას, რომ ადგილი არ ჰქონდა მ. ჯ-ის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენას, ხელმძღვანელის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო 01.-05. 12.03 წ. სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პალატის მითითების გარეშეც იყო ვალდებული ემსჯელა არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებაზე. მ. ჯ-ის მიერ ფილიალის ადმინისტრაციის სახელზე შეტანილი განცხადებების ასლები არ ადასტურებენ ამ პერიოდში მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების აღსრულებას. 01-05. 12.03 წ. სამსახურში გამოუცხადებლობა დასტურდება 01.12.03წ. აქტით, ფილიალის უფროსის დ. ვაჩაძის წერილით, კრების ოქმით, სარეგისტრაციო ჟურნალით. საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარეგისტრაციო ჟურნალი ფორმალურად არსებობდა. შრომის შინაგანაწესის 27-ე მუხლის თანახმად, თითოეული მუშაკი ვალდებულია სამუშაოზე გამოცხადებისთანავე და წასვლისას ხელი მოაწეროს სამუშაოზე მუშაკთა აღრიცხვა-გამოცხადების სპეციალურ ჟურნალში. საქმეში დაცული ჟურნალის ამონაწერით დასტურდება, რომ შინგანაწესის აღნიშნული მოთხოვნა სრულდებოდა ფილიალის მუშაკების მიერ.

საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილიალის ხელმძღვანელს არ ჰქონდა მ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების უფლებამოსილება. ფონდის გენ.დირექტორის 06.01.03წ. დამტკიცებული სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის შრომის შინაგანაწესის თანახმად სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები წარმოადგენენ ფონდის ადმინისტრაციას (შრომის შიგანაწესის მე-4 პუნქტი), რომელსაც გააჩნია ორგანიზაციულ-განკარგულებითი უფლებამოსილება დაქვემდებარებულ მუშაკთა მიმართ, მათ შორის შკკ-ის საფუძველზე და ფონდის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში უფლებით შეწყვეტოს მუშაკებთან შრომითი ხელშეკრულება (მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი).

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ კასატორი მ. ჯ-ე მუშაობდა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფიო ფონდის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფილიალში უფროს ...ად. ფილიალის უფროსის 13.06.03წ. ბრძანებით მ. ჯ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სასჯელი შენიშვნის სახით. ფილიალის უფროსის 01.07.03წ. ბრძანებით მ. ჯ-ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სასჯელის სახე- საყვედური. ფილიალის უფროსის 08.12.03 წ. ¹258 ბრძანებით მ. ჯ-ე, შკკ-ის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდა წამყვანი ...ის თანამდებობიდან. შკკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დასაშვებია შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ვადამდე შეწყვეტა ადმინისტრაციის ინიციატივით, მუშაკის მიერ შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) ან შრომის შიგანაწესის სისტემატური შეუსრულებლობისათვის, ან მის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, თუ მუშაკის მიმართ ადრე გამოყენებული იყო დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება.

იმის გათვალისწინებით, რმო შკკ-ის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ადმინიტსტრაციას შეუძლია ვადამდე მოითხოვოს მუშაკთან დადებული შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეწყვეტა იმ შემთხვევაში თუ მუშაკის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიება ადრე უკვე იყო გამოყენებული, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს ფონდის რეგიონალური ფილიალის ადმინისტრაციის მიერ მ. ჯ-ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების ადრე გამოყენების ფაქტის დადგენას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განჩინების მითითებანი. სააპელაციო პალატა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს წარმოებაში არ ჰქონია მ. ჯ-ის სარჩელი ფილიალის უფროსის 13.06.01წ. და 01.07.03წ. ბრძანების ბათილად ცნობაზე, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ აღნიშნული ბრძანებები დისციპლინური სასჯელების _ შენიშვნისა და საყვედურის გამოყენების შესახებ მ. ჯ-ის მიერ არ გასაჩივრებულა 2003წ. დეკემბრამდე. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 02.07.03წ. მ. ჯ-ეს შემოტანილი აქვს განცხადება 13.06.03წ. და 01.07.03წ. ბრძანებების ბათლად ცნობის მოთხოვნით, რაც დასტურდება ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ცნობით და დ. ვაჩაძის 25.08.03წ. შესაგებლის ტექსტით, რომელიც ეხება მის მიერ გამოყენებული დისციპლინური სასჯელის ზომებს. შემდგომში საქმე აცილების წესით გადაეგზავნა ონის რაიონულ სასამართლოს, რომლის 14.07.03წ. განჩინებით სარჩელი დატოვებულ იქნა უმოძრაოდ. მ. ჯ-ის სარჩელის უმოძრაოდ დატოვების საფუძვლად დაედო ხარვეზის შეუვსებლობა. საქმეზე არ არის დადგენილი გასაჩივრდა თუ არა ონის რაიონული სასამართლოს განჩინება სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ, არ არის დადგენილი, აგრეთვე, ის, თუ როდის იქნა შეტანილი ხელმეორედ სარჩელი მ. ჯ-ის მიერ (ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 18.01.05წ. ცნობის თანახმად, სარჩელი შეტანილ იქნა 20.10.03წ., ხოლო ამავე სასამართლოს 27.04.05წ. გაცემული ცნობის მიხედვით სარჩელი მ. ჯ-ის მიერ 14.07.03წ. იქნა აღძრული), მოითხოვდა თუ არა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში შეტანილი მეორე სარჩელით მ. ჯ-ე ფილიალის უფროსის 13.06.03წ. და 01.07.03წ. ბრძანებების გაუქმებას, რა ბედი ეწია მ. ჯ-ის მეორე სასარჩელო განცხადებას. ამდენად, ვინაიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრით ჩერდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დისციპლინური სასჯელების გამოყენების თაობაზე მიღებული ბრძანებები მ. ჯ-ეს ცალკე, 2003წ. დეკემბრამდე არ გაუსაჩივრებია და ამდენად მ. ჯ-ის მოთხოვნა ფონდის ფილიალის უფროსის 13.06.03წ. და 01.07.03წ. ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში არის ხანდაზმული, არ არის საკმარისად დასაბუთებული და საჭიროებს ზემოაღნიშნული გარემოებების დამატებით გამოკვლევას. იმ შემთხვევაში, თუ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო პალატა მივა დასკვანმდე, რომ მ. ჯ-ეს არ აქვს გაცდენილი ხსენებული ბრძანებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადა, სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა იმსჯელოს ფონდის ფილიალის უფროსის 13.06.03წ. და 01.07.03წ. ბრძანებების მართლზომიერების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის გარემოებათა დამატებით გამოკვლევას, სსკ-ის 377-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სრულყოფილ შემოწმებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.01.05წ. განჩინება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.