ას-352-336-2012 11 აპრილი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს ს-ს რ-ა“ (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - დ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე - „ბ. ი. ბ.ვ-ს“ საქართველოს ფილიალი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს-ს რ-ამ“ ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ. ი. ბ.ვ-ს“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, მოპასუხისათვის 59 911,93 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ს-ს რ-ა“ 2007 წლის თებერვლიდან იმავე წლის ივლისამდე ახორციელებდა შპს „ბ. ი. ბ.ვ-ს“ ტვირთის გადაზიდვას. მოპასუხემ ვერ აანაზღაურა ტვირთის გადაზიდვის ღირებულება, რის გამოც მოსარჩელის მიმართ 59 911,93 ლარის დავალიანება დაუგროვდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ტვირთის გადაზიდვის საფასურს ყოველთვის წინასწარ იხდიდა, შესაბამისად, გაუგებარი იყო, რა დავალიანებაზე დავობდა შპს „ს-ს რ-ა“, ამასთან სარჩელი ხანდაზმული იყო.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,ს-ს რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „ს-ს რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. შპს „ს-ს რ-ამ“ 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ივლისის ჩათვლით განახორციელა შპს ,,ბ. ინტერნეიშენალ ბ.ვ-ს“ კუთვნილი ტვირთების სარ-ო გადაზიდვა N4126490, 34037044, 34050054 და სხვა ვაგონების საშუალებით;
2. შპს „ს-ს რ-ას“, გარდა ზემოაღნიშნული 3 ვაგონისა, არა აქვს მითითებული კონკრეტულად იმ ვაგონების ჩამონათვალი, რომელთა საშუალებით გადაზიდული ტვირთის გადაზიდვის საფასურის მოპასუხისათვის დაკისრებასაც ითხოვს;
3. შპს ,,ს-ს რ-ამ‘‘ სარჩელი სასამართლოში შპს ,,ბ. ინტერნეიშენალ ბ.ვ-სათვის“ 59 911,93 ლარის დაკისრების მოთხოვნით 2011 წლის 1 ივნისს აღძრა;
4. მოსარჩელეს სარ-ო გადაზიდვის საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის თებერვლიდან 2007 წლის ივლისის ჩათვლით ;
5. მოპასუხე მოსარჩელეს გადაზიდვის საფასურს წინასწარ ტვირთის გადაზიდვის განხორციელებამდე უხდიდა, საგადასახადო ანგარიშფაქტურების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს 2007 წლის თებერვლის თვიდან იმავე წლის ივლისის თვის ჩათვლით განხორციელებულ სარ-ო გადაზიდვებთან დაკავშირებით ერთმანეთის მიმართ გადაზიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული ჰქონდათ და მოპასუხეს დავალიანება არ გააჩნდა, ამასთან, მოცემულ შემთხვევაში გასული იყო, როგორც ერთწლიანი, ასევე სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწილიანი ხანდაზმულობის ვადაც.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შპს „ს-ს რ-ამ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, ვინაიდან დავა სარ-ო გადაზიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებას შეეხებოდა, სააპელაციო სასამართლოს, გარდა სამოქალაქო კოდექსის 668-708 მუხლებისა, საქართველოს სარკინგიზო კოდექსითაც უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც უფრო დეტალურად აწესრიგებს მხარეთა ვალდებულებებს. სააპელაციო სასამართლოს ასევე უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 361-ე მუხლები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 მარტის განჩინებით შპს „ს-ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს-ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომლებსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ვერც კასატორი მიუთითებს ამგვარ დარღვევებზე, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც შპს „ს-ს რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2995,60 ლარის) 70% - 2096,92 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს-ს რ-ის“ (საიდენტიფიკაციო N...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) დაუბრუნდეს 2012 წლის 17 თებერვლის N92 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2995,60 ლარის) 70% - 2096,92 ლარი სს „ბანკი რესპუბლიკის“ მეშვეობით;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.