ას-364-345-2012 19 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. ჭ-ი, ნ. მ-ე, ც. მ-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. მ-ის, ც. მ-ისა და თ. ჭ-ის მიმართ სოლიდარულად 16 000 ლარის დაკისრებისა და ნ. მ-ისათვის სს „... ბანკის“ სასარგებლოდ 9 722 ლარისა და 1 735,99 აშშ დოლარის გადახდევინების მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი და პროცენტის დაკისრების ნაწილში, ამასთან, მოითხოვეს პირგასამტეხლოს შემცირება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ. მ-ეს, ც. მ-ეს და თ. ჭ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2007 წლის 28 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის – 2 914,31 ლარის, პროცენტის – 2 079,18 ლარისა და პირგასამტეხლოს – 800 ლარის ანაზღაურება, ასევე, ნ. მ-ეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 28 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების – 46,9 ლარის, პროცენტის – 53,54 ლარის, პირგასამტეხლოს – 50 ლარის გადახდა, 2008 წლის 25 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი, ძირითადი დავალიანების – 1 001,36 ლარის, პროცენტის – 1 281,94 ლარისა და პირგასამტეხლოს – 150 ლარის ანაზღაურება, ნ. მ-ეს დაეკისრა საკრედიტო ბარათზე არსებული დავალიანება – 1 735,99 აშშ დოლარი და სს „... ბანკს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე პირგასამტეხლოს სახით 17 344,77 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. ჭ-მა და ც. მ-ემ შეიტანეს სააპელაციო საჩივარი, ხოლო ნაწილობრივ, დაკისრებული თანხის შემცირების მოთხოვნით ნ. მ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ნ. მ-ეს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმის მასალებით დადგინდა, რომ სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტ ნ. მ-ეს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი 2012 წლის 18 იანვარს პირადად ჩაბარდა ნ. მ-ეს, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერითა და მიმღების პირადი ნომრის მითითებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ბოლო მეათე დღე – 2012 წლის 28 იანვარი დაემთხვა ყოველკვირეულ დასვენების დღეს – შაბათს, ამდენად, ნ. მ-ეს ხარვეზის შევსება შეეძლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღის, 2012 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
საქმის მასალებით დადასტურდა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც საპატიო მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით განუხილველად დარჩა თ. ჭ-ისა და ც. მ-ის სააპელაციო საჩივარიც, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის განჩინების ასლი, რომლითაც აპელანტებს განესაზღვრათ ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა, ადრესატ თ. ჭ-ს ჩაბარდა 2012 წლის 9 იანვარს, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით და მიმღების პირადი ნომრის მითითებით. აქვე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეტყობინების ბარათზე ადრესატის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ისე გზავნილის მიმღების შტრიხული ხელმოწერის სახით.
ც. მ-ისათვის გაგზავნილი განჩინების ასლი კი 2012 წლის 18 იანვარს ჩაბარდა ადრესატის მეუღლეს – ნ. მ-ეს. სააპელაციო პალატამ აქვე აღნიშნა, რომ შეტყობინების ბარათზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ისე გზავნილის მიმღების შტრიხული ხელმოწერის სახით. გარკვევითაა მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი და მიმღების ადრესატთან დამოკიდებულება, რაც გზავნილის თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებები მათი გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ჭ-მა, ც. და ნ. მ-ეებმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ხარვეზი და აპელანტებს განესაზღვრათ ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. აპელანტებმა სააპელაციო პალატას მიმართეს ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შუამდგომლობით და მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც ვერ იხდიდნენ სახელმწიფო ბაჟს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტაცია და აპელანტები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან არ გაათავისუფლა, მათ განმეორებით დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
კერძო საჩივრის ავტორთა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დასაბუთებული იყო და სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა მათი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჭ-ის, ნ. და ც. მ-ეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ მისი გამოსწორება.
აპელანტებმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს. ნ. მ-ემ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელება, ხოლო დანარჩენმა აპელანტებმა ასევე იშუამდგომლეს დამატებითი ვადის მიცემის შესახებ.
სააპელაციო პალატამ აპელანტთა მოთხოვნა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ დააკმაყოფილა და დაავალათ 10 დღეში ხარვეზის გამოსწორება, რის თაობაზეც განჩინების ასლები თ. ჭ-ს – 2012 წლის 9 იანვარს, ც. და ნ. მ-ეებს კი – 2012 წლის 18 იანვარს ჩაბარდათ.
აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივრები მართებულად დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ გაათავისუფლა ისინი, ვინაიდან არც ასეთი შუამდგომლობა და არც სახელმწიფო ბაჟის გადახისაგან გათავისუფლებისათვის საჭირო კანონით გათვალისწინებული წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ წარუდგენია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ჭ-ის, ნ. და ც. მ-ეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.