ას-372-353-2012 17 აპრილი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ დ. ს-ი, ბ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს ,,... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ს-ისა და ბ. გ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 დეკემბრის განჩინებით დ. ს-ისა და ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა და დაევალათ, წარმოედგინათ 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით დ. ს-ისა და ბ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელებულ იქნა დამატებით 7 დღით და აპელანტებს დაევალათ, წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის გადახდის ქვითარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტების დ. ს-ისა და ბ. გ-ის წარმომადგენელ ე. გ-ეს პირადად ჩაჰბარდა 2012 წლის 26 იანვარს. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებების საფუძველზე დასტურდება, რომ ე. გ-ე წარმოადგენს დ. ს-ისა და ბ. გ-ის ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში და სარგებლობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით წარმომადგენლისათვის მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება (გზავნილი) მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს, შესაბამისად, გზავნილის ე. გ-ისათვის ჩაბარება ასევე მიიჩნევა აპელანტებისათვის, დ. ს-ისა და ბ. გ-ისათვის ჩაბარებად.
სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა გამოსწორებულიყო 7 დღის ვადაში (2012 წლის 26 იანვრიდან 2012 წლის 2 თებერვლის ჩათვლით). დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტების შესაძლებლობა, გამოესწორებინათ ხარვეზი, მიიჩნია გაქარწყლებულად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ს-მა და ბ. გ-ემ შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევითა და ფიზიკურ პირთა ქონებრივი მძიმე მდგომარეობის გაუთვალისწინებლობით კერძო საჩივრის ავტორებს ბაჟის გადახდისაგან გადავადების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რამაც განაპირობა, რომ დ.ს-სა და ბ.გ-ეს ჩამოერთვათ საერთაშორისო კანონმდებლობით აღიარებული და კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ისა და ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დ.ს-ისა და ბ.გ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განისაზღვრა 10 დღის ვადა. 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდათ 7 დღით. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით დ.ს-ისა და ბ.გ-ის წარმომადგენელ ე. გ-ეს ჩაჰბარდა 2012 წლის 26 იანვარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის განჩინებით მითითებული ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2012 წლის 2 თებერვალს.
აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შვიდდღიანი ვადა დაარღვიეს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ მასYფინანსურად უჭირდა და უნდა გადავადებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის გათავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისს არ წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ. ს-ისა და ბ. გ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ს-ისა და ბ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.