ას-373-354-2012 11 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – მაია სულხანიშვილი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ. გ-ის და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე - სს „... ბანკის“ სარჩელის გამო მოპასუხეები ე. ი-ის, ჯ. გ-ის და თ. ჩ-ის მიმართ თანხის დაკისრება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ჯ. გ-ის და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 მარტის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 4 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 412.43 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა და ე. ი-ის სახელზე გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისრაციის მოწმობა დღეის მდგომარეობით .
2012 წლის 20 მარტს ე. ი-ის წარმომადგენლმა ლ. კ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, რასაც დაურთო ე. ი-ის სახელზე გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისრაციის მოწმობა.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის განჩინებით ჯ. გ-ეს და თ. ჩ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 4 დღით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და 2012 წლის 28 მარტს ჩაბარდა თ. ჩ-ს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2012 წლის 2 აპრილს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორების მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. გ-ის და თ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.