Facebook Twitter

ას-390-369-2012 23 აპრილი, 2012 წელი

ქ .თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. კ-ა, კ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ტ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,... ბანკმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ასა და კ. ბ-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეში სს ,,... ბანკის“ უფლებამონაცვლედ ჩაება მ. ტ-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ასა და კ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ამ და კ. ბ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით სასამართლომ ნ. კ-ასა და კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად მიიჩნია, შესაბამისად, აპელანტ ნ. კ-ასა და კ. ბ-ს დაევალათ, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით, მათთვის დაკისრებული თანხის 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (შემოსავლის ორდერი), მაგრამ არანაკლებ 150 და არა უმეტეს 5000 ლარისა. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტებს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გაეგზავნათ და ნ. კ-ას 2011 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდა. 2011 წლის 30 ნოემბერს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და წარმოუდგინეს ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ბ-ისა და ნ. კ-ასათვის დაკისრებული თანხის პროპორციულად, მათ მიერ გადასახდელი ბაჟის ოდენობა 5000 ლარს შეადგენს. აპელანტებმა ბაჟის სახით მხოლოდ 150 ლარი გადაიხადეს, შესაბამისად, მათ გადასახდელი დარჩათ 4850 ლარი. ამდენად, სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი განცხადება, აღნიშნული არ მიიჩნია ხარვეზის სრულად გამოსწორებად და 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით აპელანტებს 7 დღით გაუგრძელა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა. 2011 წლის 26 დეკემბერს აპელანტმა კ. ბ-მა კვლავ მიმართა სასამართლოს განცხადებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე.

სასამართლომ განიხილა რა აპელანტ კ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება, მიიჩნია, რომ მისი შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მას ხარვეზის შესავსებად 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით მიეცა გონივრული ვადა, დამატებით, 5 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის განჩინების შინაარსი აპელანტ კ. ბ-ს 2012 წლის 13 იანვარს სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ, ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად დაუშვებლობის გამო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება 2012 წლის 13 იანვარს, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი 2012 წლის 14 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 18 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ოთხშაბათი. ამდენად, აპელანტს ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2012 წლის 18 იანვრის ჩათვლით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ, საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, აპელანტმა კ. ბ-მა 2012 წლის 18 იანვარს კვლავ მომართა სასამართლოს, თუმცა, არა ხარვეზის შევსების მიზნით, არამედ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების საფუძვლით. სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს ერთხელ დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო ორჯერ გონივრული ვადით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა. ამდენად, სასამართლო მიიჩნია, რომ აპელანტებს ჰქონდათ გონივრული ვადა იმისათვის, რომ შეევსოთ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რაც შეეხება ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელებას, აღნიშნული საპროცესოსამართლებრივი ქმედებით დაირღვევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი, მით უმეტეს, რომ სასამართლო სამართალწარმოების აღნიშნულ ეტაპზე უკვე მიიჩნევს, რომ მხარის შუმდგომლობები ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, რითაც ილახება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. კ-ამ და კ. ბ-მა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ისე დატოვა წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მიზნით განსაზღვრული ვადა არ იყო გონივრული. აღნიშნულით, სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რაც ლახავს ადამიანის უფლებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ასა და კ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით, წარდგენილი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის შემდეგ დასაბუთებას, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესოსამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ხუთდღიანი ვადა დაარღვიეს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია შემდეგ გარემოებათა გამო:

ნ.კვარცხელია და კ.ბ-ი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ, რომ მათ ფინანსურად უჭირდათ და უნდა გადავადებოდათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია, ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებენ ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის გათავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას კი მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, საკმარისს არ წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. მოცემული მუხლის დანაწესიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება სასამართლოს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, თუ საქმის განმხილველი სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა დადგენილი ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით წარმოადგენს პროცესის გაჭიანურებას და უფლების არამართლზომიერად გამოყენებას, რითაც ილახება მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები, შეუძლია არ დააკმაყოფილოს იგი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სამოქალაქო საქმეებს სასამართლოები განიხილავენ განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს 2 თვისა, ხოლო განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებზე განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა. ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საქმე (სააპელაციო საჩივარი) კანონით დადგენილ ვადაში უნდა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელება, წარმოადგენს არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ, პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ. კ-ასა და კ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. კ-ასა და კ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.