ას-395-374-2012 3 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ტ. ზ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ტ. ზ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ს-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ტ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაზეც საჩივარი შეიტანა ვ. ს-ემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ვ. ს-ის საჩივარი არ გაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2010 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ტ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ზ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქმის მასალებიდან ნათელია, რომ კასატორის წარმომადგენელ ც. დ-ისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, რასაც ის ადასტურებს ხელმოწერით. (იხ. ტ.III, ს.ფ.49).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვ. ს-ე არ მიეკუთვნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გადაწყვეტილების ასლი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 31 იანვარი, ხოლო 30-ე დღე - 10 თებერვალი, ამდენად კასატორს ან მის წარმომადგენელს შეეძლო, მისულიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი 2012 წლის 31 იანვრიდან 2012 წლის 10 თებერვლამდე. საქმიდან ირკვევა, რომ ვ. ს-ეს ან მის წარმომადგენელს აღნიშნულ ვადაში არ მიუმართავთ სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2012 წლის 10 თებერვლიდან.
საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 10 თებერვალს და დამთავრდა 2012 წლის 1 მარტს. საკასაციო საჩივარი კი ფოსტას ჩაბარდა 2012 წლის 6 მარტს (იხ. ტ.III, ს.ფ.71). ფოსტისთვის ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის 2012 წლის 6 მარტს ჩაბარების ფაქტი ასევე უდავოდ დასტურდება შპს ,,სკს“ ფოსტის მომართვითა და გზავნილის მდგომარეობის შესახებ ამონაწერით (იხ. ტ.III, ს.ფ.89-90), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია გასაჩივრების ოცდაერთდღიანი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
ვ. ს-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ნიკოლოზ ლონგურაშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 4 182 ლარი (2012 წლის 9 მარტი, სალაროს შემოსავლის ორდერი #1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.