ას-398-377-2012 2 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ქ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ტ-ე, ს. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ტ-ის და ს. ა-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მელანია ბარსეღიანის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ საკუთრების მინდობის შესახებ სანოტარო აქტის და ჩუქების ხელშეკრულების ბათილდ ცნობა, სამკვიდრო ქონების გამოთხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა (ქ. ტ-ის სარჩელში) საკუთრების მინდობის შესახებ სანოტარო აქტის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ს. ა-ის სარჩელში), ანდერძების ბათილად ცნობა (მელანია ბარსეღიანის სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ტ-ის და ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი და მელანია ბარსეღიანის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. ტ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილორბივ, ბათილად იქნა ცნობილი გაიანე ხაჩატურიანს და მელანია ბარსეღიანს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული მოძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, გაიანე ხაჩატურიანის სამკვიდრო ქონება – მოძრავი ნივთები გამოთხოვილ იქნა მელანია ბარსეღიანის მფლობელობიდან და გადაეცა ანდერძით მემკვიდრეს – ქ. ტ-ეს, ს. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი გაიანე ხაჩატურიანს და მელანია ბარსეღიანს შორის 2009 წლის 22 აპრილს დადებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ჭ-ის ქ. №4, ბ. 7 ნასყიდობის ხელშეკრულება, არ დაკმაყოფილდა ქ. ტ-ის და ს. ა-ის სარჩელები, გაიანე ხაჩატურიანის მიერ მელანია ბარსეღიანზე გაცემული საკუთრების მინდობის 2009 წლის 16 აპრილის სანოტარო აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა მელანია ბარსეღიანის შეგებებული სარჩელი გაიანე ხაჩატურიანის მიერ 2009 წლის 21 აპრილს გაცემული ანდერძების ბათილად ცნობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჩ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაიო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 16 მარტის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა ქ.ჩ-ეს, მაგრამ სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 მარტის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 2000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ზემოაღნიშნული განჩინების ასლი ქ. ჩ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 20 მარტს. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 26 მარტს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ქ. ჩ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.