ას-401-380-2012 2 აპრილი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ვ. ზ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ გორის N7 საჯარო სკოლა, სკოლის დირექტორი ნ. ი-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ზ-მა გორის რაიონულ სასამართლოს გორის N7 საჯარო სკოლის, დირექტორ ნ. ი-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა მოპასუხის N390, N392, N 393, N395 ბრძანებების ბათილად ცნობის, ახალი ბრძანების გამოცემისა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 800 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოსარჩელის მითითებით, სადავო ბრძანებები არ შეესაბამება კანონიერ ძალაში შესულ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და კანონის მოთხოვნებს. მათი მიღებით სკოლის დირექტომა ბოროტად გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და განახორციელა დევნა ვ. ზ-ის მიმართ. ამ უკანასკნელს არ მიეცა მასწავლებლად მუშაობის შესაძლებლობა. ნ. ი-ის ბრალეული ქმედებით ხელყოფილია ვ. ზ-ის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. მოსარჩელეს დაუზიანდა ფსიქიკა და ნერვული სისტემა.
გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. 01.11.2007წ. ვ. ზ-სა (დასაქმებული) და სსიპ გორის N7 საჯარო სკოლას (დამსაქმებელი) შორის გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 01.09.2012 წლამდე;
2. სსიპ გორის №7 საჯარო სკოლის დირექტორის 07.04.2009წ. №411 ბრძანებით 08.04.2009 წლიდან მასწავლებლობიდან გათავისუფლდა და საათობრივი დატვირთვა მოეხსნა სკოლის ისტორიის მასწავლებელს ვ. ზ-ს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ გორის №7 საჯარო სკოლის დირექტორის 07.04.2009წ. №411 ბრძანება, ვ. ზ-ი აღდგენილ იქნა სსიპ გორის №7 საჯარო სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე სკოლასა და ვ. ზ-ს შორის 01.11.2007წ. დადებული №45 შრომითი ხელშეკრულების პირობებითა და მისი მოქმედების ვადით, სსიპ გორის №7 საჯარო სკოლას დაეკისრა ვ. ზ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 08.04.2009 წლიდან თვეში 32 ლარისა და 76 თეთრის ოდენობით სამუშაოზე აღდგენამდე. გადაწყვეტილება 2011 წლის 2 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში;
4. სსიპ გორის N7 საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 07 ივნისის N390 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 7 აპრილის N411 ბრძანება და ვ. ზ-ი აღდგენილ იქნა ამავე სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე სამ საათიანი კვირეული დატვირთვით მე-8 კლასში 2011 წლის 8 ივნისიდან სკოლასა და ვ. ზ-ს შორის 01.11.2007წ. დადებული N45 შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და მისი მოქმედების ვადით. ამავე ბრძანებით განისაზღვრა ვ. ზ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2009 წლის 8 აპრილიდან 2011 წლის 7 ივნისის ჩათვლით ;
5. 2011 წლის 7 ივნისის N390 ბრძანება ვ. ზ-ს გადაეცა ამავე დღეს და ეცნობა საგაკვეთილო დატვირთვა. 2011 წლის 08 ივნისს ვ. ზ-ს გაკვეთილები არ ჩაუტარებია. იგი სკოლაში გამოცხადდა 08 ივნისს 15 სთ. 20 წუთზე და წარმოადგინა განცხადება დირექტორის სახელზე, რომლითაც არ დაეთანხმა N390 ბრძანებაში მითითებულ ყოველკვირეულ სამ საათიან დატვირთვას;
6. 2011 წლის 9 ივნისს ვ. ზ-ს გაეგზავნა მოპასუხე საზოგადოების შეტყობინება N500 და დამატებით ეცნობა საგაკვეთილო დატვირთვა (დღეებისა და საათების მითითებით), მიეცა წინადადება გამოცხადებულიყო სამსახურში შრომითი მოვალეობების შესასრულებლად;
7. სსიპ გორის 7 საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 9 ივნისის N392 ბრძანებით ვ. ზ-ს, ამავე წლის 8 ივნისს სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, საყვედური გამოეცხადა;
8. სსიპ გორის N7 საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 10 ივნისის N393 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი ამავე სკოლის დირექტორის 2011 წლის 7 ივნისის N390 ბრძანებაში. ბრძანება ჩამოყალიბდა შემდეგი შინაარსით: ბათილად იქნას ცნობილი სსიპ გორის N7 საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 07 აპრილის N411 ბრძანება; ვ. ზ-ი აღდგენილ იქნას ამავე სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე სკოლასა და ვ. ზ-ს შორის 01.11.2007წ. დადებული N45 შრომითი ხელშეკრულების პირობებისა და მისი მოქმედების ვადით (ორ საათიანი კვირეული დატვირთვით); ვ. ზ-ს მიეცეს განაცდური 2009 წლის 8 აპრილიდან 2011 წლის 8 ივნისამდე თვეში 32 ლარის და 76 თეთრი;
9. 2011 წლის 10 ივნისს ვ. ზ-ს გაეგზავნა მოპასუხე საზოგადოების მიმართვა N503, რომლითაც დამატებით ეცნობა საგაკვეთილო დატვირთვა (დღეებისა და საათების მითითებით) და მიეცა წინადადება გამოცხადებულიყო სამსახურში შრომითი მოვალეობების შესასრულებლად. ამავე შეტყობინებით მას განემარტა 2011 წლის 9 ივნისის N392 და 10 ივნისის N393 ბრძანებათა შინაარსი;
10. ვ. ზ-ს 2011 წლის 7 ივნისის ბრძანების მიღების შემდეგ სასწავლო პროცესში მონაწილეობა არ მიუღია;
11. სადავო ბრძანებათა არამართლზომიერებაზე მითითებით, ვ. ზ-მა 2011 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა მოპასუხე სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და მანდატურის სამსახურის უფროსს;
12. სსიპ გორის N7 საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 15 ივნისის N395 ბრძანებით სკოლასა და ვ. ზ-ს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა;
13. ვ. ზ-ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია მკვეთრი (პირველი ჯგუფის) უსინათლობის გამო (უვადოდ) და იღებს შესაბამის პენსიას 80+10 ლარის ოდენობით;
14. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ნ. ი-ის მიერ ვ. ზ-ის პატივის და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ასევე ფსიქიკისა და ნერვული სისტემის დაზიანების ფაქტს ადგილი ჰქონდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ზ-მა დაარღვია შრომითი ხელშეკრულების პირობები და შრომის დისციპლინა, რის შემდგომაც სსიპ გორის N7 საჯარო სკოლას, როგორც დამსაქმებელს, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი წარმოეშვა.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვ. ზ-მა ვერ დაადასტურა მოპასუხე ნ. ი-ის მიერ მისი პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ასევე ფსიქიკისა და ნერვული სისტემის დაზიანების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობდა მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვ. ზ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები იდენტურია შინაარსობრივად და გვერდების რაოდენობითაც. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული დარღვევები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 მარტის განჩინებით ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც ვ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ. ზ-ის (პირადი №…) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.