ას-406-385-2012 30 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2011 წლის მაისის თვეში მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 3000 აშშ დოლარი, ხოლო მოვალის მიერ ვალის აღიარება მოხდა 2011 წლის 11 აგვისტოს. ქ.კ-ის ქონებრივი მდგომარეობა გაუარესებულია და გაზრდილია მისი ვალები.
ქ. კ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით ქ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით აპელანტ ქ. კ-ეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 120 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება 2012 წლის 25 იანვარს ჩაჰბარდა აპელანტის წარმომადგენელ ალექსი გაბუნიას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექის 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, აპელანტისათვის სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დანიშნული 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ასლის მისთვის გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2012 წლის 26 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 4 თებერვალს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, იყო ყოველკვირეული დასვენების დღე. შესაბამისად, აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის ბოლო დღე იყო მომდევნო პირველი სამუშაო დღე - 2012 წლის 6 თებერვალი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. კ-ემ შემდეგი დასაბუთებით: გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან, საქმის განხილვაზე ქ.კ-ეს უარი ეთქვა იმის გამო, რომ, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შესძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული კი, ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით ქ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებადაც განისაზღვრა 10 - დღიანი ვადა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ქ.კ-ის წარმომადგენელ ალექსი გაბუნიას ჩაჰბარდა 2012 წლის 25 იანვარს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით მითითებული ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 2012 წლის 6 თებერვალს.
აქედან გამომდინარე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადა დაარღვია.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმას, რომ მასYფინანსურად უჭირდა და უნდა გათავისუფლებულიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. კერძო საჩივრის ავტორმა დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ შეავსო, ამასთან, მან ვერ დაადასტურა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ სასამართლო ხარჯების გადახდის განთავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხოლოდ მხარის განმარტება მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ საკმარისს არ წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი, ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქ. კ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.