ას-416-394-2012 26 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „... ბანკი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელი მიმართა სს „... ბანკმა“ მოპასუხე გ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 65753.02 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. კ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2006 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 8000 აშშ დოლარის გადახდა, მათ შორის: ძირითადი თანხა – 5700 აშშ დოლარი; პროცენტი – 1755 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო – 545 აშშ დოლარი. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს „... ბანკის“ სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მან მოითხოვა მოპასუხის მიმართ საპროცენტო სარგებლის სახით 3480.32 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 54272.70 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 76-87).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის (3480.32 ლარი) დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში ამ გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 92-100).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „... ბანკის“ სარჩელი საპროცენტო სარგებლის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა: გ. კ-ეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3480.32 აშშ დოლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სს ,,... ბანკსა“ და გ. კ-ეს შორის 2006 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელზე გაიცა სესხი 5700 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 18.2%-ის ოდენობით.
მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
2006 წლის 29 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე გ. კ-ემ ცნო სარჩელის მოთხოვნა დავალიანების ძირითადი თანხის 5700 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებელის 1755 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 545 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ეს სს „... ბანკის“ სასარგებლოდ, 2006 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 8000 აშშ დოლარის (ძირითადი თანხა – 5700 აშშ დოლარი; პროცენტი – 1755 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 545 აშშ დოლარი) გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე გ. კ-ის მიმართ საპროცენტო სარგებლის სახით 3480.32 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს სახით 54272.70 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. სარჩელის დაკმაყოფილების, ასევე, პირგასამტეხლოს სახით 54272.70 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით სს „... ბანკის“ სასარგებლოდ გ. კ-ისთვის საპროცენტო სარგებლის 3480.32 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებუილი ხელშეკრულების 4.1.6 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამომხმარებლო კრედიტზე პროცენტის დარიცხვა მოხდება კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად მის საბოლოო დაფარვამდე, წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით, შესაბამის საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისათვის.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების პრინციპიდან და მხარეთა ნების გონივრული განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას, პროცენტის გადახდევინება უნდა მომხდარიყო კრედიტის საბოლოო დაფარვამდე.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულად მიიჩნია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმის მიხედვით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ძირითადი თანხის ვადაში დაუბრუნებლობა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვადის გადაცილებისათვის დაწესებული პროცენტი ვალდებულების დროული შესრულების პრევენციული ფუნქციის მატარებელია, რომელიც მხარეთა ინიციატივაზეა დამოკიდებული. ამასთან, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოვალისთვის დაკისრებას კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდა წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების საშუალებას. მინიმალური ზიანის არსებობის დასადასტურებლად კი საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილა.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგინდა მხარეთა შორის შეთანხმების არსებობა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტის გადახდევინებასთან დაკავშირებით, კრედიტის საბოლოო დაფარვამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ უნდა დაკმაყოფილებულიყო სს „... ბანკის“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება საპროცენტო სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მოვალეს ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებოდა ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდისათვის, მხარეთა მიერ შეთანხმებული სარგებლის _ ყოველწლიურად 18.2%-ის გათვალისწინებით, 3480.70 აშშ დოლარის გადახდა (ტომი 2, ს.ფ. 25-32).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი შემდეგი არგუმენტებითაა მოტივირებული:
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ კი სამოქალაქო კოდექსის 873-ე და 115-ე მუხლები, ეს ნორმები პირდაპირ აწესრიგებს სადავო ურთიერთობას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს კრედიტის სულ ცოტა ორჯერ გადაუხდელობის შემდგომ წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტისა და ვალდებულებების სრულად შესრულების მოთხოვნის უფლება, რაც მან შეგნებულად არ გამოიყენა, იმისათვის, რომ მიეღო იმაზე მეტი სარგებელი, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სესხი იყო უზრუნველყოფილი, კერძოდ, გირავნობით დატვირთული იყო მოვალის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, რომლის რეალიზაციით მიღებული თანხაც სრულად დაფარავდა კრედიტს, ბანკის მიერ თავისი უფლების დროული გამოყენების შემთხვევაში. მართალია, აღნიშნული მუხლის თანახმად, ბანკს აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება და არა ვალდებულება, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების 4.3 პუნქტში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და განმარტავს, რომ ხელშეკრულების 4.1.6 პუნქტის შესაბამისად, სამომხმარებლო კრედიტზე პროცენტის დარიცხვა უნდა მომხდარიყო კრედიტის გაცემის თარიღიდან ყოველდღიურად, მის საბოლოო დაფარვამდე, წელიწადში 365 დღის გათვალისწინებით, შესაბამის საპროცენტო პერიოდში რეალურად არსებული დღეებისათვის. 4.1.1 პუნქტის თანახმად, საპროცენტო პერიოდად განისაზღვრა 36 თვე, ხოლო 4.1.11 პუნქტის შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას ბანკის მიერ დაკისრების შემთხვევაში კლიენტი ბანკს აუნაზღაურებს გადახდის დაგვიანებით მიყენებულ ზიანს და გადაიხდის პირგასამტახლოს გადაუხდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აქედან გამომდინარე, მხარეებს შორის კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის განსაზღვრული იყო პირგასამტახლო და არა პროცენტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ ყოფილა გასაჩივრებული და შევიდა კანონიერ ძალაში (ტომი 2, ს.ფ. 35-41).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ. კ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ლ. ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 300 ლარი, მათ შორის: 2012 წლის 12 მარტს გადახდილი 287.93 ლარი, საგადახდო დავალება № 1, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01 და 2012 წლის 28 მარტს გადახდილი 12.07 ლარი, სალაროს შემოსავლის ორდერი № 1, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 210 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.