ას-417-395-2012 6 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., გ. და ს. ა-ების მიმართ აწ გარდაცვლილი ლ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად მოპასუხეთა ცნობის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, გ. და გ. ა-ებს ლ. ა-ის სამკვიდროს მიღების ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ, ხოლო ს. ა-მა განმარტა, რომ მას ლ. ა-ის სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობით და არც ნოტარიუსისათვის განცხადებით მიმართვის გზით არ მიუღია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი მოპასუხეების: გ. და გ. ა-ების მიმართ დაკმაყოფილდა, გ. ა-ი (დაბადებული 1930 წლის 24 აპრილს) და გ. ა-ი ცნობილ იქნენ აწ გარდაცვლილი ლ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული, ქ.თბილისში, ქ-ის ქუჩა №3/15-ში მდებარე 113 კვ.მ ფართის (საკადასტრო კოდი №...) მესაკუთრეებად, დ. გ-ის სარჩელი მოპასუხე ს. ა-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს გ. ა-მაც და ს. ა-მაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სასამართლომ მიუთითა ამავე პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც აპელანტ გ. ა-ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტ გ. ა-ს კანონით დადგენილი წესით სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისში, ქ-ის ქ№3/15, ბინა №87. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა ადრესატის მეუღლე ნ. დ-ეს 2011 წლის 22 დეკემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე ხელმოწერითა და მიმღების პირადი ნომრის მითითებით. სასამართლოს მითითებით, შეტყობინების ბარათზე გზავნილის მიმღები პირის სახელი და გვარი მითითებულია როგორც გარკვევით, ისე გზავნილის მიმღების შტრიხული ხელმოწერის (ხელრთვის) სახით. გარკვევითაა მითითებული გზავნილის ჩაბარების თარიღი და მიმღების ადრესატთან დამოკიდებულება. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინების ასლის ადრესატის მეუღლისათვის ჩაბარება უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნევა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის შევსების ბოლო მეათე დღე 2012 წლის 1 იანვარი დაემთხვა რა უქმე დღეს, გ. ა-ს ხარვეზის შევსება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, შეეძლო მის მომდევნო პირველი სამუშაო დღეს – 2012 წლის 3 იანვარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ა-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებითვე დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე მოპასუხეებად დასახელებული იყვნენ გ. ა-ი, გ. ა-ი და ს. ა-ი, აღნიშნულის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხეებს უნდა დაკისრებოდათ საზიაროდ და გარკვეულიყო თითოეულ მათგან რა ოდენობით უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, აპელანტ გ. ა-ს სასამართლო გზავნილი არ ჩაბარებია, ხოლო ს. ა-ს – პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებული განჩინების უსაფუძვლობაზე მიუთითებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, გ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ.ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გ.ა-ის სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრა 4000 ლარით, ხოლო სააპელაციო საჩივრზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა – 160 ლარით. ამავე განჩინებით აპელანტს განესაზღვრა ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა 10 დღით და ამომწურავად განემარტა დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე (იხ. ტ.მე-2, ს.ფ.2-3), საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტ გ.ა-ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 22 დეკემბერს ჩაბარდა მისი ოჯახის ქმედუნარიან წევრს, მეუღლე ნ. დ-ეს (იხ. ტ.მე-2, ს.ფ.4; 15).
საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ ადრესატის ოჯახის ქმდუნარიანი წევრისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება სწორად მიიჩნია უშუალოდ ადრესატისათვის ჩაბარებად, ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ კერძო საჩივრით გ. ა-ს ზემოაღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გახდია. ასევე დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი შეფასება საპროცესო ვადის ამოწურვის საკითხთან მიმართებაში, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო გზავნილის ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის ჩაბარების დღის მომდევნო კალენდარულ დღეს – 2011 წლის 23 დეკემბერს და, ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე დაემთხვა უქმე დღეს, 2012 წლის 1 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, 2012 წლის 3 იანვარს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ამ ვადაში სასამართლოსათვის არც ხარვეზის გამოსწორების და არც მისი გამოუსწორებლობის საპატიო მიზეზზე მითითებით არ მიუმართავს, რაც სწორად იქნა მიჩნეული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
რაც შეეხება გ.ა-ის კერძო საჩივრის არგუმენტებს, რომ სასამართლოს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხეთათვის სოლიდარულად უნდა დაეკისრებინა, ასევე იმ გარემოებას, რომ მხარეებს ესა თუ ის კორესპოდენცია არ ჩაბარებიათ, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულს უსაფუძვლობის გამო, რადგანაც, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატას განსახილველად ჯერ გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი გადაეცა, ხოლო მოგვიანებით გ. ა-ისა, აღნიშნული, ბუნებრივია, თითოეული აპელანტისატვის ხარვეზის ერთდრულად დადგენისა და ამ განჩინების გაგზავნის შესაძლებლობას გამორიცხავს, ამასთანავე, საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, გ. ა-ის სააპელაციო საჩივრის მიმართ ხარვეზის დადგენა გავლენას ვერ იქონიებდა გ. ა-ის სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტაზე, ანალოგიური მდგომარეობაა ს. ა-ის მიმართაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბრება-ჩაუბარებლობის ფაქტი განსახილველი კერძო საჩივრის საგანს არ წარმოადგენს და გავლენას ვერ იქონიებს სადავო საკითხზე, რის გამოც ის საკასაციო პალატის მსჯლობის საგანი გ. ა-ის კერძო საჩივრის პრეტენზიის ფარგლებში ვერ გახდება. ამასთანავე, ხარვეზის დადგენის სისწორესთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილ ლ. ა-ის სამკვიდრო ქონება მიღებულად ეთვლებათ მის მეუღლეს – გ. ა-სა და შვილს – გ. ა-ს, შესაბამისად, ისინი ცნობილი უნდა იქნან უძრავი ქონების მესაკუთრეებად, ხოლო, რაც შეეხება ს. ა-ს, ვინაიდან მას გარდაცვლილი დედის სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობით და რაც ნოტარიუსთან განცხადების შეტანით მიღებული არ აქვს, შესაბამისად მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლით განსაზღვრულია მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე და დადგენილია, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემული დავის იურიდიული ინტერესი სწორედ მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებაა, ხოლო საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ი ცნობილ იქნა ლ. ა-ის თანამემკვიდრედ, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულ პირებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სოლიდარულად უნდა დაკისრებოდათ, რადგანაც ზემოაღნიშნული საფუძვლებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარს, მსგავსად გ. ა-ის სააპელაციო საჩივრისა დამოუკიდებელი საგანი გააჩნია, რაც მის მიერ ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდროს ფარგლებითაა განპირობებული და თითოეული აპელანტი მოცემულ დავაზე წარმოადგენს დავის დამოუკიდებელ სუბიექტს, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ, თუ ა) სარჩელის საგანს წარმოადგენს საერთო უფლება; ბ) სასარჩელო მოთხოვნები გამომდინარეობს ერთი და იმავე საფუძვლებიდან; თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. ამავე კოდექსის 87-ე მუხლით კი, დადგენილია, რომ თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი განმარტების გზით მართებულად დატოვა გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.