Facebook Twitter
saqme #as-224-210-2011 7 marti, 2011 weli

ას-418-396-2012 23 აპრილი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ა. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ჯ. უ. ე-რ“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,თ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის წინასწარი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. ლ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა. ლ-ის სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა. პალატამ გადაწყვიტა, რომ ზიანის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ.

თბილისის საოლქო სასამართლოს აღნიშნული წინასწარი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 25 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 1 ნოემბრის წინასწარი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ა. ლ-ისა და მის წარმომადგენელ ბ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს ,,თ-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 9 ივნისის წინასწარი გადაწყვეტილება და საქმე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ა. ლ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ლ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2011 წლის 5 დეკემბერს ა. ლ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით ა. ლ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის კრწანისი–მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება ა. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,თ. წ-ს“ ა. ლ-ის სასარგებლოდ დამატებით დაეკისრა 5000 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ა. ლ-მა საკასაციო საჩივრით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით ბათილად ცნოს, თუ დაადგენს, რომ ნამდვილად არსებობს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ერთ–ერთი საფუძველი, კერძოდ, ერთ–ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ბათილობის საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებიც დაადასტურებენ გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლების ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე წამოყენების შეუძლებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა. ლ-ის მიერ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ გაცხადებულა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომელიც ობიექტურად შესაძლებელი იყო. გარდა ამისა, აღსანიშნავია, ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ლ-ი პირადად იღებდა მონაწილეობას, კერძოდ, ესწრებოდა 2006 წლის 27 ოქტომბრისა და 2006 წლის 4 დეკემბრის სხდომებს, რომელზედაც მიღებული იქნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ლ-მა შემდეგი დასაბუთებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება არის უკანონო. საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა ა.ლ-ის შვილი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი მიეღო მონაწილეობა, რადგან ჩაბარებული არ ჰქონდა ადვოკატის ტესტირება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

ა. ლ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლად უთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობას იღებდა ა.ლ-ის შვილი ბ. ლ-ი, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის თანახმად, არ იყო უფლებამოსილი, მიეღო მონაწილეობა, რადგან ჩაბარებული არ ჰქონდა ადვოკატის ტესტირება. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ დასაბუთებას და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას, კერძოდ:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422–ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით ბათილად ცნოს, თუ დაადგენს, რომ არსებობს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ერთ–ერთ საფუძველი, კერძოდ, ერთ–ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ბათილობის საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

მითითებული ნორმით იმპერატიულად განსაზღვრულია, რომ სასამართლოს მიერ მხარის საქმის განხილვაზე მოუწვევლობის ფაქტი მხარისთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უცნობი უნდა იყოს და, ამავდროულად, ამ ფაქტის არსებობის ცოდნა, მხარისათვის ობიექტურად შეუძლებელს უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნულ დასკვნას ამყარებს ნორმის მეორე ნაწილის დათქმა: „თუ მხარეს შეეძლო“.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. აქედან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა დაამტკიცოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მისი ბათილობის საფუძვლების სასამართლოში წარდგენის ობიექტური შეუძლებლობის დამადასტურებელი გარემოებების არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა. ლ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების დროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ გაცხადებულა გადაწყვეტილების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომელიც ობიექტურად შესაძლებელი იყო. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ა. ლ-ი პირადად იღებდა მონაწილეობას, კერძოდ, ესწრებოდა 2006 წლის 27 ოქტომბრისა და 2006 წლის 4 დეკემბრის სხდომებს, სწორედ ამ უკანასკნელ სხდომაზე სასამართლომ გამოიტანა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რომელიც ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ლ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 თებერვლის განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.