Facebook Twitter
საქმე №ას-419-397-2012 26 აპრილი, 2012 წელი

ას-419-397-2012 26 აპრილი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ჩ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ქონების გაყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა გურჯაანის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან საკუთრების უფლებით სახლის პირველ სართულზე №2, 3, 4 და მეორე სართულზე №6, 7 ოთახების გამოყოფა, ასევე ეზოს გაყოფა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე და 216-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ვ. ჩ-ის განცხადება საქმის განხილვის გადადების შესახებ, რადგან წარმოდგენილი განცხადებით მხარეს არ მიუთითებია, კონკრეტულად ვინ არის მისი წარმომადგენელი და მისი მხრიდან სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა არ დაუდასტურებია.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ჩ-მა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა საქმის სხვა დროისათვის გადადების შესახებ. მხარე ვერ გამოცხადდა პროცესზე, რადგან მისი ადვოკატის მინდობილობას ვადა გაუვიდა, ხოლო 2012 წლის 21 თებერვალს იგი მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში. სხვა წარმომადგენლის აყვანა უფრო გააჭიანურებდა საქმის განხილვას და დიდ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული.

მხარეთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესების გამო აპელანტმა აცნობა მოწინააღმდეგე მხარეს საქმის გადადების შესახებ შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე. მოსამართლის თანაშემწემ განუცხადა აპელანტს, რომ მისი შუამდგომლობის განხილვის შედეგი მას ეცნობებოდა ტელეფონით, თუმცა მისთვის არავის არაფერი არ შეუტყობინებია. ამდენად, მხარემ მიიჩნია, რომ სხდომა არ შედგებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აუცილებლად გამოცხადდებოდა პროცესზე. სწორედ მითითების გამო არც ლ.ჩ-ი დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადდა.

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე და 218-ე მუხლები და არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალებები მხარეთა მოსარიგებლად.

პალატამ შეუზღუდა მხარეს ამავე კოდექსის 93-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს.

მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2012 წლის 21 თებერვალს, რის შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ.

2012 წლის 16 თებერვალს ვლ.ჩ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს არ შეეძლო 2012 წლის 21 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში გამოცხადება, რადგან ამ დროისათვის იგი დაკავებული იყო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 102-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სათანადოდ არ დაუსაბუთებია, ვინაიდან ვ. ჩ-ს არც 2012 წლის 16 თებერვლის განცხადებაზე და არც კერძო საჩივარზე არ დაურთია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობდა თავად აპელანტის და მისი წარმომადგენლის 2012 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ვ. ჩ-ის მითითება, რომ, მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, აპელანტს ტელეფონით ეცნობებოდა მისი შუამდგომლობის განხილვის შედეგი, რაც არ მომხდარა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო სასამართლოს მიერ დადგენილ დროს პროცესზე და ამ გზით შეეტყო მისი შუამდგომლობის განხილვის თაობაზე.

ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით არ გამოიყენა მის ხელთ არსებული შესაძლებლობა, მოერიგებინა მხარეები. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გამოყენებას, ხოლო მორიგების მისაღწევად აპელანტი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს და ამით ხელი შეეწყო სააპელაციო პალატისათვის აღნიშნულის საკითხის წარმატებით გადაწყვეტაში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძვლის არსებობა კერძო საჩივრის ავტორს კანონის დაცვით არ დაუსაბუთებია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.