ას-421-399-2012 30 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ჟ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ-ი, ნ. ტ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ. ჟ-ემ მოპასუხეების – ნ. ტ-ისა და ლ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქ.თბილისში, კ-ის ქ.№15/3-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მასა და მოპასუხეებს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ჟ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 124-128).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ჟ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა (ტომი 1, ს.ფ. 133-142).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლო სხდომაზე აპელანტის (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე 2012 წლის 7 თებერვალს დანიშნული სხდომა გადაიდო 2012 წლის 21 თებერვალს, 13.30 საათზე. ამის თაობაზე ეცნობა აპელანტის წარმომადგენელ ი. ჯ-ს, მას ჩამოერთვა ხელწერილი, რომელიც დაერთო სასამართლო სხდომის ოქმს.
სააპელაციო სასამართლომ შეაფასა გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროისათვის საქმეზე წარდგენილი სამედიცინო ბარათი და აღნიშნა, რომ დასახელებული მტკიცებულებით არ დასტურდებოდა სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელ ი. ჯ-ის გამოცხადების შეუძლებლობა, კერძოდ, 11.18 საათზე ი. ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და შესაბამისად 13.00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა ვერ მიიჩნეოდა საპატიოდ (ტომი 2, ს.ფ. 42-45).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე ნ. ჟ-ის წარმომადგენელმა ი. ჯ-მა შეიტანა კერძო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განხილვას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სასამართლო სხდომა, რომელზე გამოუცხადებლობის გამოც ნ. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დანიშნული იყო 2012 წლის 21 თებერვალს, 13.00 საათზე. 2012 წლის 21 თებერვლის 04.00 საათიდან აპელანტის წარმომადგენ. ი. ჯ-ი თავს გრძნობდა შეუძლოდ. მედიკამენტების მიღების მიუხედავად, ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. დილის 10.00 საათზე მან მიმართა თბილისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, რომლის მიერ გაცემული №18 ბარათით დასტურდება, რომ 10.18 საათზე ი. ჯ-ს აღენიშნებოდა მძიმე მდგომარეობა. ეს მდგომარეობა გამოიხატებოდა შემდეგი სიმპტომებით: თავბრუსხვევა, გულისრევა, კეფის არეში ძლიერი ტკივილი, ჰიპერტონია (მაღალი წნევა). ი. ჯ-მა უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე, რადგან გაწეული დახმარების და წამლების მოქმედების შედეგად კეფის არეში მოეხსნა ტკივილი, ხოლო თავბრუსხვევის და გულყრის შეგრძნება დარჩა. აღნიშნული სიმპტომები გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში, რის გამოც წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. არსებული ვითარების შესახებ მან შეატყობინა მარწმუნებელს – ნ. ჟ-ეს, რომელიც ასევე ვერ გამოცხადდა სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მის მიერ წარდგენილი სამედიცინო ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2012 წლის 21 თებერვალს ი. ჯ-ს აღენიშნებოდა ზემომითითებული სიმპტომები. მართალია, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტში პირდაპირ არ არის მითითებული მისი სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, მაგრამ სამედიცინო ბარათის შინაარსიდან, კერძოდ, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა ექიმების დიაგნოზი ჩაეთვალა სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის კანონით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად.
კერძო საჩივრის თანახმად, ი. ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასეთ მდგომარეობაში ყოფნის შედეგს რეალურად ასახავს „ი-ა +-ის“ ექიმ გ.გ-ას განმარტება. აღნიშნული ადასტურებს სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. ამდენად, ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და ამავე კოდექსის 233-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს (ტომი 1, ს.ფ. 50-52).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჟ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით ნ. ჟ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მიწვეული იყო აღნიშნულ სხდომაზე საქმის განხილვაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.
ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტის წარმომადგენელ ი. ჯ-ს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე. აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა სასამართლო სხდომის შესახებ მხარის ინფორმირებად. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე როგორც მხარის, ისე მისი წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. კერძოდ, ვერც ი. ჯ-ი და ვერც აპელანტი ნ. ჟ-ე ხსენებულ დღეს სხდომაზე ვერ გამოცხადდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. საჩივრის ავტორის მითითებით, დასახელებული გარემოებებიდან პირველი დასტურდება ქ.თბილისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული №18 სამედიცინო ბარათით, რომელიც სააპელაციო სასამართლოს წარედგინა სხდომის დაწყებამდე, ხოლო მეორე გარემოებას ადასტურებს ამავე ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათი №84, რომელიც დართულია კერძო საჩივარზე. №18 ბარათის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2012 წლის 21 თებერვალს 10.27 საათზე, ი. ჯ-ს გამოხატული სიმპტომების გათვალისწინებით აღენიშნებოდა ესენციური ჰიპერტენზიის ნიშნები. ამასთან, სამედიცინო ბარათის გრაფაში „პაციენტის კლინიკური შეფასება“, მითითებულია: დამაკმაყოფილებელი, ხოლო გრაფაში „გამოძახების შედეგი“ – მითითებულია იმაზე, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა (ტომი 2, ს.ფ. 18). რაც შეეხება ნ. ჟ-ის სახელზე გაცემულ სამედიცინო ბარათს, რომელიც შედგენილია 2012 წლის 21 თებერვალს 11.26 საათზე, ირკვევა, რომ მას აღენიშნებოდა ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზიის და ჰიპერგლიკემიის (დაუზუსტებელი) ნიშნები. აქაც, სამედიცინო ბარათის გრაფაში „პაციენტის კლინიკური შეფასება“, მითითებულია: დამაკმაყოფილებელი, ხოლო გრაფაში „გამოძახების შედეგი“ – მითითებულია იმაზე, რომ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა (ტომი 2, ს.ფ. 53).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. მითითებული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები – სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2012 წლის 21 თებერვლის №18 და №84 სამედიცინო ბარათები, ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის სხდომაზე აპელანტის და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოობას, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი.
საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. ამასთან, ასეთი გარემოების არსებობა უნდა დადასტურდეს სათანადო მტკიცებულებით.
ქ.თბილისის სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2012 წლის 21 თებერვლის №18 და №84 სამედიცინო ბარათებში სასამართლო სხდომაზე აპელანტის და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ მითითებული არ არის, ამასთან, ასეთი დასკვნის საფუძველს არც ხსენებული სამედიცინო ბარათების შინაარსი არ იძლევა. აღნიშნულ მსჯელობას ვერ გააქარწყლებს კერძო საჩივარზე თანდართული „ი-ა +-ის“ ექიმ გ.გ-ას პასუხი ი. ჯ-ის წერილობით მიმართვაზე, ვინაიდან იგი არ შეიცავს ზუსტ ინფორმაციას აპელანტისა და მისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 55, 54).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჟ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.