Facebook Twitter

ას-423-401-2012 30 აპრილი, 2012 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ი “

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ჯ. ც-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 3 აპრილს კომპანიამ, ნ. ნ-ის სახელზე, გასცა ავტოტრანსპორტის დაზღვევის სერტიფიკატი. 2009 წლის 20 ივნისს, დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მიადგა ზიანი, კერძოდ, ნ.ნ-ე ავტომანქანით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს დაეჯახა, რომლის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიცია და ბრალეულად აღიარა ჯ.ც-ი, რომელმაც დაარღვია გზის გასწვრივ პირუტყვის ძოვების წესები. დამზღვევის ნ. ნ-ის სასარგებლოდ გაიცა სადაზღვევო ანაზღაურება 14.361.18 ლარის ოდენობით, რაც სამოქალაქო კოდექსის 832-ე და 1003-ე მუხლების შესაბამისად, უნდა დაეკისროს ზიანის გამომწვევ პირს - ჯ.ც-ს.

წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო ჯ.ც-მა შემდეგი დასაბუთებით: მოპასუხეს მიაჩნია, რომ 2009 წლის 20 ივნისს პირუტყვის ძოვების წესები არ დაურღვევია. ავტოსაგზაო შემთხვევას ხელი შეუწყო მძღოლის დაუდევრობამ, რაც გამორიცხავს მის მიერ ზიანის ანაზღაურებას.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ჯ. ც-ს დაეკისრა 7180.59 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეებს გაეგზავნათ დადგენილი წესით და მოსარჩელეს, შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-ის“ მენეჯერ მ.კ-ს, პირადად ჩაჰბარდა 2012 წლის 12 იანვარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 70-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2012 წლის 26 იანვარი, ხოლო შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 27 იანვარს (1 დღის დაგვიანებით), ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დარღვევით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი მის მიერ წარმოდგენილ იქნა 2012 წლის 27 იანვარს, მაშინ, როცა ფოსტას - შპს „ჯ. ე-ს“ ჩაჰბარდა გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ბოლო დღეს, 2012 წლის 26 იანვარს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დაცვით. შპს „სადაზღვევო კომპანია ა. ჯ-მა“ წარმოდგენილ კერძო საჩივარს დაურთო საფოსტო ქვითარი და შპს „ჯ. ე-ის“ მომართვა, რითაც დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გადასაგზავნი დოკუმენტაცია ფოსტას ჩაჰბარდა 2012 წლის 26 იანვარს, ხოლო 2012 წლის 27 იანვარს კი მის მიმღებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს ჩაჰბარდა 2012 წლის 12 იანვარს. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 13 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 26 იანვარს. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ასახელებს იმ ფაქტს, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას წარუდგინა კანონით დადგენილ 14 - დღიან ვადაში, რასაც ადასტურებს საფოსტო გზავნილის ქვითრით და შპს „ჯ. ე-ის“ მომართვით, სადაც მითითებულია, რომ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გადასაგზავნი დოკუმენტაცია ფოსტას ჩაჰბარდა 2012 წლის 26 იანვარს, ხოლო 2012 წლის 27 იანვარს კი მიმღებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენის თაობაზე, შემდეგი დასაბუთებით:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. აღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილად მიიჩნევა, თუ მხარე აღნიშნულს წარადგენს სასამართლოში ან ამავე ვადის დაცვით გააგზავნის ფოსტის მეშვეობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესს. დასახელებული ნორმის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ქვითრისა და შპს „ჯ. ე-ის“ მიმართვის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „სადაზღვევო კომაპნია ა. ჯ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს „სადაზღვევო კომაპნია ა. ჯ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.