Facebook Twitter

ას-428-406-2012 17 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ბ. გ-ა, ლ. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. მ-ისა და ბ. გ-ას მიმართ დაყადაღებული ქონების აღწერის სიიდან მის პირად საკუთრებაში არსებული ნივთების ყადაღის სიიდან ამორიცხვის მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო.

2011 წლის 17 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა მ. მ-ემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით მ. მ-ის განცხადება დარჩა განუხილველად, რაზეც კერძო საჩივრი შეიტანა მ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 13 ივნისის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინება.

2011 წლის 23 მაისს და 27 ივნისს მ. მ-ემ განცხადებები წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ ამავე სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინებით მ. მ-ის განცხადებებს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და და საქმის წარმოების განახლებაზე, მიღებაზე ექვა უარი, რაზეც კერძო საჩივრი შეიტანა მ. მ-ემ.

2011 წლის 15 აგვისტოს მ. მ-ემ განცხადება წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ ამავე სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის განცხადებას, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და და საქმის წარმოების განახლებაზე, მიღებაზე ექვა უარი, რაზეც კერძო საჩივრი შეიტანა მ. მ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ივლისის განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 იანვრის განჩინებით მ. მ-ის კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინება.

2012 წლის 10 თებერვალს მ. მ-ემ განცხადება წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და კვლავ ამავე სასამართლოს 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 13 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე, მისთვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, არ იქნა მიღებული წარმოებაში. ხოლო, მ. მ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე, ლ. ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, დაუშვებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული.

აღნიშნულ განჩინებაზე მ. მ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 26 მარტის განჩინებით მ. მ-ეს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა დაზუსტებული და გასაგებად შედგენილი კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით მ. მ-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ პუნქტის თანახმად, კერძო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრების საფუძვლებს.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, მ. მ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რადგან წარმოდგენილ კერძო საჩივარში არ იყო მითითებული გასაჩივრების საფუძვლები და ასევე შეუძლებელი იყო კერძო საჩივრის ტექსტიდან გარკვეული ნაწილების ამოკითხვა. შესაბამისად, მ. მ-ეს დაევალა სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული და გასაგებად შედგენილი კერძო საჩივარი. განჩინება მ. მ-ეს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 5 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 6 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 10 აპრილს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. მ. მ-ემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილს, ხოლო განცხადების შედგენის თარიღად ასევე მითითებულია 2012 წლის 11 აპრილი, რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.