Facebook Twitter
საქმე №ას-423-410-2012 6 აპრილი, 2012 წელი

ას-432-410-2012 6 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. უ-ი (მოპასუხე)

თავდაპირველი მოპასუხე – მ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. უ-ისა და მ. ხ-ის მიმართ კ. ლ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, კ. ლ-ესა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, კ. ლ-ის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-ესა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2980 აშშ დოლარის ფარგლებში, დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით ნ. ბ-ის სარჩელი ნ. უ-ის მიმართ 2007 წლის 6 ივნისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრედ აღიარების ნაწილში დარჩა განუხილველად, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-ესა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2980 აშშ დოლარის ფარგლებში და იმ ნაწილშიც, რომლითაც ნ. ბ-ეს უარი ეთქვა კ. ლ-ესა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრედ აღიარებაზე შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 6 ივნისს კ. ლ-ესა (მესაკუთრე) და ნ. უ-ს, ასევე მ. ხ-ს (იპოთეკარები) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, კ. ლ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 9 ნოემბერს, ნ. ბ-ე 2008 წლის 9 ნოემბერს გარდაცვლილი კ. ლ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა და მან 2009 წლის 8 მაისს განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს კ. ლ-ის სამკვიდროს მიღების მიზნით, ასევე იგი, როგორც კ. ლ-ის უფლებამონაცვლე, დაზარალებულადაა ცნობილი სისხლის სამართლის საქმეზე. შპს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „აი.ჯი-ს“ 2009 წლის 16 ივნისის №1/23-08 გადაწყვეტილებით გამსესხებელთა: მ.ხ-ისა და ნ.უ-ის პრეტენზია დაკმაყოფილდა და კ.ლ-ის უფლებამონაცვლე ნ.ბ-ეს დაეკისრა მ.ხ-ისა და ნ.უ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა ასევე პირგასამტეხლოს და საარბიტრაჟო საქმის განხილვის ხარჯების ანაზღაურება, ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა იძულებით აღსასრულებლად. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლის სააღსრულებლო ბიუროს 2010 წლის 22 იანვრის განკარგულებით ქ.ხაშურში, ფ-ის ქუჩა №24-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ორჯერ აუქციონზე გატანის შემდეგ რეალიზაციის შეუძლებლობის გამო, კრედიტორ ნ. უ-ს გადაეცა ნატურით კრედიტორისავე განცხადების საფუძველზე, ხოლო მ. ხ-ს განცხადებით სააღსრულებლო ბიუროსათვის არ მიუმართავს ქონების ნატურით გადასაცემად. ხაშურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-ემ და მოითხოვა: ა) კ. ლ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ) კ. ლ-ესა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს სანოტარო წესით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; გ) კ. ლ-ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღიარება. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-ესა და ნ. უ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 2980 აშშ დოლარის ფარგლებში, დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ნ. ბ-ემ, ნ. უ-მა და მ. ხ-მა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გაჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო ნ. ბ-ისა და ნ. უ-ის სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, რის გამოც ხაშურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი კ. ლ-ესა და მ. ხ-ს შორის 2007 წლის 6 ივნისს დადებული სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონიერ ძალაში შევიდა. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1499-ე, 1500-ე მუხლებით და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ აწ გარდაცვლილი კ. ლ-ის უფლებამონაცვლედ და დაინტერესებული პირის სახელით სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირად ნ. ბ-ის ცნობისათვის საჭიროა, ნ. ბ-ემ წარადგინოს სამკვიდრო მოწმობა აწ გარდაცვლილი კ. ლ-ის სამკვიდრო ქონებაზე. ნ. ბ-ემ 2009 წლის 8 მაისს განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს კ. ლ-ის სამკვიდროს მიღების მიზნით, მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, მას სამკვიდრო მოწმობა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით, ვინაიდან ნ. ბ-ის მიერ არ იყო წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობა, მას მიეცა დამატებითი დრო ამ დოკუმენტის წარსადგენად. 2012 წლის 25 იანვარს ნ. ბ-ემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა ნოტარიუს დ. ტ-ის პასუხი 2012 წლის 23 იანვრის განცხადებაზე, სადაც ნოტარიუსმა უარი უთხრა ქ.ხაშურში, ფ-ის ქუჩა N24-ში მდებარე აწ გარდაცვლილი კ. ლ-ის უძრავ ქონებაზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული ქონება იყო დაყადაღებული, რაც ნოტარიუსს, „სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უფლებას ართმევდა, კონკრეტული ქონება შეეტანა სამკვიდრო მოწმობაში. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, მიუხედავად აპელანტისათვის სასამართლოს შეთავაზებისა, ნ. ბ-ემ ვერ უზრუნველყო, წარედგინა სამკვიდრო მოწმობა არა კონკრეტულად ქ.ხაშურში, ფ-ის ქN24-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, არამედ ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობაც, რაც გახდებოდა საფუძველი მისი უფლებამონაცვლედ და, შესაბამისად, დაინტერესებული პირის სახელით სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირად ცნობის საფუძველი. აპელანტმა ასევე ვერ წარადგინა ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია მის მიერ 2009 წლის 8 მაისს ნოტარიუსთან შეტანილ განცხადებას, რომლის თაობაზეც ნოტარიუსმა დ. ტ-ემ 2009 წლის 4 ნოემბერს გასცა ინფორმაცია, რომ მას სამკვიდრო მოწმობა არ გაუცია. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ე დედის აწ გარდაცვლილი კ. ლ-ის სამკვიდროს არც ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებია. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ვინაიდან, სარჩელი (განცხადება) დაინტერესებული პირის სახელით შეტანილია არაუფლებამოსილი პირის – ნ. ბ-ის მიერ ჩათვალა, რომ არსებობდა მისი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ბ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონით დადგენილი მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს, რადგანაც სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის უფლებამოსილ პირად მხოლოდ სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიჩნევის თაობაზე არასწორია. მ.ხ-ისა და ე.ა-ის სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელე დაზარალებულადაა ცნობილი და სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მისი სამოქალაქო სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ნ.ბ-ეს უნდა ედავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ყველა პროცესში კერძო საჩივრის ავტორი მონაწილეობდა კ.ლ-ის ულებამონაცვლედ და მისთვის სამკვიდრო მოწმობა არ მოუთხოვიათ. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატა, ერთი მხრივ, დადგენილად მიიჩნევს, რომ 2009 წლის 8 მაისს ნ.ბ-ემ განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, თუმცა არ წარუდგენია სამკვიდრო მოწმობა, ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მიღებულად ითვლება სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის დღიდან. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუსის მიერ გაცემული წერილობითი პასუხი, სანოტარო მოქმედებათა განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის 89-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონებაზე ყადაღის არსებობის გამო, კონკრეტული ქონების სამკვიდრო მოწმობაში შეტანაზე უარის თქმის შესახებ. საყურადღებოა, რომ კერძო არბიტრაჟ „აი.ჯი-ს“ 2009 წლის 10 ივნისის №1/23-08 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეეხება ნ.ბ-ეს და საარბიტრაჟო პრეტენზიაც მის მიმართაა წარდგენილი. 2011 წლის 6 მაისის განჩინებით მოსამართლე თ.ეცადაშვილმა დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვა ნ.ბ-ის საჩივარი 2009 წლის 10 ივნისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თაობაზე, ხოლო ამავე განჩინების მე-2 პუნქტით მას უარი ეთქვა 2007 წლის 6 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ განჩინებაში არაა მითითებული უფლებამონაცვლეობის საკითხის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინების ასლი 5 ფურცლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, ნ. ბ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ხოლო ამავე ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოცემულ საქმეზე დადგენილ შემდეგ გარემოებებზე:

დადგენილია და ეს არც კერძო საჩივრის ავტორს გაუხდია სადავოდ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები გაფორმებულია კ. ლ-ესა და მოპასუხეებს შორის, სადავო არაა ისიც, რომ კ. ლ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 9 ნოემბერს. მოსარჩელე ნ. ბ-ე კ. ლ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა, რომელმაც ნოტარიუსს დედის სამკვიდროს მიღების მიზნით მიმართა 2009 წლის 8 მაისს, ამასთანავე, მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი, სადავოს არც ის გარემოება წარმოადგენს, რომ, მ.ხ-ისა და ნ.უ-ის საარბიტრაჟო პრეტენზიების გამო, კ.ლ-ის უფლებამონაცვლე ნ.ბ-ეს დაეკისრა გარკვეული ქმედებების განხორციელება, საქმის მასალებითა და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია ასევე, რომ ნოტარიუს დ. ტ-ემ სადავო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ვერ გასცა ქონების დაყადაღების მოტივით.

საკასაციო პალატა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ხოლო ნ.ბ-ის კერძო საჩივარი დასაშვებ შედავებას ემყარება, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილია სამკვიდროს მიღების ვადა და განსაზღვრულია, რომ სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად კი, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კანონდებელმა დაადგინა, რომ სამკვიდრო შესაძლოა მიღებულ იქნა ორი გზით: ა) სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობითა და ბ) ნოტარიუსისათვის განცხადებით მიმართვის გზით.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მამკვიდრებელი კ. ლ-ე გარდაიცვალა 2008 წლის 9 ნოემებრს, ხოლო მისმა კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა – ნ. ბ-ემ სამკვიდროს მიღების მიზნით სამკვიდროს გახსნიდან 6-თვიანი ვადის დაცვით – 2009 წლის 8 მაისს მიმართა ნოტარიუსს განცხადებით, აღნიშნულით დასტურდება, რომ მემკვიდრემ ,კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოხატა ნება სამკვიდროს მისაღებად, ხოლო ამგვარი ნების გამოხატვას კანონმდებელი სამკვიდროს მიღებად მიიჩნევს, ამდენად, უდავოა, რომ ნ. ბ-ემ სამკვიდრო მიიღო.

რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტმა ნ. ბ-ემ სამკვიდრო მოწმობა ვერ წარადგინა, საკასაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1499-ე და 1500-ე მუხლების შესაბამისად, უფლებამონაცვლედ პირის ცნობისათვის საჭიროა უფლებამონაცვლის მიერ სამკვიდრო მოწმობის წარდგენა, თუმცა თვლის, რომ მხოლოდ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს არაუფლებამოსილ პირად ნ. ბ-ის მიჩნევის საფუძველი, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, მემკვიდრემ ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით მიიღო სამკვიდრო, ხოლო სამკვიდრო მოწმობის გაუცემლობა, მოცემულ შემთხვევაში, განპირობებულია მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით – სამკვირო ქონებაზე ყადაღის არსებობით, ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 89-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელი ნორმაც, მართალია, ამ დროისათვის გაუქმებულია, თუმცა, ნოტარიუსის წერილობითი მიმართვის დროს მოქმედი რედაქციის თანახმად, ქონებაზე ყადაღის არსებობა გამორიცხავდა მემკვიდრის მიერ მოთხოვნილი მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ნოტარიუსისათვის დადგენილ ვადაში განცხადებით მიმართვა თავისთავად ნიშნავს სამკვიდროს მიღებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა ნ. ბ-ის არაუფლებამოსილ პირად მიჩნევისა და მისი სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ, მიუხედავად აპელანტისათვის სასამართლოს შეთავაზებისა, ნ. ბ-ემ ვერ უზრუნველყო წარედგინა სამკვიდრო მოწმობა არა კონკრეტულად ქ.ხაშურში, ფ-ის ქN24-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, არამედ ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობაც, რაც გახდებოდა საფუძველი მისი უფლებამონაცვლედ და, შესაბამისად, დაინტერესებული პირის სახელით სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირად ცნობისა. აპელანტმა ასევე ვერ წარადგინა ინფორმაცია, თუ რა ბედი ეწია მის მიერ 2009 წლის 8 მაისს ნოტარიუსთან შეტანილ განცხადებას, რომლის თაობაზეც ნოტარიუსმა დ. ტ-ემ 2009 წლის 4 ნოემბერს გასცა ინფორმაცია, რომ მას სამკვიდრო მოწმობა არ გაუცია. აღნიშნული მოსაზრების საპირისპიროდ, პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობის ცნებას არ ითვალისწინებს, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრემ კანონით გათვალისწინებული ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი მაინც განახორციელა მის მისაღებად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ნ. ბ-ეს სამკვიდრო მოწმობა არ მიუღია, იგი წარმოადგენს მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს და უფლება აქვს, შესაბამისი გარემოებების აცილების შემდგომ მიიღოს სამკვიდრო მოწმობა. საქმის მასალებისა და დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ემ ნოტარიუსისათვის განცხადებით მიმართვით გამოხატა ნება გარდაცვლილი დედის – კ. ლ-ის სამკვიდროს მიღების თაობაზე, ამასთან, ვინაიდან იგი წარმოადგენს კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს, ნ. ბ-ე მიჩნეულ უნდა იქნას როგორც კ. ნ-ის მემკვიდრედ, ისე სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილ პირად.

რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თაობაზე წარდგენილ სარჩელზე მითითებას, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნულს განსახილველ კერძო საჩივართან რაიმე საერთო არ გააჩნია, შესაბამისად, ვერც სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება, ამასთან, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიღებული და გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარზე მტკიცებულების სახით დართული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინება 5 ფურცლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად. ნ. ბ-ეს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულება 5 (ხუთი) ფურცლად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.