ას-460-436-2012 2 აპრილი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი - შპს „პ. ა-ო“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ა-ო ი-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 24 იანვარს შპს „პ. ა-ოს“ წარმომადგენლებმა ზ. გ-ამ და ა. ბ-ემ განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითეს, რომ შპს „პ. ა-ოსა“ და შპს „ჯ. ა-ო ი-ს“ შორის 2011 წლის 31 ოქტომბერს დაიდო ავტომობილების ნასყიდობის ხელშეკრულება. მიუხედავად ხელშეკრულების პირობებისა, დღემდე ავტომანქანების ღირებულების ძირითადი ნაწილი გადახდილი არ არის. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.1. 6.2. და 6.3. მუხლების თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავას განიხილავს შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“. განმცხადებელთა მითითებით, შპს „პ. ა-ოს“ მიერ 2012 წლის 11 იანვარს შეტანილ იქნა საარბიტრაჟო სარჩელი შპს „ჯ. ა-ო ი-ისათვის“ ავტომანქანების ნასყიდობის ღირებულებისა და ჯარიმის გადახდევინების შესახებ. ვინაიდან, მოპასუხის ძირითად ქონებას წარმოადგენს მოძრავი ქონება, არსებობს საარბიტრაჟო სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანამდე აღნიშნული ქონების გასხვისების ან მისი დაზიანების საფრთხე, რაც შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს შპს „ჯ. ა-ო ი-ის“ სახელზე რიცხული ავტომანქანების დაყადაღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს „პ. ა-ოს“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613-ე და 191-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. იგი წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ იგი იცავს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს მოპასუხის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, თუმცა იქვე მიეთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უშუალოდ უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციური უფლების, კერძოდ საკუთრების უფლების შეზღუდვას. ყადაღისა და მსგავსი ღონისძიებების დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო აღნიშნული ჩარევის (შეზღუდვის) გამართლება შესაძლებელია თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მათ შორის, აუცილებელი ბალანსის დადგენის მიზნით. მოპასუხე საწარმოს საქმიანობაა ავტომანქანებით ვაჭრობა. იგი არის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გააჩნია სხსვადასხვა სახის ვალდებულებები, როგორც კერძო სამართლის სუბიექტებთან, ისე სახელმწიფოს წინაშე. მოპასუხის სახელზე რიცხული ყველა თუნდაც ოცდაოთხი ავტომანქანის დაყადაღებით მას აეკრძალება მისი კუთვნილი ავტომანქანების გასხვისება, ანუ თავისი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება _ კუთვნილი ავტომანქანების დანიშნულებისამებრ გამოყენება, რაც უპირობო საფრთხეს შეუქმნის და დააბრკოლებს სამეწარმეო საქმიანობას, ფაქტობრივად გამოიწვევს საწარმოს პარალიზებას. აქვე სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „პ.-ა-ოს“ არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებულ ავტომანქანათა საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეეფასებინა განსახორციელებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
შპს „პ. ა-ოს“ წარმომადგენელმა ა. ბ-ემ 2012 წლის 7 თებერვალს თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში აღნიშნულ განჩინებაზე წარმოადგინა საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: შპს „ჯ. ა-ო ი-ის“ კუთვნილი ავტომანქანების სავარაუდო საბაზრო ღირებულება დადგინდა და დასაყადაღებელი ავტომანქანების რაოდენობა შემცირდა 24 ერთეულამდე. სარჩელის უზრუნველსაყოფად ავტომანქანების დაყადაღების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ავტომანქანების გაყიდვით მიღებული თანხით არ ხორციელდება კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილება. მოპასუხე ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენს ავტომანქანებით ვაჭრობა. განმცხადებელს, მეწარმე სუბიექტის საქმიანობისათვის ხელშეშლისა და საწარმოს პარალიზების თავიდან აცილების გამო, არ მოუთხოვია მოპასუხის საბანკო ანგარიშების დაყადაღება. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ავტომანქანების დაყადაღება არ გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის საქმიანობის ხელის შეშლას და მის პარალიზებას. აღნიშნული მოთხოვნა მიზნად ისახავს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განინება და საქმე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო შპს „პ. ა-ოს“ საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612-ე მუხლის პირველი ნაწილით არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, ხოლო, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისიწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35618-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობისას, საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია, საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 192-ე მუხლისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განცხადების დასაბუთების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონიძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა. განმცხადებელი ვალდებულია, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაში მიუთითოს არა მარტო იმაზე, თუ რომელი ღონისძიების გატარება სურს, არამედ იმაზეც, თუ რატომაა აუცილებელი მის მიერ მითითებული ღონისძიების გატარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება 2012 წლის 7 მარტის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებულ დასაბუთებას, რომ მოპასუხე საწარმოს საქმიანობაა ავტომანქანებით ვაჭრობა. იგი არის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გააჩნია სხვადასხვა სახის ვალდებულებები, როგორც კერძო სამართლის სუბიექტებთან, ისე სახელმწიფოს წინაშე. მოპასუხის სახელზე რიცხული ყველა თუნდაც (ოცდაოთხი) ავტომანქანის დაყადაღებით მას აეკრძალება მისი კუთვნილი ავტომანქანების გასხვისება, ანუ თავისი ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება კუთვნილი ავტომანქანების დანიშნულებისამებრ გამოყენება, რაც უპირობო საფრთხეს შეუქმნის და დააბრკოლებს სამეწარმეო საქმიანობას, ფაქტობრივად გამოიწვევს საწარმოს პარალიზებას. ამასთან, შპს „პ.-ა-ოს“ არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებულ ავტომანქანათა საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეეფასებინა განსახორციელებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ 2012 წლის 7 თებერვალს წარდგენილ საჩივარში განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოებები, რომ მოწინააღმდეგე კომპანიას რჩება საბანკო ანგარიშები, მისაღები აქვს ფულადი სახსრები უკვე გაყიდული ავტომანქანებიდან, დამატებით რჩება 13 ავტომანქანა და ელოდება ახალი ავტომანქანების ი-ს უცხოეთიდან, მხოლოდ შპს „პ. ა-ოს“ ვარაუდია, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა შპს „პ. ა-ოს“ უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ ხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197, 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „პ. ა-ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.