ას-469-443-2012 26 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – სპს „თ-ე“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოპასუხე სპს „თ-ის“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მხარეთა შორის 2005 წლის 23 ივნისს დადებული №61 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სპს „თ-ისათვის“ ზიანის ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის – 28400 ლარის, პირგასამტეხლოს სახით – 23657.20 ლარის დაკისრება, ასევე სადაო თანხის პროცენტის გადახდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფიქსირებული ზღვრული ოდენობის მიხედვით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა განსჯად – ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სპს „თ-ეს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 14560 ლარის გადახდა, სპს „თ-ეს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (2006 წლის პირველი იანვრიდან 2008 წლის 30 დეკემბრამდე) 14560 ლარის 0.1% – 15943.20 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „თ-ემ“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სპს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2005 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს „თ-ეს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების №61 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სპს „თ-ემ“ (მიმწოდებელმა) იკისრა ვალდებულება 30 ჰექტარ ფართობზე განეხორციელებინა ჩაის პლანტაციაზე მძიმე გასხვლა, და მისი შემოღობვა ეკლიანი მავთულით და ხის ბოძებით, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ იკისრა ვალდებულება, აღნიშნულ სამუშაოთა შესრულების გამო სპს „თ-ისათვის” გადაეცა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 28000 ლარი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადად განსაზღვრული იყო 2006 წლის 1 იანვარი.
სპს „თ-ეს” სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მხარეთა შორის გაფორმებილი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №61 ხელშეკრულების საერთო ღირებულება 28400 ლარი წინასწარი ანგარიშწორების მიზნით გადაერიცხა.
ს.ფ. 26-ზე განთავსებული 2005 წლის 01 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, სპს „თ-ის” მიერ, 2005 წლის 1 დეკემბრისათვის შესრულდა 13840 ლარის სამუშაო, ხის ბოძებისა და ეკლიანი მავთულით შემოღობვის სახით.
ს.ფ.30-31-ზე წარმოდგენილია ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის წერილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილისადმი, ხოლო ს.ფ. 32-33-ზე წარმოდგენილია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მინისტრის პირველი მოადგილის, ამავე დროს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის წერილი.
დასახელებული წერილების თანახმად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკვეთის შემოღობვის – 13840 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულებისა, სპს „თ-ემ” შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩაის პლანტაციის გასხვლის სამუშაოები 20 ჰექტარზე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში.
მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შემსყიდველს, სპს „თ-ეს” ხელშეკრულების შესრულების ვადა არ გაუგრძელდა 2006 წლის იანვრის ბოლომდე, მაგრამ იმავე წერილით დადგენილია, რომ ჩაის პლანტაციის გასხვლის სამუშაოები დარჩენილ 10 ჰექტარზე უამინდობის გამო შესრულებულ იქნა 2005 წლის 28 დეკემბრამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რაკიღა არ არსებობდა მიღება-ჩაბარების აქტი 10 ჰა-ზე სამუშაოთა შესრულების თაობაზე, სპს „თ-ის“ მხრიდან ვალდებულება შეუსრულებლად უნდა მიჩნეულიყო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით, მოპასუხე სპს „თ-ემ" მოახდინა სამუშაოს შესრულების უფლების შესყიდვა, რის გამოც მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა.
იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებები – ინსპექტირების ჯგუფის (ანუ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე უფლებამოსილი პირის) ხელმძღვანელის წერილები, უტყუარად ადასტურებდნენ ვალდებულების შესრულების ფაქტს სპს თ-ის მხრიდან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობდა საკმარისი მტკიცებულება რომლითაც ვალდებულების შესრულება სპს „თ-ის” მიერ ხელშეკრულების ვადაში – 2006 წლის 1 იანვრამდე, უტყუარად უნდა მიჩნეულიყო.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (619-659) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებით, მართალია, ხელშეკრულების მხარეები შესრულებული სამუშაოს მიღების ფორმაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ამ ფორმის დაუცველობა, ანუ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდებოდა ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის დაუკმაყოფილებლობის საფუძველი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის ფაქტი,რომ ვალდებულება ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში, ანუ 2006 წლის 1 იანვრამდე შესრულდა, უტყუარად დადასტურდა საქმეში წარდგენილი ინსპექტირების ჯგუფის უფროსის წერილებით. გამომდინარე იქედან, რომ ნარდობა თავისი იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე ორთავე მხარეს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სწორედ შემკვეთს ეკისრებოდა შესრულებული სამუშაოს მიღების ვალდებულება და ამის დამადასტურებელი საბუთის გაცემა.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივი მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით, უტყუარად დადგინდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოს ნაწილის შესრულებაზე არ გაიცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი ვადაში არ იყო შესრულებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლების თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარეა ვალდებული აუნაზღაუროს ხელშემკვრელ მხარეს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ხელშეკრულების შუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სავალდებულოა დადგინდეს და დადასტურდეს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა.
იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სპს „თ-ის” მიერ სამუშაოები სრულად შესრულდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში – 2006 წლის 1 იანვრამდე (2005 წლის 28 დეკემბერს დასრულდა სამუშაოთა შესრულება), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დარღვეულა, შესაბამისად არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
რაც შეეხებოდა პირგასამტეხლოს, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სანივთო უზრუნველყოფის ღონისძიებებს, კერძოდ მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებებს. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ისეთი დამატებითი საშუალება როგორიცაა პირგასამტეხლო, რომელიც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებითი საშუალებაა, მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის დროს. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, შესაბამისად უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის წერილები უტყუარად მიიჩნია ვალდებულების შესრულების ფაქტის დამადასტურებელ გარემოებად და განმარტა, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომლითაც ვალდებულების შესრულება სპს „თ-ის“ მიერ ხელშეკრულების ვადაში – 2006 წლის 1 იანვრამდე უტყუარად უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნული მოსაზრება არასწორია ვინაიდან, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ინსპექტირების ჯგუფის წერილები, 2006 წლის 1 იანვრამდე სპს „თ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს უტყუარად დამადასტურებელ გარემოებად, მაშინ, როდესაც 2009 წლის 28 აპრილის №01-13/11108 და 2009 წლის 16 აპრილის №01—09/19 იპსპექტირების ჯგუფის წერილები შედგენილია სპს „თ-ესა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის 2005 წლის 13 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან სამი წლის შემდეგ და სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. 2005 წლის 23 მაისის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2005 წლის 11 ივლისის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის №2-167 ბრძანება, 2005 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების შესახებ, თავისი შინაარსობრივი თვალსაზრისით, მოქმედებდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე – 2006 წლის 1 იანვრამდე. მხარისათვის და სასამართლოსთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში არ მომხდარა შესყიდვის ობიექტის პეროდულად მიღება-ჩაბარება მომსახურეობის შესრულების მიხედვით ინსპექტირების ჯგუფის მიერ, უფრო მეტიც, არ მომხდარა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა ხელშეკრულების შესრულების სრულ ვადაშიც. საქმეში არ მოიპოვება ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ხელშეკრულების ვადა არ გაგრძელდა, შესაბამისად ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოქმედებებიც დასრულდა 2006 წლის 1 იანვარს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხსენებული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა 2006 წლის 24 იანვარს №3-1-11/116 წერილით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უგულვებელყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სწორედ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში – 2005 წლის 23 ივნისიდან 2006 წლის 1 იანვრამდე, სამინისტროში წარდგენილი ინსპექტირების ჯგუფის წერილები შეიძლებოდა გამოყენებულიყო აღნიშნული ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველ მტკიცებულებად და არა ხელშეკრულების შესრულების ან და ვადის გაგრძელების არგუმენტაციად.
კასატორი უთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. საქმის მასალებით დადგენილია, სპს „თ-ეს“ არ მიუმართავს არც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის და არც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის №2-167 ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფისათვის და საქართველოს სამოქალაქო კოდექისის 429-ე მუხლის თანახმად, არ მოუთხოვია სპს „თ-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიღება და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. აქედან გამომდინარე, კასატორს სამართლებრივად გამართლებულად არ მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი სამუშაოს ნაწილის შესრულებაზე არ გაიცა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იგი ვადაში არ იყო შესრულებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.