Facebook Twitter
#as-110-389-08

ას-474-448-2012 5 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ კ. ბ-ი, ბ. ბ-ი და ლ. ბ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ლ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღნაღის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ლ-ის სარჩელი მოპასუხეების – კ. ბ-ის, ბ. ბ-ისა და ლ. ბ-ის მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდა და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის – ლ. ლ-ის საცხოვრებელი ადგილი. ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი შვილების – 2001 წლის 8 მარტს დაბადებულ გ. ბ-ისა და 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებულ კ. ბ-ის სარჩოდ თვეში 120 ლარის ოდენობით, თითოეულ ბავშვზე 60 ლარი მათ სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება გადაწყდა სარჩელის აღძვრის დღიდან – 2011 წლის 26 აპრილიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. ბ-მა, ბ. ბ-მა, ლ. ბ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის დღიდან – 2011 წლის 26 აპრილიდან და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლეილა ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე კ. ბ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2005 წლის 30 დეკემბერს დაბადებული კ. ბ-ის სარჩენად ალიმენტის გადახდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის აღსრულების შემდეგ. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ბ-მა, ბ. ბ-მა, ლ. ბ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ბ-ის, ბ. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება კასატორების წარმომადგენელმა თ. ბ-მა პირადად ჩაიბარა 2012 წლის 22 თებერვალს (ს.ფ.109), ხოლო საკასაციო საჩივარი კ. ბ-მა, ბ. ბ-მა და ლ. ბ-მა შეიტანეს 2012 წლის 22 მარტს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ.112-119), ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 23 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 14 მარტს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან კ. ბ-მა, ბ. ბ-მა და ლ. ბ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ბ-ის, ბ. ბ-ისა და ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.