Facebook Twitter

¹ ბს-472-60-კ-05 11 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი,

ჯ. გახოკიძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის განჩინებაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ო. წ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის კონტროლის პალატის მიმართ, რომლთაც მოითხოვა სახელფასო და სამივლინებო თანხების ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელე მუშაობდა კონტროლის პალატის კახეთის ბიუროში მთავარ ...ად, საიდანაც 2001 წლიდან განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, საქართვეოს კონტროლის პალატას გააჩნია მისი 1998-2001 წლების სახელფასო და სამივლინებო დავალიანება, კერძოდ, სახელფასო დავალიანება შეადგენს 1215 ლარს, ხოლო სამივლინებო დავალიანება 1684 ლარს, რომელიც მას დღემდე არ მიუღია.

მოპასუხემ კონტროლის პალატამ შესაგებელში არ ცნო ო. წ-ის სასარჩელო განცხადება და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2000 წლებში, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულყოფილი დაფინანსება. ამასთან, არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასის დავალიანების დასაფარავად.

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ საქართველოს 2001-2003 წლების “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისათვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ცენტრალური ბიჯეტიდან გამოყოფილი იქნა გარკვეული თანხები, მაგრამ კონტროლის პალატას დღემდე არავითარი ასიგნება არ მიუღია, რის გამოც მოპასუხემ იშუამდგომლა სასარჩელო წარმოების პროცესში საქმეში თანამოპასუხედ ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა და შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველყოფის ფინანსთა სამინისტროზე დაკისრება.

რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 სექტემბრის საოქმო განჩინებით კონტროლის პალატის შუამდგომლობა, საქმეში მოპასუხედ ფინანსთა სამინისტროს ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ო. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე კონტროლის პალატას დაევალა ო. წ-ის სასარგებლოდ წინა წლების სახელფასო დავალიანების 1010.35 ლარის და ასევე, წინა წლების სამივლინებო დავალიანების _ 1684 ლარის, სულ _ 2694.35 ლარის გადახდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ისევე, როგორც უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ხარჯების ანაზღაურება, ამასთან, რაიონული სასამართლოს დასკვნით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 134.1 მუხლის თანახმად, 2004წ. 1 იანვრამდე განთავისუფლებულ საჯარო მომსახურეებზე დაწესებულებიდან კუთვნილი თანხის გაცემა უნდა განხორციელდეს დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგი მოტივით:

ო. წ-ის სახელფასო და სამივლინებო დავალიანება გამოიწვია 1998-2001 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული. “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გაცემული ხელფასების და სამივლინებო დავალიანებათა დასაფარავად, რამდენადაც კონტროლის პალატა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებით და კონტროლის პალატას დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად, რადგან მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია სსსკ-ის 464-ე მუხლის საფუძველზე.

აპელანტის მითითებით, “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით, წინა წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავალიანებათა დაფარვისთვია, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის და სხვა დავალიანებათა დასაფარავად, ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 36 მლ. ლარის გამოყოფა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელი იყო ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს კონტროლის პალატის მიერ რამდენჯერმე წარედგინა წერილობითი მოთხოვნა მათი კუთვნილი თანხის გამოყოფის შესახებ, მათ დღემდე კუთვნილი თანხები არ მიუღიათ, რაც აპელანტის განმარტებით, წარმოადგენს ო. წ-ის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების ფინანსთა სამინისტროზე დაკისრების საფუძველს: მით, უფრო, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28.5 მუხლის შესაბამისად, მოვალეს საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ერთად წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 25 იანვრის განჩინებით კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები, რომ ო. წ-ს მისაღები ჰქონდა სახელფასო დავალიანება 1215 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელზე ასაღები თანხა შეადგენდა 1010, 35 ლარს, ასევე, მოსარჩელეს მისაღები ჰქონდა სამივლინებო დავალიანება 1684 ლარის ოდენობით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით რაიონულმა სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულებების ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრების შესახებ, რამდენადაც მიიჩნია, რომ მოსარჩელე შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა კონტროლის პალატასთან, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო განცხადების ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობდა აღნიშნული საჯარო შრომითი ურთიერთობიდან, როგორც საჯარო შრომითი ხელშეკრულების დადების თანმდევი შედეგი, რის გამოც ამ ურთიერთობის მონაწილე ვალდებულ მხარეს განეკუთვნება აპელანტი _ კონტროლის პალატა და არა ფინანსთა სამინისტრო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კონტროლის პალატამ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, ო. წ-ის სახელფასო და სამივლინებო დავალიანება გამოიწვია 1998-2001 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. არც შემდგომ პერიოში იქნა გათვალისწინებული. “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში კონტროლის პალატისათვის თანხის გამოყოფა გამოცემული ხელფასების და სამივლინებო დავალიანებათა დასაფარავად; რამდენადაც კონტროლის პალატის შენახვა ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებით და კონტროლის პალატას დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია, ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად, რადგან მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია სსსკ-ის 464-ე მუხლის საფუძველზე.

კასატორმა ასევე განმარტა, რომ “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით, წინა წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში წარმოქმნილი დავალიანებათა დაფარვისთვის, მათ შორის, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისათვის და სხვა დავალიანებათა დასაფარავად, ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნა 36 მლ. ლარის გამოყოფა, რომლის შესრულებაზეც პასუხისმგებელი იყო ფინანსთა სამინისტრო, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტროს კონტროლის პალატის მიერ რამდენჯერმე წარედგინა წერილობითი მოთხოვნა მათი კუთვნილი თანხის განმოყოფის შესახებ, მათ დღემდე კუთვნილი თანხები არ მიუღია, რაც, კასატორის განმარტებით, წარმოადგენს ო. წ-ის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების ფინანსთა სამინისტროზე დაკისრების საფუძველს, მით უფრო, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28.5 მუხლის შესაბამისად, მოვალეს საბიუჯეტო ორგაზაციებთან ერთად წარმოადგენს ფინანსთა სამინისტრო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარში აღნიშნული მოტივების საფუძვლიანობას მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, როგორც არსებითად სწორი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სასამართლომ სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას დაუსაბუთებლობის გამო და თვლის, რომ:

სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გაზიარებული რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები შემდეგზე, რომ ო. წ-ს მისაღები აქვს სახელფასო დავალიანება 1215 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 1010,35 ლარს, ასევე, ო. წ-ის სამივლინებო დავალიანება შეადგენს 1684 ლარს, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე და 38-ე მუხლები, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო, ისევე, როგორც მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ო. წ-თან მიმართებაში არ განხორციელებულა, რაც კონტროლის პალატას სადაოდ არ გაუხდია.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა კონტროლის პალატის პოზიცია ო. წ-ის სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების ფინანსთა სამინისტროზე დაკისრების შესახებ, რამდენადაც ო. წ-ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა კონტროლის პალატასთან, მოსარჩელის სახელფასო და სამივლინებო თანხების ანაზღაურების მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ ამ შრომითი ურთიერთობიდან, რის გამოც სადავო ურთიერთობაში მონაწილე ვალდებულ მხარეს წარმოადგენს კონტროლის პალატა, შესაბამისად, არ არსებობს სსსკ-ის 85-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ის გარემოება, რომ “საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით, წინა წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებში წარმოქმნილ დავალიანებათა დაფარვისათვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშ-სწორებისათვის ცენტრალურ ბიუჯეტში გათვალისწინებულ 36 მლნ. ლარზე, რომელზეც პასუხისმგებელი იყო ფინანსთა სამინისტრო, კონტროლის პალატას, მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა კუთვნილი თანხები არ მიუღია, არ წარმოადგენს ო. წ-ის სამივლინებო და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ფინანსთა სამინისტროზე დაკისრების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

სკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით; სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.