Facebook Twitter

ას-482-456-2012 27 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ. დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - გ. მ-ი, ზ. მ-ი, ბ. დ-ი

მოპასუხე - ელიკო მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. დ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის, ზ. მ-ისა და ბ. დ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე დაკმაყოფილდა ლ. დ-ის შუამდგომლობა და საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაბმული იქნა ელიკო მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 8 თებერვლის განჩინებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-მა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 აპრილის განჩინებით ლ. დ-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განჩინებით ლ. დ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ. დ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, ლ. დ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო განსაზღვრული დავის საგნის ღირებულება და არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. აღნიშნული განჩინება კასატორ ლ. დ-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 20 აპრილს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 21 აპრილს და ამოიწურა 2012 წლის 23 აპრილს. 2012 წლის 23 აპრილს ლ. დ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მის მიერ 2012 წლის 17 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი სასამართლოს ჩაეთვალა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია, კერძოდ არ წარმოუდგენია საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ლ. დ-ს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს ლ. დ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი (2012 წლის 17 აპრილი,სალაროს შემოსავლის ორდერი #5054437) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.