Facebook Twitter
№ას-295-284-2012

ას-489-462-2012 2 აპრილი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე - თ. გ-ის სარჩელის გამო, მოპასუხე რ. ს-ის მიმართ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმის მასალებიდან ნათელია, რომ რ. ს-ე და მისი წარმომადგენელი რ. ლ-ე ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას (ტ.I ს.ფ.185-190).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მე-20 დღე არის 7 თებერვალი, ხოლო 30-ე დღე – 17 თებერვალი, ამდენად კასატორს შეეძლო მისულიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაებარებინა განჩინების ასლი 2012 წლის 7 თებერვლიდან 2012 წლის 17 თებერვლამდე.

საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ რ. ს-ის წარმომადგენელს რ. ლ-ეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2012 წლის 29 თებერვალს (ტ.I, ს.ფ.206). გამომდინარე აქედან, საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 18 თებერვალს.

საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.

აღნიშნული ნორმების ანალიზიდან ნათელია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყო 2012 წლის 18 თებერვალს და დამთავრდა 2012 წლის 9 მარტს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი გამოგზავნილია 2012 წლის 20 მარტს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე, 285-ე მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1 რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.