ას-506-478-2012 23 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ბ-ის ნ-ი“
წარმომადგენელი – ი. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 29 დეკემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის წარმომადგენელმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს „ნ-ის“ მიმართ. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი და შავი ზღვის დაბინძურებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის შესახებ მასალები გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 იანვრის დადგენილებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალებიდან ცალკე წარმოებად გამოეყო მასალები ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქმის წარმოება შეჩერდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებით შპს „ნ-ის“ მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შპს „ნ-ის“ დირექტორის მოგენს ჰანსენის მიმართ შეწყდა. დადგინდა, რომ მილები, საიდანაც ჩაიღვარა ნავთობპროდუქტი, იყო არა შპს „ნ-ის“, არამედ შპს „ბ-ი ო. ტ. ლტდ-ს“ საკუთრება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 იანვრის დადგენილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსმა საჩივარი შეიტანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 იანვრის დადგენილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციის შავის ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული დადგენილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 თებერვლის დადგენილებით შპს „ნ-ის“ დირექტორის მიმართ წარმოებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყდა, ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 აგვისტოს განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში განახლდა, ხოლო 2008 წლის 26 სექტემბრის საოქმო განჩინებით სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კვლავ შეჩერდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება განახლდა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ბ-ი ო. ტ. ლ.ტ.დ.“-ს დაეკისრა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 249 300 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-ის ნ-მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გაადწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ოქტომბრის განჩინების ტანახმად, საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „ბ-ის ნ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ-ის ნ-მა“ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის გამოსასწორებლასდ მიეცა 5 დღის ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მის გამოსასწორებლასდ მიეცა 5 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს – ი. გ-ეს ჩაბარდა 2012 წლის 7 აპრილს. შესაბამისად, კასატორს სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა 2012 წლის 12 აპრილს ამოეწურა. აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული. აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 396-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს „ბ-ის ნ-ი“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;