ას-508-480-2012 18 აპრილი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კნ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კნ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ბ-ის მიმართ ეზოს საზღვრის თვითნებური დემონტაჟით გამოწვეული ზიანის – 3103,60 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და ექსპერტიზის ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2010 წლის 24 სექტემბერს მოპასუხემ თვითნებურად დაანგრია ეზოს გასამიჯნად შემოსაზღვრული მავთულბადე, ამავე წლის 27-28 ოქტომბერს კი, საძროხე, საღორე და საპირფარეშო, რაც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, ექსპერტიზის აქტით დასტურდება, რომ, მოპასუხის მიერ განხორციელებული თვითნებური დემონტაჟის გამო, მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რომელის ოდენობამაც 3103,60 ლარი შეადგინა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხეს დემონტაჟი თვითნებურად არ განუხორციელებია, არამედ, მან მიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სასაზღვრო მიჯნის განსაზღვრის მოთხოვნით. ადმინისტრაციულმა ორგანომ მისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელა დისკრეციული უფლებამოსილება და მოსარჩელეს გარკვეული ვალდებულების შესრულება დაავალა, აღნიშნული აქტზე ხელმოწერით დაადასტურა რესპლივა ბ-მა, მოპასუხემ დაანგრია მხოლოდ უკანონოდ, ყოველგვარი სანიტარული ნორმებისა და ნახაზის გარეშე აგებული საძროხე, საღორე და საპირფარეშო, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას მტკიცებულებად, რადგანაც ამ დოკუმენტში, მართალია, ზიანზეა საუბარი, თუმცა ეს არამართლზომიერი ქმედებით მიყენებული არ არის, ამასთანავე, ზიანი მოსარჩელის კუთვნილ, საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ქონებას არ მიდგომია, არამედ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოხდა მხოლოდ იმ ანტისანიტარიის, შემქმნელი უკანონო ნაგებობების დემონტაჟი, რომელიც ხელყოფდა კ. ბ-ის საკუთრებას.
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კ. ბ-ს კნ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 3103 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-მა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს აპელანტმა (მოპასუხე) კ. ბ-მა თივითნებურად დარღვია მისი და კნ. ბ-ის (მოსარჩელე) ეზოებს შორის ბეტონჩასხმული ღობე, დაანგრია კაპიტალური ბოსელი, საღორე და საპირფარეშო. მხარეები ცხოვრობენ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლ-ში, ფ-ას ქუჩაზე, ერთმანეთის მეზობლად. საქმეში არსებული, ზუგდიდის რეგიონალური სავაჭრო–სამრეწველო პალატის შპს „ზ-ის“ 2011 წლის 16 მარტის ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დანგრეულია ეზოებს შორის ბეტონჩასხმული შემოკავების მავთულბადე, საძირკვლიანად აყრილია 9 გრძივი მეტრი, მონგრეულია 30 გრძივი მეტრი „ცოკოლი“, მოხსნილია 4 მმ-იანი მავთულბადე 40 გრძივ მეტრზე, დანგრეულია კაპიტალური ბოსელი (საძროხე) ზომით 6,0X4,0 მეტრზე 2,4 მეტრი სიმაღლით, კაპიტალური საღორე 2,2X2,0 მეტრზე და სიმაღლით 1,20 მეტრი, კაპიტალური საპირფარეშო 1,8X1,8 მეტრზე, სიმაღლით 2,20 მეტრი მონოლითური რკინა-ბეტონის გადახურვით. კნ. ბ-ის საკუთრებაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-ში მდებარე 3000 მ2 მიწა, რომელზეც მდებარეობდა დანგრეული კაპიტალური ბოსელი, საღორე და საპირფარეშო. აპელანტ (მოპასუხე) კ. ბ-ს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ კნ. ბ-ის კაპიტალური ბოსელის, საღორისა და საპირფარეშოს დანგრევა, სამეზობლო ღობის მორღვევა, რომელიც კნ. ბ-ის ეზოში არსებობდა ათეული წლების განმავლობაში. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 326-ე, 174-ე მუხლებით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, 992-ე მუხლით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, 409-ე მუხლით და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ჩათვალა, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა კნ. ბ-ის სარჩელი, შესაბამისად, მოპასუხე კ. ბ-ს (აპელანტს) სწორად დააკისრა ზიანის ანაზღაურების მიზნით კნ. ბ-ის სასარგებლოდ 3103 (სამი ათას ას სამი) ლარის გადახდა, რადგანაც სახეზე იყო კ. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება და ამ ქმედებით კნ. ბ-ისათვის მიყენებული ზიანი. აპელანტის ქმედება არ გამომდინარეობდა არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო ვალდებულებიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ბ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ განჩინების გამოტანისას სრულყოფილად არ შეისწავლა საქმის მასალები და არ იმსჯელა სადავო გარემოებებზე, რადგანაც დადგენილია, რომ მოსარჩელე ქონების მესაკუთრე 2011 წლის 30 მარტიდან გახდა, ანუ მას შემდეგ, რაც განხორციელდა სადავო ნაგებობების დემონტაჟი, ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, ამ მოსაზრების განვრცობის შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელე იყო კომლის წევრი და მას უფლება ჰქონდა ედავა ზიანის ანაზღაურებაზე, ამავე ლოგიკით, მოსარჩელის დედას – რ. ბ-ი ასევე უფლებამოსილი პირი იყო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რადგანაც ის ქონების მართლზომიერ მფლობელს წარმოადგენდა და უფლებამოსილი იყო განეკარგა მისი უფლებები საცხოვრებელ და დამხმარე ფართებთან მიმართებაში. სასამართლოს არ უმსჯელია და შეფასება არ მიუცია საქმეში არსებულ პოლიციის მიერ შედგენილი გამოკითხვის ოქმებისათვის, სადაც აღნიშნულია რ. ბ-ის თანხმობა მოპასუხის მიერ სადავო ნაგებობების დემონტაჟზე. სასამართლოს არ გამოუკვლევია მოსარჩელის უფლებოსილების საკითხი, კერძოდ, ზიანის მიყენების დროისათვის წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე პირს, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა ქონების დემონტაჟით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. კასატორის განმარტებით, სასამართლოს შეფასება უნდა მიეცა შემდეგი საკითხებისათვის: ა) როდის გახდა კნ. ბ-ი მესაკუთრე, ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე მოსარჩელეს, როგორც კომლის წევრს, რა უფლებამოსილებანი გააჩნდა სადავო ქონებასთან მიმართებით, გ) რ. ბ-ის სამართლებრივი სტატუსი და უფლებამოსილება სადავო ქონებაზე, დ) კასატორის ქმედების მართლზომიერება. სასამართლომ განჩინების გამოტანისას დაარღვია კანონი, რადგანაც არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე და 409-ე მუხლები, ხოლო არ გამოიყენა ამავე კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლები კასატორსა და რ. ბ-ს შორის გამოვლენილი ნების მართლზომიერების გამორკვევის მიზნით. კასატორმა სადავოდ მიიჩნია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა მოპასუხის მიერ ნაგებობათა დამონტაჟის თვითნებურად განხორციელების თაობაზე, რადგანაც აღიშნული საქმის მასალებით არ დასტურდება, ამასთანავე საყურადღებოა მას და რ.ბ-ს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტი, რომელზეც ხელს რ.ბ-ი, როგორც კომლის წევრი ისე აწერს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისას რ.ბ-ი მონაწილოებას იღებდა კ.ბ-ის წარმომადგენლის სახით.
კ. ბ-მა ასევე წარმოადგინა და საკასაციო საჩივარს დაურთო მტკიცებულებები.
კასატორმა საქმის განხილვის პროცესში განცხადებით მომართა სასამართლოს და მიუთითა საკასაციო საჩივარში დაშვებულ ტექნიკურ უსწორობაზე, ამასთან, საკასაციო საჩივრის დამატებით საფუძვლად მიუთითა ასევე, რომ საქმეში არ არის, ან არასრულყოფილი სახითაა წარმოდგენილი სასამართლო სხდომის ოქმი, რომელიც გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების უტყუარი წინაპირობა განხდებოდა, აღნიშნულის თაბაზე მითითებული იყო სააპელაციო წესით საქმის განხილვისასაც, თუმცა, სააპელაციო პალატამ, ნაცვლად მითითებული დარღვევის გამორკვევისა, თავადვე დააღვია კანონი, საპროცესო ნორმათა მოთხოვნები და გააყალბა სააპელაციო პალატის სხდომის ოქმი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 4 აპრილის განჩინებით კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ კ. ბ-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თამარ ყოლბაიას მიერ 2012 წლის 20 მარტს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრსა და 2012 წლის 17 აპრილის №ა-1606-12 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, პალატა თვლის, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდს მის მიერ საკასაციო საჩივარსა (ს.ფ. 229-230; ს.ფ. 232) და 2012 წლის 17 აპრილის №ა-1606-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ კ. ბ-ს (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით თამარ ყოლბაიას მიერ 2012 წლის 20 მარტს №1 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. კ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარსა (ს.ფ. 229-230; ს.ფ. 232) და 2012 წლის 17 აპრილის №ა-1606-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.